ნატოს ქვეყნებს არ სურთ ჩვენთვის ტანკებისა და თვითმფრინავების გადმოცემა, რადგან რუსეთის ეშინიათ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო ლიდერებიდან ყველაზე მეტად უკრაინას დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრი ბორის ჯონსონი დაეხმარა.
ზელენსკიმ ასევე დადებითად ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ.გერმანიაზე საუბრისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანა ცდილობს ბალანსი იპოვოს უკრაინასა და რუსეთს შორის.
"მათ ხანგრძლივი ურთიერთობა აქვთ რუსეთთან და ისინი არსებულ ვითარებას უყურებენ ეკონომიკის პრიზმიდან. მათ შეუძლიათ დახმარება, თუკი ქვეყნის შიგნით იქნება ზეწოლა და შეძლებენ გაჩერდნენ, თუკი ჩათვლიან, რომ მათ მიერ გაკეთებული უკვე საკმარისია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
კითხვაზე, ისეთი ლიდერები როგორიც საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონია, რატომ არ აძლევენ უკრაინას ტანკებს, ზელენსკიმ უპასუხა: "მათ რუსეთის ეშინიათ. სულ ეს არის“.
ზელენსკის თქმით, რუსეთს დიდი საცეცხლე ძალა აქვს, ასევე უამრავი საბრძოლო მანქანები ჰყავს, რომლებიც "მოდიან და მოდიან."
"არის ქალაქები, სადაც იმდენი ტანკია, სატანკო საცობებია შექმნილი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ისაუბრა სანქციებზეც, თქმით, "SWIFT“-დან სრული გათიშვა და რუსულ ნავთობსა და გაზზე ემბარგო არ დაწესებულა.
უკრაინის პრეზიდენტმა ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით რუსეთის მუქარებზეც ისაუბრა და თქვა, რომ დასავლეთისთვის გადამწყვეტია საკითხი, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ქიმიურ იარაღს.
"დააყენეთ თავი ჩვენ ადგილას და იმოქმედეთ პრევენციულად. ჩვენ გვესმის, რომ გადაწყვეტილება დამოკიდებულია საკითხზე, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ქიმიურ იარაღს. ეს არასწორი მიდგომაა. ჩვენ ზღვის გოჭები არ ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.