ავტორი:

"ჩვენ ან მოვიგებთ ამ ომს, ან ყველა დავიხოცებით, მაგრამ არასოდეს ვიცხოვრებთ დემონის მონობაში! ვგრძნობთ, როგორ ლოცულობს საქართველო ჩვენთვის!" - ინტერვიუ უკრაინელ მხატვართან

"ჩვენ ან მოვიგებთ ამ ომს, ან ყველა დავიხოცებით, მაგრამ არასოდეს ვიცხოვრებთ დემონის მონობაში!  ვგრძნობთ, როგორ ლოცულობს საქართველო ჩვენთვის!" - ინტერვიუ უკრაინელ მხატვართან

ჩემს კიეველ უკრაინელებზე ბევრჯერ დამიწერია, მოყოლებული იმ დღიდან, როდესაც 2010 წელს, პირველად შევხვდი თბილისში, ქაშვეთის ტაძრის ეზოში. თავად კი პირველად 2008 წელს ჩამოვიდნენ თბილისში, სამნი, არ დამიჯერებთ და, მათი მეგზური ერთ-ერთის - ანა კოჟინოვას წინასწარმეტყველური სიზმარი იყო, რუსეთ-საქართველოს შესაძლო ომზე, სიზმარი, რომელიც, სამწუხაროდ, ახდა. მას შემდეგ ლამის ყოველ წელს ჩამოდიან, უკვე მეგობრებთან ერთად, აქ ჰყავთ მოძღვარი, აქ იწერენ ჯვარს, აქ ნათლავენ შვილებს და ნათლიადაც ქართველები ჰყავთ. თავად მე ორი პატარა გოგონა მოვნათლე - ვერა და მარიამი, ვერას დედიკოს მეჯვარეც ვარ. შესაბამისად, მიმიხვდებით, რას შეიძლება განვიცდიდე, როდესაც უკრაინაში ასეთი საშინელი ამბები ხდება. ახლა დედები თავის პატარა შვილებთან ერთად კიევთან ახლოს, სოფელში იმყოფებიან, შედარებით სამშვიდობოს, თუმცა მათი ოჯახების წევრები კიევში დარჩნენ და მშვიდი დღეები, ცხადია, ვერავის ექნება. ჩემი ნათლულის - ვერას დედიკო მარია პოლიშჩუკი ნიჭიერი მხატვარი და შესანიშნავი ადამიანია. მაშასთან ინტერვიუს ჩაწერა მისივე ბოლო პერიოდის ნამუშევრებმა გადამაწყვეტინა - "ვედრება“, "უძლეველი“ და კიდევ ერთი ნახატი, ჯერჯერობით უსათაურო, ომების ნაყოფია, ხოლო პირველი მათგანის უკანასკნელი შტრიხები 2014 წელს სწორედ საქართველოში გაკეთდა. ყველა ნამუშევარს საკუთარი ისტორია აქვს, თუმცა მათზე საუბარი და ჩემს კითხვებზე პასუხების მოწერა მაშას ძალიან გაუძნელდა, - მიჭირს წერა, აზრების თავმოყრა... ვიწყებ და მაშინვე ვმძიმდები, მაგრამ ვწერ, ოღონდ ნელაო. და მაინც, მაშამ სიტყვა შეასრულა და ნახატების ისტორიას ომთან დაკავშირებული განცდების პარალელურად მოგვიყვება:

- ერთი მხრივ, ომი ძალიან მოულოდნელად დაიწყო, მეორე მხრივ კი, ქვეცნობიერად ვგრძნობდით, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა. ბოლო კვირების განმავლობაში ბევრი ჩვენგანი ნახულობდა შემაშფოთებელ სიზმრებს, ვრეაგირებდით ყველანაირ უჩვეულო ხმაზე. მაგალითად, ჩემი დაქალი ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად, დილის 4 საათზე უნებლიეთ იღვიძებდა და ფანჯარასთან მიდიოდა, კიევს ხომ არ ბომბავენო. ახლა უკვე ვხვდები, რომ ადამიანები გრძნობდნენ, რა მოხდებოდა, გრძნობდნენ ომის დაწყებას.

