ავტორი:

რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული "პეტო" და რატომ გაქრა ტელეეკრანიდან - "ჩემი სურვილია, ვაკეთოთ საქმე საქართველოს სახელით..."

რას საქმიანობს ერთ დროს პოპულარული "პეტო" და რატომ გაქრა ტელეეკრანიდან - "ჩემი სურვილია, ვაკეთოთ საქმე საქართველოს სახელით..."

მსახიობი ნოდარ გურგენაშვილი პოპულარულია, მისი დანახვა ხალხში მუდმივად ღიმილს და კარგ განწყობას იწვევს. ის უყვართ და მასაც უყვარს საზოგადოება, მაყურებელი... ცნობილი ის კომიკურმა პერსონაჟმა პეტომ გახადა, რომელსაც სერიალ „შუა ქალაქში“ თამაშობდა. რატომ აღარ ჩანს ეკრანზე, რას საქმიანობს და როგორ ცხოვრობს, ამაზე AMBEBI.GE თავად ესაუბრა:

- ამ ეტაპზე სპორტული გადაცემა მიმყავს. ეს არის სპორტული შოუ, ოღონდ, მისი ნახვა ინტერნეტითაა შესაძლებელი. ალექსანდრე პაიჭაძე, ვახო ბოლოთაშვილი და მე ვართ.

- გიყვარს სპორტი?

- ძალიან და კარგად ვერკვევი... უკვე 4 წელია, ამ სპორტულ-გასართობ შოუზე ვმუშაობ. ფეხბურთზე საინტერესო ინფორმაციები გვაქვს ხოლმე.

- რომელ გუნდს გულშემატკივრობ?

- "ბარსელონას" და "ლივერპულს". ერთმანეთისგან განსხვავებული ფეხბურთია.

- ისე, ორივე ქვეყანას მეფე ჰყავს... მეფის როლი არ გითამაშია?

- არა, მაგრამ სიამოვნებით ვითამაშებდი.

- ვინ იქნებოდი?

- დავით აღმაშენებელი.

- პოლიტიკური მისწრაფებები, სურვილები ხომ არ გაქვს? რომელიმე პარტიაში გაერთიანება, პოლიტიკური აქტივისტობა ხომ არ გინდა?

- არ მქონია ამის სურვილი, ეს არ ზის ჩემში. მე მსახიობი ვარ...

- ჰო, მაგრამ ბევრი მსახიობი წავიდა პოლიტიკაში...

- ეს მათი პირადი აზრია და დამოკიდებულება... ჩემში, ხომ ვთქვი, ეს არ ზის... მგონია, რომ ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს, მაგრამ თუ საკუთარ საქმეზე უკეთ სხვა რამ გამოსდით, მაშინ, კი ბატონო. ისე, თუ სხვა რამის კეთების სურვილი გაქვს, მაშინ ის არ ყოფილი შენი ნამდვილი საქმე, რასაც მანამდე აკეთებდი... პოლიტიკა ჩემთვის სრულიად განსხვავებული რამეა, რომელსაც, ჩემი აზრით, არც დრო უნდა დაუთმო და არც - ნერვები... მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მიმდინარე ამბები არ მაინტერესებს. საქართველოშიც ხომ მუდმივად ეს პოლიტიკაა და ინფორმაციულ დონეზე რაღაცებს სულ ვეცნობი.

- არც არასდროს შემოუთავაზებიათ მაგალითად, რაიმე პოლიტიკურ რეკლამაში მონაწილეობა, ან სადმე გაწევრება?

- ყველამ ყველაფერი იცის, რა უნდა შემოგთავაზოს... იციან, რომ ამ სფეროს მიმართ არ მაქვს არანაირი ინტერესი - ჩვეულებრივი მომენტია. კი, არც სურვილი, არც შემოთავაზება მქონია და არც არავის მიმდევარი ვყოფილვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა რაღაცებია. კარგად ვიცი, რა გამომდის და რატომ დავკარგო დრო და უნარები სხვა რამეში?!

- კარგად რა გამოგდის?

- ამბიციური, ამბიცია - ეს სიტყვები ზოგჯერ სხვა კონტექსტში განიხილება, რაც ცუდია. მთავარია, ქედმაღალი და ამპარტავანი არ იყო. ამბიცია თუ არ გაქვს და ამბიციური არ ხარ, შენს საქმეში ვერაფერს მიაღწევ. თუ ვერაფერს მიაღწევ, რა გინდა მაშინ?! თუ მხოლოდ მშრალად, ხელფასისთვის უნდა აკეთო საქმე, ეგ სხვა საკითხია... ამიტომ, რასაც ვაკეთებ, მიმაჩნია, რომ ცუდად არ გამომდის... ეს იქნება თეატრში, მუსიკაში, თუ ეკრანზე...

