24 თებერვალს ომის განგაშის სიგნალმა მათი ცხოვრებაც შეცვალა, ჭურვებმა კი აიძულა ქვეყანა დაეტოვებინათ. 35 წლის ეკატერინა პერეპელიცა, ქალაქ დნიპროში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, კლინიკაში მუშაობდა და იმ დღესაც ოპერაციაზე წასასვლელად ემზადებოდა.
ქალაქის მასიურად დაბომბვის გამო, იძულებული გახდა 11 წლის შვილი და ასაკოვანი დედა ქვეყნიდან გამოეყვანა, მათ გადასარჩენად იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა.
ამბობს, რომ მეუღლესთან განშორება გაუჭირდა, რომელიც ამ დრომდე დნიპროში რჩება და ჯარისკაცებს ეხმარება. უჭირს იმ გზის გახსენება, რომელმაც ლტოლვილად აქცია. ბავშვთან ერთად ძლივს მოახერხა პოლონეთამდე ჩასვლა. დროებითი თავშესაფრიდან კი საქართველოში ჩამოსვლა გადაწყვიტა. ერთხელ უკვე ნამყოფი იყო და იცოდა, რომ საქართველოში უკრაინელებს განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ.
"ომის წინა საღამოსაც დილის გეგმებს ვაწყობდი, ვათვალიერებდი ოპერაციების განრიგს. 24 თებერვლის დილით კი გავაანალიზეთ, რომ ცხოვრება გაიყო ომამდე და ომის შემდეგ. ჩვენ აეროპორტთან ახლოს ვცხოვრობთ და დილით უკვე აეროპორტი იბომბებოდა. ეს საშინელება იყო. არ ვიცოდით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. ყველაზე მეტად ჩემი შვილის მეშინოდა. ქალაქზე საჰაერო დარტყმები მიმდინარეობდა. იძულებული ვიყავი ბავშვი წამომეყვანა.
უმძიმესი იყო, როცა მეუღლეს ვუთხარი ნახვამდის.... ის ქვეყნის დატოვებას არც განიხილავს. რჩება უკრაინაში და ეხმარება ჩვენს ჯარისკაცებს. უკრაინიდან პოლონეთამდე გზა ძალიან ძნელი იყო. 4 დღე გზაში ვიყავით. პოლონეთიდან საქართველოში წამოვედით. ჩვენ აქ ძალიან ბევრი სითბო მივიღეთ. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უკრაინაში ომი მალე დამთავრდება, ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ჩვენს სახლში მალე დავბრუნდეთ" - განაცხადა ეკატერინა პერეპელიცამ.
გადაწყვიტა, მხარდაჭერა სიკეთით გადაეხადა და ქუთაისში კლინიკა "ბომონდში" დაიწყო მუშაობა. პროცესიით ონკოლოგია და ადგილობრივ ექიმებთან ერთად პაციენტებს ეხმარება. პარალელურად კავშირზეა უკრაინელ პაციენტებთან, რომელთა ნაწილმაც ქვეყანა დატოვა და მათ კონსულტაციას უწევს.
"ქუთაისში მთავარ კლინიკაში, ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების სამკურნალოდ განყოფილებას ვაწყობთ. ვიდრე აქ ვარ, როგორც ქირურგი და ონკოლოგი, მაქსიმალურის გაკეთებას შევეცდები, რომ საქართველოსთან ჩემი მეგობრობა მრავალი წელი გაგრძელდეს" - აცხადებს უკრაინიდან დევნილი ოკომამოლოგი და პლასტიკური ქირურგი.
ახლა ერთადერთი ოცნება აქვს, მალე დაბრუნდეს უკრაინაში და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს.
"ვოცნებობ, ჩემს სახლში, ჩემს ქალაქში დაბრუნებას. დნიპრო ულამაზესი ქალაქია საგანმანათლებლო დაწესებულებებით, თეატრებით, პარკებით და ბიზნესებით. ახლა საშინელებაა სანახევროდ ცოცხალი ქალაქის ნახვა. მთელ ქალაქში საგუშაგოებია. ქალაქსა და მის შემოგარენში პერიოდულად ხდება საჰაერო დარტყმები მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტებზე - აეროპორტზე, ქარხნებზე, სამხედრო ნაწილებზე.
განგაშის დროს ადამიანები თავშესაფარში გარბიან დასამალად. ჩემი კოლეგები ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აგრძელებენ. საჰაერო განგაშის ხმაზე ისინი არ ტოვებენ პაციენტებს და არ მიდიან თავშესაფარში. დნიპროში პაციენტები მოჰყავდათ ხარკოვიდან, მარიუპოლიდან და სხვა ქალაქებიდან, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ეს პაციენტები ნამდვილი გმირები არიან, რადგან ორ ფრონტზე იბრძვიან-კიბოს და რუსული აგრესიის წინააღმდეგ" - აცხადებს ეკატერინა პერეპელიცა.