"ნაციონალური მოძრაობა“ სახელმწიფოს 100-ჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებს, ვიდრე ამის გაკეთება "ალტ-ინფოს" შეუძლია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოში არა ერთი ტელევიზიაა, რომელიც აგრესიის, სიძულვილის, პოლარიზაციის პროპაგანდას ახორციელებს, თუმცა მათ წინააღმდეგ კანონმდებლობა უძლურია.
"პრორუსული პარტიები სამწუხაროდ, ჩვენ პარლამენტშიც გვყავს. ეს არის სამწუხარო რეალობა. თუ ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი მექანიზმების ფარგლებში რაიმე რეაგირება შეიძლება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ასეთ დროს რთულია ხოლმე რეაგირება.
იგივე ეხებათ ტელევიზიებსაც. არის არაერთი ტელევიზია საქართველოში, რომელიც აგრესიის, სიძულვილის, პოლარიზაციის პროპაგანდას ახორციელებს და აქაც სამწუხაროდ, კანონმდებლობა არის უძლური. მე მგონი, ისინიც რუსეთიდან ფინანსდებიან.
"ნაციონალური მოძრაობა“ ბევრად უფრო მძიმეა, იმიტომ რომ ისინი არჩევნებში მონაწილეობენ, არჩევნებში გარკვეულ წარმატებებს აღწევენ, მათ ბევრად უფრო გავლენიანი მედია რესურსები აქვთ. შესაბამისად, ისინი სახელმწიფოს 100-ჯერ უფრო მძიმე ზიანს აყენებენ, ვიდრე ამის გაკეთება "ალტ-ინფოს" შეუძლია", - განაცხადა კობახიძემ.