მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში კრიტიკული გამოსვლის შემდეგ, მთავრობამ გადაწყვიტა მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეეტანა. ამის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ის, რომ თითქოს პრეზიდენტი სხვადასხვა ქვეყნებში ელჩების დანიშვნაზე ამბობდა უარს. როგორც "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ 15 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, "საგარეო პოლიტიკის განხორციელების პროცესში იკვეთება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან დადასტურებას საჭიროებს".
ამ სარჩილისთვის "ქართულმ ოცნებამ" კანონის შეცვლაც კი გადაწყვიტა.
პარლამენტში წარადგინეს “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესტანი ცვლილებების პროექტი, რაც "ქართულმა ოცნებამ“ სწორედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანისთვის საფუძვლის შესაქმნელად მიზანმიმართულად მოამზადა. დღეს მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფო ორგანოს მეორე ორგანოს წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში კომპეტენციის შესახებ დავის წამოწყება მის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტის საფუძველზე შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპეტენციის შესახებ დავის ფარგლებშია დასაშვებია მხოლოდ ნორმატიული აქტის გასაჩივრება. პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების პროექტით კი, ასეთი დავის წამოწყება შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ ნორმატიული აქტის, არამედ “მოქმედება/უმოქმედობის“ საფუძველზეც, თუკი ერთი სახელმწიფო ორგანო მიიჩენევს, რომ მეორემ მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება დაარღვია.
მას მერე, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მთავრობის მიერ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში დასანიშნად წარდგენილი ყველა კანდიდატურისთვის პრეზიდენტს ხელი მოწერილი აქვს, ცნობილი გახდა, რომ “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესტანი ცვლილებების პროექტის დაჩქარებულ განხილვაზე მმართველმა გუნდმა უარი თქვა და პროცესი ორი კვირით გადადო.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ამ პერიოდში, საქართველოს მთავრობამ ელჩების თანამდებობაზე 12 კანდიდატურა წარუდგინა პრეზიდენტს, პრეზიდენტმა კი 12-ვე კანდიდატურის დანიშვნაზე შესაბამის განკარგულებებს ხელი მოაწერა. იხილეთ სრულად
"პრობლემა რომ არ ყოფილიყო, აუტკივარ თავს არავინ აიტკივებდა?" - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას.
"თუ მისი უფლებამოსილება და კომპეტენცია ზუსტად აქვს გააზრებული ადმინისტრაციასაც, პრეზიდენტსაც და ა.შ. მაშინ რას ნერვიულობენ? მაშინ ვთქვათ ასე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს უფლებამოსილების ფარგლებს, რაშია მაშინ პრობლემა? არაფერში ყოფილა პრობლემა, მაგრამ ეს ასე რომ არ არის, ამიტომ იქმნება პრობლემა. რეალურად ეს ასე იყო (კონკრეტული კანდიდატების დანიშვნას არ მოაწერა ხელი), არ შემიძლია დავასახელო სახელები და გვარები. კონკრეტულ არც ერთ ელჩს უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავაყენებ და სახელს და გვარს არ დავასახელებ. არ არის ეთიკური, ახლა ჩვენ ჩამოვდგეთ და სახელებით და გვარებით მივუთითოთ, ვისზე იყო თანახმა და ვისზე წინააღმდეგი, კონსულტაციები იმართება ამასთან დაკავშირებით და არ ვაპირებთ ამ კონსულტაციების გამოფენას საჯაროდ. ეს პრობლემა რომ არ ყოფილიყო, აუტკივარ თავს არავინ აიტკივებდა და ამ სპეკულაციებსაც ავირიდებდით“, - განაცხადა მდინარაძემ.
"დეტალებს არ ვიტყვი. მე არ ვიცი, ისინი რას ამბობენ, მაგრამ მე რასაც ვამბობ, არის სიმართლე და თუ ვინმე სხვა რამეს ამბობს ეს არის ტყუილი", - ეს კი უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ბრძანა.
მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ:
"პრეზიდენტისა თუ მისი ადმინისტრაციის ტყუილში დადანაშაულება, რომელიც ზრდილობასაც და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, იწვევს საზოგადოებაში არასასურველ დაძაბულობას".
მოკლედ, პრეზიდენტის გარშემო შექმნილი ისედაც აბსურდული ვითარება, კიდევ უფრო აბსურდული ხდება, ხოლო იმის გარკვევა რის მიღწევას ცდილობს "ქართული ოცნება" უფრო და უფრო ულოგიკო და გაურკვეველი.
კონსტიტუციონალისტები აქამდც აცხადებდნენ, რომ სამართლებრივად სრულიად გაუგებარ ვითარებასთან გვქონდა საქმე, თუმცა ახლა ეს ვითარება კიდევ უფრო გართულდა.
პარტია "ლელოს“ დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" ორგანულ კანონში დაგეგმილ ცვლილებების შეტანის მცდელობით, "ქართული ოცნება“ ცდილობს, პრეზიდენტი "დასაჯოს და ადგილი მიუჩინოს“.
"ფაქტები აჩვენებს და ადასტურებს, რომ „ოცნების“ მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება, არ არის სახელმწიფო ინტერესი ან კონსტიტუციური ინტერესით ნაკარნახევი ქმედება, ეს არის ვიწრო პარტიული მოქმედება, როდესაც პარტია საკანონმდებლო ძალაუფლებას საკუთარი პარტიული დღის წესრიგისთვის იყენებს. ისინი გაღიზიანებული და გაბრაზებულები არიან პრეზიდენტის სწორი მოქმედებით, ბრიუსელში და პარიზში ვიზიტები მაქვს მხედველობაში, რის გამოც „ქართული ოცნება“ ცდილობს, დასაჯოს და ადგილი მიუჩინოს პრეზიდენტს. სამართლებრივი არგუმენტები, რომელიც მათ მოჰყავთ, აბსოლუტურად უსუსური და ტყუილია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ჩანაფიქრზე "ქართული ოცნება" უარს იტყვით თუ კვლავ გააგრძელებს ქარის წისქვილებთან ბრძოლას, უცნობია, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლების განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პროცესს მაინც ალბათ წამოიწყებენ, თუმცა ეს იქნება პროცესი პროცესისთვის და ნაკლებად რაიმე სასიკეთო შედეგის მომტანი.