ავტორი:

უარი რუსეთს - "დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსების საფასურს რუბლით არ გადაიხდიან

უარი რუსეთს - "დიდი შვიდეულის" ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსების საფასურს რუბლით არ გადაიხდიან

"დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე, - აღნიშნული განცხადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, "დიდი შვიდეულის“ ყველა მინისტრი ერთსულოვანი იყო, რომ ეს არის არსებული ხელშეკრულებების ცალმხრივი და აშკარა დარღვევა.

"რუბლით გადახდა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ დაზარალებულ კომპანიებს, არ დაემორჩილონ პუტინის მოთხოვნას“, - აღნიშნა ჰაბეკმა.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრის საპასუხოდ, ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ივან აბრამოვმა აღნიშნა, რომ "დიდი შვიდეულის“ უარი "აუცილებლად გამოიწვევს გაზის მიწოდების შეწყვეტას“.

შეგახსენებთ, გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "არამეგობრულ" ქვეყნებს ნავთობისა და გაზის საფასურის რუბლში გადახდა მოსთხოვა.

"დიდი შვიდეული“ მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებს წარმოადგენენ, მასში კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები შედიან. ყველა ეს ქვეყანა რუსეთის მიერ "არამეგობრული ქვეყნების სიაშია“ შეყვანილი.