"უძლეველი“

ჩემი ნახატი - "უძლეველი“ ზუსტად მაშინ "დაიბადა“, როცა ყველაზე მეტად არ მინდოდა დაჯერება, რომ ომი მაინც დაიწყებოდა. დავდიოდით კაფეებში, ბავშვები სხვადასხვა წრეზე დაგვყავდა, სამომავლო გეგმებს ვაწყობდით, მაგრამ ჰაერი, თითქოს სხვაგვარად იყო დამუხტული. ომის დაწყებამდე, ბოლო მშვიდობიან საღამოს, მე და ჩემმა მეუღლემ საღამოს კიევში გავისეირნეთ. ისეთი მშვიდი და ლამაზი იყო ყველაფერი, რომ გავიფიქრე კიდეც, ნუთუ შეიძლება ჩემი ქალაქი მართლაც დაინგრეს-მეთქი, დილით კი უკვე აფეთქებების ხმამ გაგვაღვიძა. ფანჯარას მივვარდი და აფეთქებისგან განათებული ჰორიზონტი დავინახე. ქუჩას გადავხედე და იქ უკვე მეზობლები, ბავშვებით ხელში, მანქანებისკენ გარბოდნენ. ტელეფონი გაუთავებლად რეკავდა. ჩემი დისგან შეტყობინება მომივიდა, - მის სოფელშიც ისმოდა, თურმე, აფეთქებების ხმა, არადა, სოფელი კიევიდან 150 კილომეტრშია. ჩემს პატარა გოგონას ჯერ კიდევ ეძინა, მე კი ვერაფრით ვიაზრებდი, რა ხდებოდა და რა უნდა გამეკეთებინა. ის დილა არასოდეს დამავიწყდება.

დღეს ვუყურებ ჩემს პატარა ქალიშვილს, რომელიც მშობლიური სახლიდან შორს ფერად ცისარტყელას ხატავს და მახსენდება საკუთარი თავი, პატარაობისას - გოგონა, რომელმაც ზუსტად იცოდა, რომ მხატვარი გამოვიდოდა. ჩემი სამხატვრო სკოლა კიევში, დნეპრის სანაპიროს მეორე მხარეს იყო, ამ გზის გავლას ყოველდღიურად საათნახევარი მაინც სჭირდებოდა. ეს ჩემი ბავშვობის მოგონებებია. ახლა კი, როცა ვუყურებ ტელეანძის აფეთქების კადრებს, რომლის შორიახლოსაც მდებარეობს ჩემი სამხატვრო სკოლა, ბედის ირონიით, უკრაინისთვის მებრძოლი ტარას გრიგოლის ძე შევჩენკოს სახელს რომ ატარებს, ტკივილით გული მეგლიჯება, ხალხის დაკარგვისა და მშობლიური ქალაქის დანგრევის გამო.

მარია და მისი ქალიშვილი ვერა "ღვთისმშობლის მზერაზე" მუშაობისას

როცა ადამიანს რაღაც ძალიან უყვარს, როგორც, მაგალითად, მე მიყვარდა ხატვა, მისი შეჩერება შეუძლებელია, ამიტომაც გავხდი მხატვარი. და ამიტომაც შეუძლებელია ჩვენი უკრაინელების შეჩერება - მტერი არა მარტო ანგრევს ჩვენს ქალაქებს და ხოცავს ჩვენს ხალხს, ის ანადგურებს ჩვენი ისტორიის ფასდაუდებელ, უძვირფასეს ნაწილებს - როგორც მთელი უკრაინის, ასევე - თითოეული ადამიანისას. ქალაქი, ხომ, გაჯერებულია უბრალო ადამიანების მოგონებებით?! რა დაამახსოვრება ჩემს პატარა ქალიშვილს? - ცისარტყელა, რომელიც მან დახატა თუ ხმა მოიერიშე თვითმფრინავების, რომლებიც ყოველდღე დაფრინავენ ჩვენს თავზე?! ჩემი ბებია მეორე მსოფლიო ომის დროს ძალიან პატარა ყოფილა. მას ყველაზე მკაფიოდ სწორედ ამგვარი აფეთქებების ხმა ახსოვდა და რაღაც ხნის შემდეგ, ომისშემდგომ, რთულ პერიოდში, როდესაც ცხოვრებაში პირველი თოჯინა აჩუქეს - 9 წლის ასაკში, პირველი, იცი, რა გაიფიქრა, თურმე? - ომი თუ დაიწყება, თოჯინა სადმე უნდა გადავმალოო.

