"ვიდრე პუტინი ხელისუფლებაშია, მშვიდობა არ იქნება", - ამის შესახებ ევროპაში ნატო-ს მოკავშირეთა ძალების მთავარსარდლის ყოფილმა მოადგილემ, სერ რიჩარდ შირეფმა განაცხადა.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ნატო-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, ადამიანთა უმრავლესობის მსგავსად, რუსეთის დაპირებებს ისიც "ღრმა ეჭვებით“ უყურებს. საუბარია კრემლის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ რუსები კიევსა და ჩერნიგოვზე თავდასხმებსა და შეიარაღებულ კონტინგენტს შეამცირებენ.
"ცხადი გახდა, რომ მრავალი მიმართულებით წინსვლის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და სავარაუდოდ, კიევის ოლქიდან ჯარის ნაწილის გაყვანა სხვა მხარეში ძალის კონცენტრირებას ნიშნავს. მე ასევე არ გამოვრიცხავ რუსეთის მხრიდან რაიმე სახის მოტყუებას. ვიდრე პუტინი კრემლშია, ევროპაში მშვიდობა ვერ იქნება“, - განაცხადა სერ რიჩარდმა.
გარდა ამისა, მან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს "სისხლიანი ავტოკრატი“ უწოდა.