უკრაინა-რუსეთის ომში დაღუპული მებრძოლი დავით გობეჯიშვილი გამთენიისას საქართველოში ჩამოასვენეს.
დაღუპული გმირისთვის პატივის მისაგებად აეროპორტში მოქალაქეები, მათ შორის სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ქართველ მებრძოლს, დღეს 12:00 საათზე, ქაშუეთის ეკლესიაში დაასვენებენ, საიდანაც საღამოს, ტყიბულში გადაასვენებენ. დაღუპულ მებრძოლს კვირას, ტყიბულშივე დაკრძალავენ.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ავრცელებს ფოტოებსა და ვიდეოს იმის თაობაზე, თუ როგორ გამოაცილეს უკრაინიდან ომში დაღუპული მებრძოლი.
"გამოთხოვება დავით გობეჯიშვილთან", - წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
შეგახსენებთ, დავით გობეჯიშვილი მე-4 ქართველი ჯარისკაცია, რომელიც რუსულ სარაკეტო თავდასხმებს ემსხვერპლა. მანამდე რუსული აგრესიის მსხვერპლი ქართველი მებრძოლები: გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და ბახვა ჩიქობავაც გახდნენ.