- ნახატი "უძლეველი“ ამ ომს მიუძღვენი?

- ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე დავხატე. ეს გამოსახულება უცებ წამომიტივტივდა გონებაში და შეუძლებელი იყო, არ დამეხატა. როდესაც ვხატავდი, ვერც დავიჯერებდი, რომ ომი მაინც იქნებოდა. მაგრამ წარმოსახვა იმდენად ძლიერია, თითქოს, თავისით "გეხატინება“. მე მხატვარი ვარ და ჩემი ნამუშევრის სიტყვებით აღწერა ნაკლებად მეხერხება, სურათები თავად უნდა ამბობდნენ სათქმელს. რასაც სიტყვებით ვერ აღვწერ, მას სურათებად ვქმნი. "უძლეველის“ ქვედა ნაწილში ცეცხლმოკიდებული უკრაინის მიწაა გამოსახული, ზემოთ კი დედა-უკრაინა ლოცულობს; ქვემოთ ბოროტება მძვინვარებს, მაგრამ ნათელი გაიმარჯვებს, სინათლე ყოველთვის დგება, გაზაფხული ყოველთვის მოდის! ასე რომ, ამ ნახატში ზემოთ ნაჩვენებია, რომ ძახველი აყვავდა და მალე ინათებს კიდეც. მაშასადამე, უკრაინა უძლეველია, რადგან სინათლე ჩვენთანაა, ჭეშმარიტება ჩვენკენაა, ღვთისმშობელი ჩვენთანაა!

ახლა თავისუფლებისთვის დაუნდობელ ბრძოლაში ვართ, მაგრამ ჩვენთვის ეს არც უბრალოდ სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლაა და არც მხოლოდ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, აქ ლაპარაკია მთელი ჩვენი უკრაინული სულის გათავისუფლებაზე ბოროტებისგან, იმ უიმედო სიბნელისგან, რომელმაც შებოჭა რუსული სულები, იმ დემონისგან, რომელმაც შეურაცხყო ყველა ადამიანური ღირებულება. როგორც უკრაინელი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პოლიტიკოსი სვიატოსლავ ვაკარჩუკი ამბობს სიმღერაში "სხვისი ომი“- "და უკოცნიდნენ ხელებს სიცრუეს, მშვიდი ღამეები ანაცვალეს დღეებს", სიცრუეს შიშით არ ვეთაყვანებით, აღარ გვეშინია! ჩვენ ან მოვიგებთ ამ ომს, ან ყველა დავიხოცებით, მაგრამ არასოდეს ვიცხოვრებთ დემონის მონობაში! ამიტომ - ჩვენ უძლეველები ვართ!

ვიდრე "უძლეველს“ ვხატავდი, უკვე ახალი სახეები ჩნდებოდა გონებაში, მაგრამ მათი დასრულება ვერ მოვასწარი. ერთ-ერთი მათგანია - ღვთისმშობლის მზერა, რომელიც ჯერ არ დამისათაურებია. სხვათა შორის, ვერამაც გააკეთა მონასმები ამ ნახატზე. ღვთისმშობლის მზერა განჭვრეტს ტკივილებს, რომელიც ახლა დაგვატყდა თავს: როდესაც ბავშვები დაბადებამდე კვდებიან, ისინი კვდებიან დედის საშვილოსნოში, რომელიც დაბომბვაში მოჰყვა; როცა ქალებს ჭურვებისგან დასაცავად მხოლოდ საკუთარი სხეული აქვთ, დაბომბვის მომენტში ისინი სწორედ სხეულში იფარებენ შვილებს; როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ესვრიან ქმრებს და შემდეგ აუპატიურებენ მათ ცოლებს, გადარჩენილი გოგონები კი თავებს იპარსავენ და ტალახით იზელენ იმ იმედით, რომ მოძალადეებს შეეზიზღებათ და აღარ შეეხებიან მათ; როცა ყველგან მშვიდობიანი მოსახლეობის საფლავებია; როცა ბავშვები იძულებულები არიან, დღედაღამ იმალებოდნენ ცივ, ბნელ სარდაფებში, საკვებისა და წყლის გარეშე... არ ვიცი, როგორ შეიძლება გადაიტანო ეს საშინელება... მაგრამ... ყველაფერი კარგად იქნება! ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი სამხედროებით, ისინი ჩვენთვის სინათლის მეომრები არიან! ახლა სიმამაცეა საჭირო, რომ გამარჯვების ნათელი დაგვიდგეს! ახალი სამყარო ტკივილებით იბადება! ვიცი, რომ ფერფლიდან აღვდგებით და ერის არნახული ძალისხმევითა და სილამაზით გავბრწყინდებით! Все буде Україна! Бо з нами Бог! - უკრაინა მუდამ იქნება! რადგან ღმერთი ჩვენთანაა!

