ავტორი:

"ეს ქალაქი მიხსნის უბედურებისგან“ - უკრაინელი ნატაშა კარალიოვა რუსეთშია და დუმს, მისი და კი სამშობლოს დახმარებას ცდილობს: გაყოფილი ოჯახი და მათი ტრაგედია

"ეს ქალაქი მიხსნის უბედურებისგან“ - უკრაინელი ნატაშა კარალიოვა რუსეთშია და დუმს, მისი და კი სამშობლოს დახმარებას ცდილობს: გაყოფილი ოჯახი და მათი ტრაგედია

რუსულ შოუ-ბიზნესში დიდი არეულობაა. მოგეხსენებათ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ვარკვლავების ნაწილმა ღიად განაცხადა, რომ ისინი მხარს არ უჭერდნენ იმ ჯოჯოხეთს, რაც მათმა პრეზიდენტმა უკრაინაში დაატრიალა. ომს, რომელსაც დღემდე კრემლის მედია "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს.

ქვეყანაში შეიქმნა შავი სიები, სადაც ის მომღერლები, მსახიობები და ტელეწამყვანები მოხვდნენ, რომლებმაც რუსეთის შეჭრას უკრაინაში ომი უწოდეს და პუტინს მისი შეჩერებისკენ მოუწოდეს. რუსი ვარსკვლავების ნაწილმა ვერ გაუძლო იმ წნეხს, რაც კრემლმა მათ მოუწყო და ქვეყანა ჩუმად დატოვეს.

ისინი კი, ვინც პუტინის მხარდამჭერები არიან, ქვეყნის ტერიტორიაზე კონცერტების გამართვას აგრძელებენ და ღიად უჭერენ მხარს თავიანთ პრეზიდენტს. მათ შორის არიან ისეთი ცნობილი მომღერლები როგორებიცაა, დიმა ბილანი, ფილიპ კირკოროვი, ოლეგ გაზმანოვი და სხვები.

თუმცა ქვეყანაში არის მომღერლების მესამე კატეგორია, რომლებიც უბრალოდ დუმილს ამჯობინებენ, მათ შორის ქართველი შემსრულებლებიც არიან, სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერდწითელი, ია ნინიძე, დიანა ღურწკაია, მაგრამ უკრაინელებისთვის განსაკუთრებულად საწყენია, რომ რუსეთში მოღვაწე უკრაინული წარმოშობის მომღერლების ნაწილი არ აპროტესტებენ რუსი სამხედროების შეჭრას.

  • მაგალითად, ქართველებისთვის ცნობილი და რუსებისთვის განსაკუთრებულად საყვარელი მომღერალი ნატაშა კარალიოვა უკრაინიდან არის, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომზე არაფერს ამბობს, დუმს და სამშობლოში რუსების შეჭრაზე კომენტარს არ აკეთებს.

ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელდა არაერთი ჭორი. ერთ-ერთის მიხედვით, "მდუმარე“ ნატაშა კარალიოვა რუსეთიდან მაიამიში დედასთან გაიქცა. თუმცა, გუშინ მომღერალი "ტელეგრამის" საკუთარ არხზე გამოჩნდა და ჭორები წასვლის შესახებ უარყო.

ვარსკვლავმა დაწერა, რომ თავის "საყვარელ ქალაქ სანქტ-პეტერბურგში" იმყოფება, რომელიც "ყოველთვის იხსნის ყველა უბედურებისგან“.

  • "როგორც ჩანს, კარალიოვას რაღაც აწუხებს. შესაძლოა ნანობს, რომ დუმს სისხლისღვრაზე, ან ცუდად გრძნობს თავს რუსეთში შაქრის გაძვირების გამო. სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცნობია, რატომ არის ავად დედოფალი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის მალე გაიღვიძებს და საბოლოოდ ალაპარაკდება“ - ასე გამოეხმაურა კარალიოვას ბოლო პოსტს უკრაინული მედია.

სხვათა შორის, სანამ რუსული ესტრადის დედოფალი დუმს, მისი უფროსი და ირინა, რომელიც ცნობილია როგორც მომღერალი რუსია, აქტიურად გამოხატავს თავის პოზიციას და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს.

ნატაშა კარალიოვა და მისი და, ირინა

ომის დაწყებიდან ირინა "ინსტაგრამზე" უკრაინის მხარდამჭერ პუბლიკაციებს აქვეყნებს და მსოფლიოს უკრაინელების დახმარებისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ საქმე ეხება სრულმასშტაბიან ომს, რომელიც უკრაინაში რუსეთმა დაიწყო.

კარალევას და, ერთ დროს ძალიან პოპულარული მომღერალი იყო. სწორედ ის ითვლება დამოუკიდებელი უკრაინის პირველ პოპ მომღერლად. დასთან, ნატაშასთან ერთად, გასტროლებზე ხშირად დადიოდა და მათ პროგრამას ერქვა "ორი და...“

ბევრმა არ იცის, რომ ნატაშას და ირინა ცერებრალური დამბლით დაავადებული შვილის გამო ძალიან ბევრს შრომობდა. შვილისთვის მკურნალობის თანხის მოსაგროვებლად მომღერალი დღეში რამდენჯერმე გამოდიოდა სცენაზე. სამწუხაროდ, ბავშვის გადარჩენა ვერ მოახერხა და მისი გარდაცვალების შემდეგ კარიერა დაასრულა.

დები კარიერის ადრეულ ეტაპზე

დიდი ხანია, ირინა ოჯახთან ერთად მაიამიში ცხოვრობს და ჩაკეტილი ცხოვრება აქვს. 90-იანი წლების ვარსკვლავი ქალიშვილს ზრდის და მისმა ძველმა ჰიტმა "Borrowed (Ne stіy pіd vіknom)“ ომის დაწყების შემდეგ ახალი სიცოცხლე შეიძინა და პოპულარული გახდა TikTok-ის მომხმარებლებში. მის ვიდეოებს ათასობით უკრაინელი აქვეყნებს.

ნატაშა კარალევა თუ დუმს, მისი მესამე ქმარი სერგეი გლუშკო იგივე "ტარზანი" პოლიტიკურ ექსპერტად იქცა. ის მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას და ამას არც მალავს.