ავტორი:

"კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ იდგა საწვავის ფასების შესახებ აქციების უკან" - ირაკლი კობახიძე

"კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ იდგა საწვავის ფასების შესახებ აქციების უკან" - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრემიერმა ფაქტის კონსტატაცია მოახდინა, როდესაც დღეს საწვავის ფასების თაობაზე აქციის ორგანიზებაში "ნაციონალური მოძრაობა“ დაადანაშაულა.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, რომ ამ აქციების უკან სწორედ "ნაციონალური მოძრაობა“ იდგა.

"ამას შეფასება არ სჭირდება, რაც პრემიერმა თქვა, ეს არის არა შეფასება, არამედ ფაქტის კონსტატაცია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყო ეს აქციები ორგანიზებული. ეს აქციები იყო სისტემურად ორგანიზებული არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც. ასეთ დროს ისედაც ვიცით, რომ კონკრეტული ძალები დგანან ხოლმე უკან. ამ შემთხვევაში, კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ "ნაციონალური მოძრაობა“ იდგა ამ აქციების უკან“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება საწვავის ფასებს და ინფლაციას, ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლება მუშაობს.

"ეს ძალიან მტკივნეული საკითხია ჩვენი მოსახლეობისთვის, რაც პრობლემაა და გამოწვევას წარმოადგენს და რაზეც საქართველოს მთავრობა ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ეს არის საერთო პრობლემა იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად, ნავთობზე სერიოზულად არის ფასები გაზრდილი. ყველა ქვეყანაში არის ეს პრობლემა, მათ შორის საქართველოშიც. ეს არის გლობალური ტრენდის შედეგი. თუ რაიმე შეუძლია გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ფასების დაწევას ხელი შეუწყოს, მერწმუნეთ, ამას გავაკეთებთ, ამით ობიექტურად ვართ დაინტერესებული. ძალისხმევას არ დააკლებს მთავრობა იმას, რომ რამენაირად ფასების დაწევა მოხერხდეს როგორც ნავთობპროდუქტებზე, ასევე ნებისმიერ სხვა პროდუქტზე“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა გავლენა ფასებზეც იქონია.

"როდესაც საუბარია სანქციებზე, რის დაწესებისკენაც ოპოზიცია მოგვიწოდებს, სანქციები პირდაპირ არის დაკავშირებული არა მხოლოდ იმასთან, რომ ექსპორტი შეიზღუდება, ეს ასეთი სანქცია პირდაპირ აისახება პირველ რიგში ფასებზე, ინფლაციაზე და ასევე კურსის დევალვაციაზე. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ომის საფუძველზე წარმოიქმნა, მინიმალურად შეეხოს საქართველოს მოსახლეობას, თუმცა, სამწუხაროდ, არის პროგნოზი, რომ ნეგატიური ეფექტი ყველა შემთხვევაში იქნება“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საწვავის ფასის ზრდასთან დაკავშირებით გუშინ გამართული საპროტესტო აქცია "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ მოქალაქეები საწვავის ფასების და ინფლაციის საკითხზე შეცდომაში შეიყვანონ.