"ვედრება“

ნახატი "ვედრება“ კი 2014 წელს დავხატე, როცა რუსეთიდან აგრესია წამოვიდა, უკვე ყველა მიხვდა, რომ ეს უბედურება დიდხანს გაგრძელდებოდა. მას შემდეგ ყველა უკრაინელი გულისტკივილით ცხოვრობს. მაშინ გამიჩნდა პირველი შიში, პირველი გაურკვევლობა და უკრაინა გამოვსახე ქალად, რომელიც იტანჯება სიბნელითა და ნგრევით... ქალად, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა და ღმერთს მიმართავს, მას არის მინდობილი. ნახატს ერთი ამოსუნთქვით ვხატავდი. ერთი დღის შემდეგ კი საქართველოში გამოვემგზავრეთ. ჩვენ ამ შესანიშნავმა ქვეყანამ შეგვიფარა, ქვეყანამ, რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლიდან გახდა ჩვენთვის ახლობელი. ჩვენ ჩამოვედით საქართველოში და ავედით ლომისში, თბილისში შევხვდით მამა ვახტანგს (ქაშვეთის დეკანოზი ვახტანგ სარდლიშვილი - ი.ხ.) და მას შემდეგ საქართველო ყოველთვის ჩვენს გულებშია. ამ ქვეყანას დავუახლოვდით, მამა ვახტანგთან დავიწერეთ ჯვარი, შვილებიც მან მოგვინათლა ქაშვეთის ტაძარში, ჩვენი საყვარელი მეჯვარეები ქართველები ხართ. მამა ვახტანგი დაგვეხმარა და ჩემი ნახატი "ვედრება“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გადასცეს.

მარიას და ნიკოლოზის ჯვრისწერა საქართველოში

ჩვენ გვჯერა და ვგრძნობთ, როგორ ლოცულობს საქართველო ჩვენთვის. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მამა ვახტანგმა დაგვირეკა და დაგვპატიჟა საქართველოში, გვითხრა, რომ ქართველები ყველას დაგვაბინავებდნენ. 24 თებერვლის დილას ყველა ქართველმა ნაცნობმა და ახლობელმა დაგვირეკა და თავის სახლებში ცხოვრება შემოგვთავაზა. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. გვჯერა, რომ აუცილებლად ჩამოვალთ საქართველოში და ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, მაგრამ მანამდე ჩვენ ყოველდღიურად ვიბრძვით თავისუფალი უკრაინისთვის, ჩვენი შვილების მომავლისთვის, ყოველი ნათელი წუთისთვის და გვწამს, რომ გავიმარჯვებთ.

ჩემს ვერას ვასწავლი, რომ მოკლე ლოცვით ყოველდღე მადლობა გადაუხადოს უფალს და წარმოთქვას - "დაე, სამყაროში ყველაფერი კარგად იყოს“, ვასწავლი, ყოველდღე იხაროს მზის სხივებით, გედებით, რომლებიც ჩვენს მდინარესთან მოფრინდნენ და ბებიის გამომცხვარი პურის არომატით. ვიმედოვნებ, რომ გაზაფხული გამარჯვებასაც მოგვიტანს. ამ სტრიქონებს გწერ და ჩემს ფანჯარასთან ტრაქტორი მიდის - ადამიანებმა მიწის დამუშავება დაიწყეს... ჩვენ ვერ გაგვაჩერებენ! გამარჯვება ახლოსაა. დიდება უკრაინას, დიდება მარად!

იხილეთ ასევე:

ავტორი: ირმა ხარშილაძე