გამომცემლობა "პალიტრა L-მა“ საბავშვო წიგნების კვირეული დაიწყო, რომლის ფარგლებშიც "გახდი საბავშვო ბესტსელერი 2021-ის“ გამარჯვებული ავტორების ნაწარმოებების პრეზენტაცია გაიმართება.
პალიტრა L-ის საბავშვო ლიტერატურული კვირეული გამომცემლობის ვებგვერდზე და "ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში 1-დან 8 აპრილამდე გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში, "ბიბლუსი გალერეის“ გაგარინის ფილიალში ეწყობა საბავშვო ავტორების ლელა ცუცქირიძისა და ვასო გულეურის წიგნების წარდგენა.
ლელა ცუცქირიძის "ფისო ფიოფიო და სხვები“ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. თავდაპირველად, "პალიტრა L-მა“ ლელა ცუცქირიძის "მართიკოს ვაშლის ხე“ გამოსცა, ცოტა ხნის წინ კი უკვე გამარჯვებული ნაწარმოები "ფისო ფიოფიო და სხვები“. ორივე წიგნი პატარა მკითხველისთვის ისტორიებითაა დატვირთული, რის შესახებაც თავად ავტორმა გვიამბო:
"მართიკოს ვაშლის ხე“ არის 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდზე და პატარა გოგონაზე, რომელიც მოხვდა ომში და შემდეგ იძულებული გახდა, თავისი სოფელი დაეტოვებინა. წიგნი არ არის მხოლოდ ომზე, არამედ მასთან ერთად არის მშვიდობასა და ძალიან დიდ იმედზე. ამ წიგნით მინდოდა, ბავშვებისთვის გამეჩინა იმედი, თუ როგორ შეიძლება გადალახო ძალიან დიდი ტკივილი და მონატრება. ვფიქრობ, საინტერესო იქნება ბავშვებისთვის, მითუმეტეს ახლა ეს განსაკუთრებით აქტუალური თემაა. "მართიკოს ვაშლის ხე“ ნახატებიანი წიგნია და ილუსტრატორები ვართ მე და ელისაბედ ფირცხალავა. დიდი სურვილი მაქვს, ბავშვები ამ წიგნს გაეცნონ,“ -აღნიშნა ავტორმა.
ლელა ცუცქირიძის თქმით, "ფისო ფიოფიო და სხვები“ სულ პატარა მკითხველისთვის არის განკუთვნილი, რომელთაც საინტერესო ზღაპრების წაკითხვასა და ახალი უნარების განვითარებაში მშობლები დაეხმარებიან.
"წიგნი არის ბაღის ასაკის ბავშვებისთვის და მიმართულია განმავითარებელ აქტივობებზე: ფერების სწავლა, ფონეტიკური სავარჯიშოები, მეტყველების, მსხვილი და ნატიფი მოტორიკის განმავითარებელი სავარჯიშოები და თამაშები. წიგნი გამოირჩევა იმით, რომ მასში თავმოყრილია პატარა ზღაპრები, რომლებსაც თან ახლავს თავისი განმავითარებელი სათამაშო. მის მეორე ნაწილში კი, რომელიც უფრო მშობლებისთვისაა, დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა ათამაშონ ბავშვი თითოეული ზღაპრის სათამაშოს მეშვეობით. თითოეული ნაბიჯი, თითოეული სტრიქონი, თითოეული წინადადება არის გაწერილი თამაშით და შემდეგ უკვე აქტივობით, ეს არის ძერწვა, ხატვა და ა.შ,“ - განგვიმარტა ლელა ცერცვაძემ.
რაც შეეხება კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებულის ვასო გულეურის წიგნს - "ამბავი კატა - კოტოსი“, მასში მოთხრობილია მხიარული ფისოს ამბები და ია გიგოლაშვილის მიერ დასურათებულია ძალიან საინტერესოდ - პლასტილინის ნამუშევრებით, რაც ბავშვებისთვის კიდევ ერთი აღმოჩენა იქნება.
"კატა - კოტო დიდი ხნის ნაფიქრი პერსონაჟია, რომელიც ფურცელზე კონკურსში მონაწილეობის მიღებამდე გადავიტანე. მხიარული კოტოს ამბები ბავშვებისთვის გარკვეული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა მეგობრობაზე, დახმარებასა და სიკეთეზე. წიგნი უმცროსი სასკოლო ასაკის მკითხველზეა გათვლილი. თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია უმნიშვნელოვანესია, რასაც ხელს სხვადასხვა კონკურსი და პროექტი უწყობს. აღნიშნული პროექტების მეშვეობით კი ბევრი ნიჭიერი ავტორის აღმოჩენაა შესაძლებელი,“ - განმარტა მან.
წიგნების პრეზენტაციაზე მისული პატარა მსმენელებისთვის "პალიტრა L-სა“ და მის პარტნიორ კომპანიებს სიურპრიზები აქვთ. სავაჭრო ცენტრ "სითი მოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის სოფო ელოშვილის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე მისულ 30 ბავშვს საჩუქრად გადაეცემა Magic City-ის 1-საათიანი ულიმიტო ვაუჩერი.
"ჩვენთვის საინტერესოა ნებისმიერი აქტივობა, რომელიც არის ახალგაზრდების, ბავშვების ინტელექტუალური განვითარებისკენ მიმართული, შესაბამისად აქტიურად ვერთვებით ამგვარ ღონისძიებებში. დაგვაინტერესა "პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული საბავშვო წიგნების პრეზენტაციამაც და პატარა მონაწილეებისთვის გამოვყავით საჩუქრები, რათა მოვიდნენ და Magic City-ში დაუვიწყარი დრო გაატარონ,“ - აღნიშნა მან.
საბავშვო ლიტერატურულ დღესასწაულზე პატარები საჩუქრებს უნდა ელოდონ "სლაშისგანაც“, რომელიც ტკბილეულით, სლაშით, სტიკერებითა და სხვა საჩუქრებით იქნება წარმოდგენილი.
"ჩვენ მსგავს ღონისძიებებში 2017 წლიდან ვიღებთ მუდმივად მონაწილეობას და მნიშვნელოვანია, ბრენდსა და კომპანიას ჰქონდეს უშუალო კონტაქტი ბავშვებთან. როცა ჩვენ თვითონ მივდივართ ღონისძიებაზე, სასიამოვნო დროს ვატარებთ და მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს ერთმანეთთან, ამის შემდეგ უკვე თვითონ ბავშვებიც სხვანაირად ფიქრობენ და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება საჩუქრებს, ღონისძიებაზე ბავშვებისთვის არის გამოყოფილი ტკბილეული, სლაში, სტიკერები და სხვა საინტერესო საჩუქრები,“ - განმარტა "სლაშის“ დამფუძნებელმა სოფიო კილაძემ.
ამასთან, ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ კომპანია "სანტეს“ საბავშვო ხაზის "ლოკო მოკოს“ ახალი პროდუქცია.
"კომპანია "სანტეს“ აქვს საბავშვო ხაზი "ლოკო მოკო“, რომელსაც დაემატა 2 ახალი პროდუქტი: კლასიკური მაწონი და რძე. პრეზენტაციაზე მოსულ ბავშვებს სწორედ ამ საჩუქრებს გადავცემთ. ზოგადად, კომპანია "სანტე“ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საბავშვო, შემეცნებით და გასართობ პროგრამებს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება,“ - განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.
"პალიტრა L” პატარა მკითხველებს ლიტერატურულ დღესასწაულზე 2 აპრილს 15:00 საათზე, გაგარინის მოედანზე მდებარე "ბიბლუსი გალერეაში“ ელის.