ავტორი:

ლავროვის ვიზიტი ჩინეთში: პუტინის წარგზავნილმა ჩინეთს "ახალი მსოფლიო წესრიგის ნაწილი" უწოდა - რა განცხადებები გაკეთდა ანხოიაში გამართული შეხვედრის შემდეგ?

ლავროვის ვიზიტი ჩინეთში: პუტინის წარგზავნილმა ჩინეთს "ახალი მსოფლიო წესრიგის ნაწილი" უწოდა - რა განცხადებები გაკეთდა ანხოიაში გამართული შეხვედრის შემდეგ?

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს ჩინეთში ჩავიდა და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან იუსთან გამართა შეხვედრა, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ანხოიაში შედგა. სერგეი ლავროვი, მის ჩინელ კოლეგასთან შეხვედრის წინ მიესალმა ჩინეთს, როგორც "ახალი მსოფლიო წესრიგის ნაწილს".

შეხვედრის შემდეგ კი გაკეთდა განცხადებები, რომ მათი თანამშრომლობის განვითარების სურვილი კიდევ უფრო მტკიცე გახდა.

რუსეთი დაინტერესებულია ჩინეთთან მდგრადი და თანმიმდევრული ურთიერთობების გაგრძელებით - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რის თაობაზეც ინფორმაცია რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა გაავრცელეს.

როგორც ლავროვმა განაცხადა, "საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიაში ძალიან სერიოზული ეტაპია“, რომლის შედეგად საერთაშორისო ვითარება არსებითად ცხადი გახდება და რუსეთი ჩინეთთან და სხვა თანამოაზრეებთან ერთად ივლის "მრავალპოლარული, სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიო წესრიგისკენ".

რუსულ სააგენტოებს მოჰყავთ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაც, რომლის თანახმად, ამ წლის დასაწყისიდან ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებმა გაუძლეს საერთაშორისო ვითარების შეცვლით გამოწვეულ ახალ გამოცდას, სწორი მიმართულება შეინარჩუნეს, განვითარების მყარი ტენდენცია აჩვენეს და სხვადასხვა სფეროში მათი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების სურვილი კიდევ უფრო მტკიცე გახდა.

"გარდიანის” ინფორმაციით, ჩინეთის მხარეს არ გამოუქვეყნებია ორი მინისტრის განცხადებები, მაგრამ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა, მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვი და პეკინი გააგრძელებენ ძალისხმევას, "გლობალური მრავალპოლარულობის წინსვლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დემოკრატიზაციისთვის“.

"მშვიდობისკენ ჩვენს სწრაფვას საზღვარი არ აქვს, უსაფრთხოების დაცვას საზღვარი არ აქვს, ჰეგემონიის მიმართ ჩვენს წინააღმდეგობას საზღვარი არ აქვს“, - დასძინა ვანგმა.