- "თეატრალურში“ დრამისა და კინოს ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული?

- კი, ჩემი რეჟისორი, ჯგუფის ხელმძღვანელი დავით კობახიძე იყო, ძალიან კარგი ადამიანი და კარგი პედაგოგი. არიან რეჟისორები, რომლებიც სხვებს ცოდნას ვერ გადასცემენ და არიან პედაგოგები, რომლებიც ვერ დგამენ სპექტაკლებს. დავით კობახიძე კარგი ადამიანი, კარგი პედაგოგი, კარგი რეჟისორია... მშვენიერი ჯგუფშიც ვიყავი, სადაც ბევრი რამ შევიძინე. ამ გარემოცვამ თავმდაბლობა, სიყვარული და კარგი რაღაცები მასწავლა. ადამიანს სიყვარული თუ არ აქვს, ძალიან გაუჭირდება...

- მართალია... ამას მაყურებელი გრძნობს... სხვა შემთხვევაში მსახიობს არ მიიღებს და არც დაუჯერებს...

- ძალიან მიყვარს თეატრი და ცუდია, რომ არ მაქვს იქ ამ ეტაპზე რეალიზების საშუალება. პოპულარული კი ვარ, ქუჩაში მცნობენ, მაგრამ ისე, როგორც ადრე ჩვენს მსახიობებს თეატრიდან, კინოდან იცობდნენ, ახლა ასე არ ხდება. დღეს მსახიობები პოპულარული ტელევიზიით, ინტერნეტით, შოუებით, სერიალებით ხდებიან. არც ერთ თეატრში არ ვარ, თუმცა ვმუშაობდი სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. დათო კობახიძე იყო იქ მთავარი რეჟისორი, „თეატრალური“ რომ დავამთავრე, მისი ასისტენტი ვიყავი და მოწაფეებიც მყავდა. 3-4 წელი პედაგოგობასაც ვეწეოდი. საინტერესო სფეროა, შენს გამოცდილებას, ცოდნას სხვას უზიარებ და ამ პერიოდში ვითარდები კიდეც...

- სერიალმა "შუა ქალაქში" პოპულარობა მოგიტანა...

- მხოლოდ თეატრში რომ ვყოფილიყავი, არც არავინ გამიცნობდა, რადგანაც იქ ბევრი კარგი, ნიჭიერი მსახიობია და მასობრივად მათ არავინ იცნობს... ცხადია, პოპულარობა მხოლოდ ქუჩაში ცნობა არ არის. ასეთ დროს პერსპექტივა მეტია. სერიალში რასაც ვაკეთებდი, ჩვეულებრივი რამ იყო, ის მსახიობის საქმეა... მაგრამ თავიდანვე ჩემ მიმართ დიდი სითბო და ყურადღება წამოვიდა. არიან მსახიობები, რომლებსაც ცნობენ, მაგრამ არ უყვართ, არიან ისეთები, რომლებსაც სცნობენ და უყვართ. მომიტანა ის, რომ ადამიანების დიდი ყურადღება და სიყვარული ვიგრძენი...

- "შუა ქალაქში“ სიტკომი (სიტუაციური კომედია) იყო, სადაც ყველა პერსონაჟი მეტ-ნაკლებად კომიკური იყო. ვფიქრობ, შენი პერსონაჟი კი მკვეთრად კომიკური... ადვილი არაა კომედიანტობა, ხომ?

