როგორც ირკვევა, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, უკრაინის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების მორიგი რაუნდი ხვალ, 29 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ სააგენტო "ინტერფაქს-უკრაინას" აცნობა უკრაინის დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ფრაქცია "ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიამ.
მისი ინფორმაციით, უკრაინის დელეგაცია თურქეთისკენ უკვე გაემგზავრა, თუმცა, ლოჯისტიკური სირთულეების გამო, სტამბოლში დღეს, გვიან ჩავა.
"ჩვენ ჯერჯერობით გზაში ვართ. ლოჯისტიკური პრობლემების გამო ჩვენი ჩასვლა საკმაოდ დაგვიანდება, მეტიც, ალბათ ძალიან დაგვიანდება. ისინი (რუსეთის დელეგაციის წევრები - ambebi.ge) უკვე გაფრინდნენ ნახევარი საათის წინ. ალბათ ადგილზე იქნებიან სადღაც 21 საათისთვის, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეს ჩავალთ, ხვალ კი 10 საათიდან დავიწყებთ მოლაპარაკებებს", - განუცხადა სააგენტოს დავით არახამიამ. მანამდე მან განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართებოდა 28-30 მარტს.
უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება 28 თებერვლიდან დაიწყეს. რამდენიმე რაუნდი ბელარუსის ტერიტორიაზე გაიმართა, შემდეგ კი, მოლაპარაკება ონლაინრეჟიმში გრძელდებოდა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი.
იხილეთ ასევე: