რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის სამხედრო შესაძლებლობებს სერიოზული ზარალი მიაყენა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები დასრულდა.
ოფიციალურ პირებთან საუბრისას შოიგუმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთს სათანადო რეაქცია ექნება თუ ნატო უკრაინას თვითმფრინავებითა და საჰაერო თავდაცვის სისტემებით მოამარაგებს.
"ოპერაციის პირველი ეტაპის ძირითადი ამოცანები შესრულებულია. საგრძნობლად შემცირდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოტენციალი, რაც შესაძლებელს ხდის ჩვენი ძირითადი ყურადღებისა და ძალისხმევის ფოკუსირებას მთავარი მიზნის – დონბასის გათავისუფლებისკენ“, -განაცხადა მან.
შოიგუმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემა "პრაქტიკულად განადგურდა" და რომ რუსეთი ახლა ცას აკონტროლებს.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს. პრაქტიკულად განადგურდა საჰაერო ძალები და საჰაერო თავდაცვის სისტემა. ქვეყნის საზღვაო ძალებმა არსებობა შეწყვიტეს”, - განაცხადა შოიგუმ.