- კომედია რთულია... დრამა ვფიქრობ, უფრო ადვილი სათამაშოა, მსახიობი სცენაზე ტირის და შეუძლია, მაყურებელი აატიროს. მაგრამ უხარისხო იუმორზე არ გაეცინებათ... არადა, ჩემი საყვარელი ჟანრი დრამაა. ახალი როლები და სახეები საინტერესო შესასრულებელია, სადაც უცხო ტიპაჟია სამყაროში, სხეულში, სულში შედიხარ. ყველას გვაქვს ჩვენი რაღაც პირადი, რასაც არ ვამბობთ, ან ვერ ვამბობთ, მაგრამ ამის გადმოცემაში გვეხმარება ხელოვნება - თეატრი, კინო, მუსიკა... შეიძლება ამას მაყურებელი ვერ მიხვდეს, მაგრამ, ეს არის შემოქმედება. ამ დროს ქმნი... შესრულება კი სხვა რამეა... ისე, როლი როლია, მაგრამ თუ როლს დათანხმდები, მაშინ განსხვავებული სახე უნდა შექმნა... გადაჭარბებულ ნათქვამად არ გამომივიდეს, მაგრამ შეუძლებელია, პეტო "შუა ქალაქში“ სერიალიდან დაინახო და ამ პერსონაჟზე არ გაგეცინოს... ძალიან სასაცილო ტიპი იყო, კარგი აურა ჰქონდა. ის ასეთად ერთობლივად - რეჟისორის, სცენარისტების და ჩემი მუშაობით ჩამოყალიბდა და მერე ყველაფერი თავისით წავიდა. არ შემიძლია, როლის თამაში ისე, თუ მას რაიმე ჩემსას არ შევძენ. თუ ასე არ არის, როლს დიდხანს ვერ ითამაშებ... თუმცა ჩემს ნამუშევრებს მერე ვერ ვნახულობ, არ ვუყურებ, სულ უკმაყოფილო ვარ...

- გენატრება პეტოს თამაში?

- მენატრება, კი, მაგრამ უფრო სიახლეები მინდა, რომ გაჩნდეს და ბევრი ახალი როლი ვითამაშო...

- ოჯახის წევრები რას გეუბნებოდნენ?

- არ მიყვარს ხოლმე თქმა, აქ მივდივარ, ეს უნდა გავაკეთო, ამ სერიალზე მუშაობას რომ ვიწყებდი, ტრადიციულად სახლში არაფერი მითქვამს. მერე ოჯახში, სამეგობროში, სამეზობლოში და ვინც ნახა, ყველასგან დადებითი ემოციები წამოვიდა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, რომ მაგ პერიოდში პანაშვიდებზე მისვლას ვერიდებოდი. რომ შევდიოდი, ხალხს ეცინებოდაო...

- კი, ეგრე იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ჩემი შესვლით ადამიანებს რამდენიმე წუთით მაინც ვუმსუბუქებდი ტკივილს. საერთოდაც ერთმანეთს რაღაცნაირად თუ დავეხმარებით, ცუდი რატომაა?!

- როგორც ვიცი, მღერი და უკრავ...

- ბავშვობიდან შემიყვარდა ხელოვნება, ვუყურებდი კონცერტებს, ფილმებს, სპექტაკლებს - მომწონდა ეს სამყარო. ამიტომაც არის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტზე (5-6 ინსტრუმენტი) დაკვრა ჩემით ვისწავლე, არავინ დამხმარებია... ხუდადოვზე, ნახალოვკაში, ჩემს უბანშიც საერთოდ ბევრი რამ ვისწავლე. ის ყველაფერი ემოციურად დაგროვდა და ბევრი რამის გადმოცემაში მეხმარება.

- შენი ოჯახიც გაგვაცანი...

- მყავს მეუღლე და 2 შვილი - 9 წლის ქეთი და 6 წლის სანდრო. ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ადამიანები არიან. როგორც პატარებს, ისე კი არ ველაპარაკები, ისინი ჩემთვის პიროვნებები არიან. აღზრდა მხოლოდ შვილების კარგი ტანსაცმლით და კარგი საკვებით უზრუნველყოფა არ არის. არც ეს აკლიათ, მაგრამ შვილების აღზრდას დიდ დროს ვუთმობ. მეუღლე დეა "თავისუფალი თეატრის" მსახიობია. ის ჩემსავით ცნობილი არ არის (ეღიმება), მაგრამ ნიჭიერი მსახიობია.

- რა სურვილი და ნატვრა გაქვს?

- მინდა, რომ მსოფლიო კიდევ მეტად იცნობდეს ჩვენს ქვეყანას, როგორი მეფეები გვყავდა, როგორი კულტურა გვაქვს... შეიძლება, ამბიციურად ჟღერდეს, მაგრამ ადამიანს წინსვლა პროფესიაში გინდა და რა მოხდა მერე, რასაც გავაკეთებთ, ის მსოფლიოსთვისაც რომ იყოს ცნობილი. ჩემი სურვილია, ვაკეთოთ საქართველოს სახელით საქმე და ის მსოფლიოში ცნობილი გახდეს. რატომაც არა, თქვან, რომ ნოდარ გურგენაშვილი არის საქართველოდან, თუნდაც ეს იყოს ევროპა და ჰოლივუდი...