ავტორი:

"ახლა მაინც ხომ დაინახეთ რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს?... სარკოზი მეუბნებოდა, წაგიყვან თუ არადა ხვალ მოგკლავენო. ვუთხარი, რაც უნდათ, მიქნან" - სააკაშვილი

"ახლა მაინც ხომ დაინახეთ რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს?... სარკოზი მეუბნებოდა, წაგიყვან თუ არადა ხვალ მოგკლავენო. ვუთხარი, რაც უნდათ, მიქნან" - სააკაშვილი

ახალგაზრდებს მინდა მივმართო, 14 წელი გიყვებოდნენ, რომ სააკაშვილი არის კაციჭამია, შემომხედეთ ერთი, მე ვარ კაციჭამია თუ ეს მთავრობა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ, -ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, "ქართული ოცნება“ ხელისუფლებას აუცილებლად ჩამოშორდება.

"მე და სანდრა ახალგაზრდობიდან ვოცნებობდით გუდაურში სახლი გვქონოდა. ამათ ყველას აქვთ, რამდენიმეს ყოველ შემთხვევაში მთელი სასტუმრო. რომელი ხალხის ხარჯზე არის ეს? აი, ამ ხალხის ხარჯზეა. მეგობრებო, თქვენ 10 ლარი რომ გაგიხადონ ბენზინი, ამათთვის სულერთია იმიტომ, რომ თქვენი ჯიბიდან რიცხავენ. პროდუქტები რამდენჯერაც არ უნდა გაგიძვირდეთ, ამათთვის სულერთია, რადგან თქვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ყიდულობენ პროდუქტებს. ნუ გეშინიათ პოლიციის, გაისვრიან ერთი-ორჯერ რეზინის ტყვიას, შევაჩერებთ. შეეცდებიან დარბევას? შევაჩერებთ, ნუ გეშინიათ!

პარტიები, სააკაშვილი აქ არაფერ შუაში არ არის. დაივიწყეთ ყველაფერი ეს. მათი რეპრესიული აპარატის, რეზინის ტყვიების, რუსული მეთოდების მიუხედავად, ჩვენ ვიქნებით ბევრი, ვიქნებით ყველგან, უკან არ დავიხევთ და მათ ხელისუფლებას აუცილებლად ჩამოვაშორებთ, პირნათელი წარვდგებით უკრაინელი ხალხის, მსოფლიოს წინაშე.

ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს, ცხინვალს იმიტომ, რომ როდესაც ვლაპარაკობთ ირპენზე, მე ვფიქრობ გაგრაზე და სოხუმზე, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ხერსონზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ ახალგორსა და ცხინვალზე. ჩვენ მშვიდობიანად დავიბრუნებთ მას იმიტომ, რომ ჩვენი საზღაური სისხლი იღვრება უკრაინაში ჩვენი მებრძოლების მიერ.

ახალგაზრდებს მინდა მივმართო, 14 წელი გიყვებოდნენ, რომ სააკაშვილი არის კაციჭამია, შემომხედეთ ერთი, მე ვარ კაციჭამია თუ ეს მთავრობა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ. თქვენ 14 წელი საჭმლის, განათლების, პერსპექტივის მაგივრად გაჭმევენ პროპაგანდას და სიბინძურეს. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ვინ ვარ მე და რა მაქვს გაკეთებული, ახლა მაინც ხომ დაინახეთ რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს? ეს მთავრობა რომ ყოფილიყო იმავე წუთში გაიქცეოდა, მე რომელსაც სარკოზი მეუბნებოდა, წაგიყვან თუ არადა ხვალ მოგკლავენო, ვუთხარი, რაც უნდათ მიქნან. პრეზიდენტის სასახლიდან ტანკები 15 წუთის სავალში იდგნენ“,-განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის დროს ქართული სახელმწიფოებრიობის გადარჩენა შეძლო.

"სახელმწიფო, რომელიც გადავარჩინე, ამათ ჩაუვარდათ ხელში, მაგრამ იცოდეთ, ჩვენ კიდევ გვყავს ახალგაზრდობა, მიშას თაობა, კიდევ გყავს ძალიან ბევრი გაბედული ადამიანი საქართველოში, ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ!

ჩემი პატიმრობის ყოველი დღე მსოფლიოს და საქართველოს ისტორიის თვალში არის სირცხვილი. სასამართლო, რომელიც სააკაშვილს ასამართლებს, თავისთავად ტერმინი არის სასაცილო მას შემდეგ, რაც ჰააგამ, სტრასბურგმა, ჰოლანდიის სასამართლომ ბოლომდე გამამართლა, რა უფლება გაქვთ გამასამართლოთ? ეს არის თქვენი სამართალი იმიტომ, რომ თქვენ არ ხართ არც სასამართლო და არც პროკურატურა. თქვენ ხართ ერთი გაუნათლებელი, ბნელი, რუსეთის "შნირი" ოლიგარქის ჩვეულებრივი წარმომადგენელი. ამიტომ, ვდგავართ მაგრად და ვიბრძვით ბოლომდე, ჩვენ უკან არ ვიხევთ, გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს უკრაინას, დიდება გმირებს!“,-განაცხადა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის ამ განცხადებას სასამართლო სხდომაზე მყოფი სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ აპლოდისმენტები მოყვა.

ასევე იხილეთ: