ავტორი:

შეფიცული დიაკონი

შეფიცული დიაკონი
სიმღერა "ლექსო ამოგთქომ ოხერო"

მიხა ხელაშვილი - მისი სახელის ხსენება თითქმის საუკუნის განმავლობაში იყო აკრძალული. მისი ლექსების დიდი ნაწილი განადგურდა, მაგრამ დრომ ვერაფერი დააკლო შედევრებს, რომლებიც ხალხმა უსახელოდ, როგორც ხალხური პოეზიის მარგალიტები, ისე შემოინახა. გავიდა დრო და ამ ლექსებს მიეწერა ავტორის სახელი და გვარი, ველის პოეტი - მიხა ხელაშვილი.

მიხა ხელაშვილის დაბადების მოწმობა

ის, უპირველეს ყოვლისა, არის გაუტეხლობის სიმბოლო. მან, როგორც მეომარმა, აჩვენა, რომ შეიძლებოდა მარტოს ეტვირთა თავისი კუთხის, მთელი ქვეყნის ღირსება და მარტო შებმოდა უზარმაზარ იმპერიას საბჭოთა კავშირს.

სახალხო გმირისა და პოეტის ცხოვრება და სიკვდილი, საქართველოს ისტორიის ნაწილია. მის სახელს ქართულ ისტორიაში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელის სახელით წააწყდებით. ქაქუცასთან მისი შეერთების ამბავს იხსენებს თავის მოგონებებში, შეფიცულთა რაზმის წევრი და შემდგომში ემიგრაციაში მყოფი, ალექსანდრე სულხანიშვილი:

შეფიცულები

“1922 წლის ივლისში, ჩვენი რაზმი დუშეთის მაზრაში ტრიალებდა. მაღაროსკარს რომ მივაღწიეთ, დავბინავდით ვაჟა-ფშაველას მიერ დაარსებულ სკოლაში, რომელიც საკმაოდ კარგი შენობა გახლდათ, მაგრამ უპატრონობა ეტყობოდა. აღარც ფანჯრები შერჩენოდა იმას და აღარც კარები. ამ სკოლას ტყეც ჰქონდა შემორტყმული გარშემო. იქ ჩვენ ერთი ხის ქვეშ დავიდეთ ბინა… ამ ეზოში გადაგვხდა თავს, დიდი და ლამაზი ბრძოლა, რამაც დაახლოებით საათნახევარს გასტანა. თუმცა ბევრი ბრძოლის მონაწილე ვარ, დიდისა თუ პატარასი, მაგრამ იმისთანა ლამაზი შერკინების მოწმე არასოდეს ვყოფილვარ. ამ ბრძოლაში შემოგვემატა სამი ხევსური და რამდენიმე ფშაველი, რომელთაგან ერთი მიხა ხელაშვილი, მუდმივად დარჩა ჩვენს რაზმში. იგი, სოფლის ყოფილი დიაკვანი გახლდათ, დაახლოებით 21-22 წლის ჭაბუკი, დიდი ნიჭის პატრონი და მშვენიერ ლექსებსაც წერდა. ის ვაჟას სოფლიდან იყო და ძალიან ბაძავდა მას. ზამთარში, როცა კარგი და მზიანი ამინდი იდგა, იგი ბინის მახლობლად წამოწვებოდა მყუდროზე და სულ რაღაც 2-3 საათის შემდეგ, ახალ ლექსს მოგვიტანდა ხოლმე. მიხა მუდამ თან ატარებდა ერთ აბგას, რომელშიც ქაღალდები და სხვა საწერი მასალები ელაგა. ჩვენ მიხას ბევრი ლექსი დავტოვეთ საქართველოში, თუ ისინიც ისე უმოწყალოდ არ დაიღუპა, როგორც მათი ახალგაზრდა, ზებუნებრივი მადლით დაჯილდოვებული ავტორი“.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი თავის რაზმელებთან ერთად

ზუსტად 102 წლის წინ, 1921-ში, მიხა ხელაშვილი იარაღით დაუპირისპირდა ახალ, საბჭოთა ხელისუფლებას. მან მიიჩნია, რომ ასე უნდა დაეცვა თავისი ქვეყნის თავისუფლება, საკუთარი თავისუფლება… მიხას ხელში თოფი მარტო მიხას პოზიციას, განწყობას, მხოლოდ მის მიერ გამოცხადებულ ომს რომ არ ნიშნავდა, ეს კარგად ესმოდათ იქ, მხარის ახალ სამხედრო ხელისუფლებაში. ხელაშვილის თოფი აერთიანებდა უამრავი მისი თანატოლის აზრსა და გულისწადილს, რომლებსაც მან გამბედაობით გაუსწრო და თავგანწირვის მაგალითი უჩვენა! მიხას თოფი აერთიანებდა უამრავ მის დამხმარეს, ვინაც სოფლიდან კვებავდა მის ტყიურ ბრძოლა-არსებობას. ეს თოფი აერთიანებდა მათაც, რომლებიც წინააღმდეგობის კულისებიდან კვებავდნენ მიხას იდეურად და ელოდებოდნენ თავიანთ დროს, თავისუფლებისთვის ომის დიდ სცენაზე დასადგომად.

ლევან რაზიკაშვილი

ვაჟას ვაჟი ლევან რაზიკაშვილი პირველი იყო მათ შორის!

ფშავში იმხანად ორი კომისარი იყო. ერთი - ბოლშევიკების კომისარი, იარაღით, ჯარისკაცებით, ძალაუფლებით, შტაბით, კანტორით, კანცელარიით, წითელი ხელისუფლების მიერ მიცემული დავალებებით და მსტოვრებით მაღაროსკარში.

მეორე - ლევან რაზიკაშვილი, სახალხო კომისარი, მხოლოდ ჩოხითა და სახელით, მისი ვაჟკაცობის და დიდი მამის გამოც, ხალხის სიყვარულით, მამაპაპური თოფით და დიდი რაზიკაშვილების ქოხით, სადაც ამ ხეობაზე ყველა ამვლელ-ჩამვლელი, აქაური თუ შორიდან მოსული, როგორც ტაძარში, ისე შედიოდა!

ლევან რაზიკაშვილი მხარეში მოსულ წითელ ხელისუფლებას, ვაჟას შვილად და უკვე სახელიან მეომრადაც დახვდა. მენშევიკების დროს, როცა მთაში დროებით შესუსტდა კავშირი ქალაქის ხელისუფლებასთან, როცა არ არსებობდა არანაირი სამხედრო დანაყოფი, რომელსაც მთის მოსახლეობა დაეყრდნობოდა მარბიელ გადამთიელთა შემოსევების დროს, ფშავში შეიქმნა ადგილობრივი სახალხო ლაშქარი ოჯახებისა და სოფლების დასაცავად და ამ სახალხო დანაყოფის კომისრად, სახელისა და უფრო გამორჩეული ფიზიკური მონაცემების გამო, ვაჟას უფროსი შვილი აირჩიეს. რაზიკაშვილების ავტორიტეტზე თავდასხმა ახალი ხელისუფლებისთვის სარისკო იყო, ამიტომ ძალაუფლების განმტკიცებამდე დაზავება არჩიეს. შეუნარჩუნეს ხალხის მიერ არჩეული კომისრის წოდება და ფუნქცია, ერთად ებრძოლათ მთებიდან გადმოსული მარბიელი რაზმების წინააღმდეგ.

თამარღელის საყდარი, სადაც მიხა ხელაშვილი დიაკვნობდა

ფშავ-ხევსურეთში უკვე სახელგანთქმული ახალგაზრდა პოეტი, დიაკვანი მიხა ხელაშვილი, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც თავს ლევან რაზიკაშვილის თანამებრძოლად და ვაჟას ქოხის მეციხოვნედ თვლიდა. ხელაშვილსა და რაზიკაშვილების ოჯახს, გარდა მეგობრობისა, ერთმანეთთან მიხას და - სალომეც აკავშირებდათ. სალომე ლევანის სათაყვანებელი ბიძის, ბაჩანას - ნიკო რაზიკაშვილის გაზრდილი, მისი შვილობილი იყო. პატარაობაში სალომე ბაჩანას მოსწავლე ყოფილა და პოეტმა ის თავისი შვილივით გაზარდა. მას მერე, რაც ბაჩანა მაღაროსკარში და შემდეგ ვეჯინში გადავიდა მასწავლებლად და ოჯახიც თან წაიყვანა, სალომე თავის მეუღლესთან, ჩარგლის ეკლესიის მოძღვართან, თევდორე ჟამიაშვილთან ერთად, ბაჩანას სახლში დარჩა საცხოვრებლად. სალომე იყო ლევანის მეუღლის, თამარ მთვარელიძის დობილი და დიდი მეგობარი. ეს ის თამარია, რომელსაც სალომემ, მიხა ხელაშვილის ერთადერთი სურათი ანდო და გორში გაატანა გადასარჩენად. მანაც, თავად დევნილმა, სურათი წაიღო და საქართველოს შემოუნახა. მანამდე სალომემ ლევანს თავისი გაზრდილი, ახალგაზრდა, მაგრამ უკვე დიდი ნიჭისა და სახელის ძმა ანდო, ჩარგალში გადმოიყვანა იმ იმედით, რომ თევდორე მღვდლისა და ლევან რაზიკაშვილის გარემოცვაში, ახალგაზრდა კაცი განათლებულ და სამშობლოსთვის გამოსადეგ ვაჟკაცად ჩამოყალიბდებოდა. არც შემცდარა, ასეც მოხდა, ოღონდ დრო ჩამოდგა ისეთი, რომ განათლება და პატრიოტობა ერთად, სასიკვდილო განაჩენს უდრიდა.

1922 წელს, ზაფხულის ბოლოს, ქაქუცა ჩოლოყაშვილი დუშეთის მისადგომებთან შეტაკებაში მარცხდება, უკან იხევს არაგვის ხეობისკენ და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფრონტის ხაზი, ბრძოლის მთავარი ლოკაცია, ფშავ-ხევსურეთი ხდება! ასე აღმოჩნდა ლევან რაზიკაშვილი მოვლენების ეპიცენტრში! 1922 წლის 30 სექტემბერს, პირადად სერგო სურგულაძის მოხსენების საფუძველზე წაუყენეს სასიკვდილო ბრალი ლევან რაზიკაშვილს, მისი დაპატიმრებისა და ქალაქში გადაყვანის ოპერაციასაც პირადად ხელმძღვანელობდა…

სურგულაძის ბრალის საფუძველზე, 1923 წლის თებერვალში, ლევან რაზიკაშვილი დახვრიტეს. თიანეთის მაზრის თავკაცი კი დიდი მონდომებით აგრძელებდა დასმენა - დახვრეტებს, მანამ, ვიდრე 1923 - ში, ერთ მშვენიერ ზაფხულის დღეს, მას და მის რაზმს, ფშავში სადამსჯელო ოპერაციაზე მიმავალს, ხელაშვილი არ ჩაუსაფრდა მაღაროსკარის ახლოს, ტყეში! ამბობენ, სურგულაძე ხეობაში შემოიტყუესო, მისთვის სპეციალურად გაუთამაშებიათ ვითომ და ფშავ-ხევსურების დაპირისპირება, იმისთვის, რომ თავად წამოყოლოდა საგანგებო დავალებაზე წამოსულ რაზმს.

ზუსტად არავინ იცის გამოსროლილ ტყვიებს ატანდა თუ არა თავისი ძმობილების სახელებს ხელაშვილი, ეს რაზიკაშვილისთვის, ეს მისრიაშვილისთვისო, მაგრამ იმას კი ყვებიან, რომ, მისი ყვირილი ტყეს ძრავდა, “იქედან მოუარეთ, აქეთ არ გაგასწრონ, მისდიეთ და არ დაინდოთო…” ისე დადგა ყველაფერი, თითქოს ერთი კაცია კი არა, მთელი რაზმი იბრძოდა… ისე კი უდრიდა თავად ერთ რაზმს!

1990-იან წლებამდე, საზოგადოებამ მიხას ხელნაწერების არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. იქამდე, ვიდრე ვანო ხორნაულმა არ გადასცა მამის ხელნაწერები მიხას ქალიშვილს და თან გააფრთხილა, - ვინ იცის, ჯერ კიდევ რა მოხდება და არსად გაამჟღავნო, რომ ეს ხელნაწერები ჩემთან ინახებოდაო…

თამარ ხელაშვილის მოგონება:

“დიდი ვაჟკაცობა და სულის ძალა გამოიჩინა კაწალხევში მცხოვრებმა ვანო ხორნაულმა, რაც მასთან იყო, შეძლებისდაგვარად შეინახა და გადმომცა. მადლობა ეთქმის იმ ადამიანებსაც, ვინც მამას ლექსებისა და ამბების მოპოვებაში დამეხმარა: ქედში მცხოვრებ ბეწინტურ ტოხიშვილს, რომელმაც რამდენიმე ლექსი ზეპირად იცოდა. თევდორე მარტიაშვილს, მიხას ბავშვობის მეგობარს და მეზობელს კოფა გორელაშვილს და მის მეგობარ ქალს, პარასკო მთიბელაშვილი-გუშარაშვილს, რომელსაც მამამ არაერთი ლექსი მიუძღვნა და ჭირთა შესამსუბუქებლად კარგი ბარათიც გამოუგზავნია”.

თამარ ხელაშვილი

მიხას ცხოვრება მაშინ მოუწია, როდესაც მთელ ქვეყანაში გამეფებული იყო ფასეულობათა დამცრობის დრო-ჟამი. ცხადია, ისეთ ძალადობას და ბოროტებას ვერ შეეგუებოდა ისეთი ვაჟკაცი, როგორიც ხელაშვილი იყო. გადმოცემით ვიცით, რომ ის, რის გამოც მიხას მოუწია გასვლა, ეს იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ დადგმული პროვოკაცია.

მიხას დის, პელაგია ხელაშვილის მოგონება. 1945 წელი, მაღაროსკარი:

“ის ძალად გააყაჩაღეს მილიციონერებმა და კომისრებმა. თავად კაცის მოკვლა და ღალატი არ შეეძლო. იყო გულკეთილი, მხიარული, მოსიცილე, კარგი მოსაუბრე. იმასთან ყოფნა და საუბარი კაცს არ მოსწყინდებოდა. ისეთი იყო, ღარიბი და გაჭირვებული ებრალებოდა, ტანზეით ტანისამოსს გაიხდიდა და უქონელს მისცემდა. ერთი კარგი ჩოხა ჰქონდა, ძალიან უხდებოდა, ლეგა ფერისა იყო, ლუკა მარცვალაშვილისად მიეცა. რო ჰკითხა სალომემა, დამა: - ი, ჩოხა რაღა უყავ, რო აღარ გცვავო - ლუკას მივეც, ძველი დახეული ჩოხაღა ეცვა, სირცხვილია, ჯეილს დახეული ჩოხა ეცვასო, - უპასუხა თურმე.

ქვეყანაზე მოშურნეს რა დალევს. ჯეილებს შური ჩაუვარდა, ლუკასა, ვაჟას გერსა - ვახტანგსა, ლევანსა და ზოგიერთ სხვებსაც… მიხას ხალხი რო პატივსა სცემდა, ისინი შურით ილეოდნენ, პირადად კი ელაქუცებოდნენ. მიხა ვერავის ამჩნევდა შურ-მტრობასა. თავის ალალი გულით ექცეოდა სუყველასა, დიდსა და პატარას. ძალ-ღონითა და მიზანში სროლით, ყველასა სჯობდა, როცა ან ყაბახი იქნებოდა, ან შეჯიბრი ხატობა-დღეობებში. ცემა არ იცოდა, არც ვინმეს ეცემინებოდა, ისე არ გაიხდიდა საქმესა. ყაჩაღად რომ გავიდა, შინ იმდენად აღარ მოდიოდა. სუ ჩარგალს იყო. იმის მოქიშპეებს უხაროდა, დღეს თუ არა, ხვალე მოჰკლავენ და მოვიშორებთო“.

იმის გამო, რომ ის ასეთი გმირი და ვაჟკაცი იყო, ხელაშვილზე შეყვარებული ყოფილა არაერთი ქალი ამ მხარეში. მისი რჩეული იყო დედანა ბაჩიაშვილი,16 წლის გოგო, რომელთანაც ჯვრისწერა ვერ მოასწრო. მაგრამ მას დარჩა შვილი თამარ ხელაშვილი და ისე მოკლეს მიხა, რომ მიახლოებაც კი ვერ შეძლო შვილთან. (თამარ ხელაშვილი, 2011 წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა).

დედუნა ბაჩიაშვილის მოგონება:

„ნათხოვნი ვყავდი მიხასა, ჯვარი უნდა დაგვეწერა, რომ მამა დამეღუპა. წლისთავამდე ვერ ვიქორწინებდით. სანამ მამას წლისთავი გახდებოდა, მიხაი გავარდა. დასდევდა მილიცია. ჩვენსა რომ მოვიდოდა, დედაჩემი ჯავრობდა და ეხვეწებოდა: - ნუ მოხვალ ჩვენსა, მთავრობა დაგვაღონებს, ქალს დამიწიოკებენ. ტყეში გასულს, ქალს ვეღარ მივცემ,თავი დაგვანებეო.... ასე გავიდა დრო. აბა 15-16 წლის ქალს, რა ძალა და გონი მქონდა? ძალიან კი მიყვარდა მიხაი. ასე შინ დავრჩი და “ყაჩაღის“ ცოლი კი გავხდი. დედაჩემი ჩხუბობდა: - მაგას, ვინ იცის, სად მოჰკლავენ, რა გვეშველება, რაზე ჩაიგდე თავი ცეცხლშიო. მე სულ არ მეყურებოდა არაფერი. მარტო ის მეამაყებოდა, რომ მიხას ცოლი ვიყავ და ის ჩემი იყო. რა დარდი მქონდა ან ჯვრისწერისა, ან ქორწილისა. ქალი გამიჩნდა. ჩემისთანა აღარავინ მეგულებოდა. ბევრჯერ გამიყენეს მაღაროსკარის გზასა ბალღაკიდებული. ბევრი ტანჯვა-წვალება შემხვდა, ბევრი დაკითხვა და დამუქრება. თუ მთაში სადმე მნახავდა, სულ იმას მარიგებდა, - ნუ გეშინია, მე ესენი ვერ მომკლავენ, აქით მალე სულ წავალთ ისეთ ადგილსა, რო ჩვენი მცნობი არც მთავრობა და არც მილიცია იყოსო. გაუძლე ცოტა ხანს. მთავრობაში ისა სთქვი, მიხა ჩემი არაფერია, არც ბალღი მყავს მაგისა, არც ვიცი სად არისო...

ბალღი არ ენახა. ერთხელ მოლოოდიანთ რძალმა მითხრა, - მიხამ დაგიბარა, სახთ იქით გაიაროდი, ბალღის ნახვა მინდაო. მე გულს დამაკლდა, ტირილი დავიწყე, - რადარ აქ არ მოიდა, რა შორით იბარება-მეთქი…

თუმცა ისიც ვიცოდი, ჩვენს სახლს მუდამ რამდენიმე მილიციელი ჰყარაულობდა ჩვენს გაუგებრად. იმალებოდნენ დღისითა და ღამე ჩაუსხდებოდნენ მოსავალშია. ერთხელ კინაღამ, მოლოოდიანთ ივანე მოკლეს, მეზობელი, ჩვენს მომდინარი. ესეთა ამბავი იყო და მაინც გულს შემაკლდა შორით ნახვის სურვილი“.

მიხას მეგობარი ხევსურები

ხელაშვილს მეგობრებიც ბევრი ჰყავდა და მტრებიც. ჩარგლელ მეგობართაგან, ვინც პატრიოტი და მართალი კაცი იყო, მოღალატეებისაგან და ჩეკას ჯალათების მიერ უკვე ჩახოცილები იყვნენ. 1924 წლის შემოდგომისთვის, მიხას “ახლო მეგობართაგან” ისინიღა იყვნენ დარჩენილები, ვისაც მის სიკვდილზე წილი ჰქონდათ ნაყარი. დროს და გარემოებას უცდიდნენ, რომ ისე მოეწყოთ მკვლელობა, სიმართლე არავის გაეგო. ჯერ კიდევ კარგად ახსოვდათ, რომ მიხა, მილიციის სამოცკაციან რაზმს როგორ მოერია, მარტო დაესხა თავს, მოკლა კომისარი ჯაგნელიძე და რაზმიც განაიარაღა. ამ ამბავს თავად მიხაც ადასტურებს თავისი ლექსით:

მარცხნიდან მეორე მიხას ახლო მეგობარი ალექსი მისრიაშვილი

„ხელაშვილი ვარ მიხაი, კომუნისტების მტერია,

საცა კომუნისტს შავხვდები, უნდა გამოვჭრა ყელია.

შავვარდი მაღაროსკარში, როგორც მშიერა მგელია,

სამოცი დამხვდა ყაზახი, სამოცივ კავალერია,

სამოცსავ თოფებ ავყარე, მაუკელ კამისერია...“

მიხას ლექსი "დედის სიკვდილზედ"

ამ ამბის შემდეგ კი, გაუგონარი რამ მოხდა. მტრებმა ხელაშვილს საფიცარი დედა ვერაგულად მოუკლეს. ხოდადან წამოსულ მოხუც ქალს, გზაზე მკვლელები დახვდნენ და ხანჯლებით უამრავი ჭრილობა მიაყენეს. ხალხში დარჩენილი გადმოცემის თანახმად, რაზმელებმა მოხუცი ჯერ აწამეს: სთქვი, სად არის შენი შვილიო და მერე მოკლეს და გაძარცვეს. მიხას დედის ბარბაროსულმა მკვლელობამ, მთელი ფშავი შეძრა. სოფელს დიდი სირცხვილი დაედო. ქალის მკვლელობა ყველგან, და, განსაკუთრებით მთაში, გაუგონარ სისასტიკედ და ლაჩრობად მიიჩნეოდა. მიხამ, წერილი მისწერა ოსა ზურაბაშვილს, რომელიც სოფლის თავკაცად ითვლებოდა, რომ დედამისი ეკლესიის გალავნის შიგნით დაეკრძალათ, როგორც ეს სასულიერო პირის ოჯახს ეკუთვნოდა. სოფელმა წინააღმდეგობა ვერ გაუწია მიხას, და შეასრულა შვილის მოთხოვნა. მიხაც მივიდა, დედა დაიტირა და ისევ ტყეს შეაფარა თავი. შემდეგ კი, დედის მკვლელობასთან დაკავშირებით დაწერა ლექსი, რომელიც დღეს უკვე შედევრად იქცა:

“მომკლავსა თავის დედისა, სცხვენოდეს ფშავლის შვილსაო,

შინაურების დათოფვა არ ეკადრება გმირსაო,

დიაცის მოკვლა არ არი ადათი ვაჟკაცისაო.

მტერიც არ შამხვდა მტრისფერი, ვარ უბედური დღისაო“.

მდგომარეობა დღითიდღე მძიმდებოდა. სიკვდილის მოლოდინზე მძიმე ასატანი იმ ხალხის ღალატი გამოდგა, ვისაც თავისიანად თვლიდა. მტერი მრავლდებოდა და სასიკვდილო წრეც თანდათან ვიწროვდებოდა მის ირგვლივ…

  • მიხა ხელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლუკა მარცვალაშვილის გადაბირების ოქმი

მიხას დის, სალომე მოგონება:

„წინა კვირასვე უნდა წასულიყო კახეთში. იცოდნენ მისმა მკვლელებმა. ისინიც თურმე ჩქარობდნენ. ელაქუცებოდნენ, ეპატიჟებოდნენ, ქეიფობდნენ, ერთგულებას ეფიცებოდნენ. აბრიყვებდნენ. შური და მტრობა ცალკე აწვალებდათ, ჯილდო და საჩუქარი - ცალკე. მისი მოკვლით ხომ ფულსა, მილიციის მუშაკის თანამდებობასა, უღელ-ხარსა, შეკაზმულ ცხენს მიიღებდა ლუკა. ეს ძალიან ბევრი იყო უქნარა, ღატაკი მარცვალაშვილისათვის. ლუკას თურმე ეტყოდა:

“ჩემზე კარგა ფულია გასაცემი. რაღა ვიღაცა გადამთიელმა აიღოს, ისევ შენ აიღო არა სჯობია? აიღე და მესროლე. ოღონდ, თუ თვალი და ხელი მოგისწარ, ვაი, შენ, გადანაყარიო“, - ხუმრობდა, მაგრამ…

ძალიან ჯიბრში ედგა, ვახტანგ რაზიკაშვილიც, ვაჟაის გერი. შურდა, რომ კარგი ავტორიტეტი ჰქონდა. მიხასა და ვაჟაანთ ლევანს აღმერთებდნენ. ვახტანგი კი, სულ ჩრდილში რჩებოდა. ვახტანგს ორივე სძულდა.

გარსევაანთ ლევანი კი, მკვლელი იყო. მისთვის მკვლელობა ხელობასავით იყო. აი, ამ ხალხმა დააწყო გეგმა: მიხა როცა წასვლას დააპირებდა, კარგად დაეთროთ და როგორმე მძინარე მოეკლათ. სულ გაანგარიშებული ჰქონდათ, ვის რა გაეკეთებინა. მიხამ გოგოთურაანთ ლუკასთან და ლევან გარსევანაშვილთან ერთად იქეიფა. იქიდან მღვდელთან უნდა გადაევლოთ. მიხამ, - უნდა დავიძინო, ხვალ ადრე გასვლა მომიხდება, უძილოდ ვერ დალახავ თოვლიან მთასო. ეს ამბავი ძალიან გაუხარდა ლუკას და მის ამხანაგს. თავად მეზობელთან წავიდნენ ქეიფის გასაგრძელებლად. ლუკას და, თამარიც თან გაჰყვა. იქიდან თამარი ადრე გააგზავნეს - აბა, შინ გადაიარე, მიხამ სად, როგორ დაიძინაო. ქალმა დაზვერა მძინარე კაცის ადგილსამყოფელი. დაბრუნდა და შეატყობინა, - საბძელში მარჯვნივ წევსო. მივიდნენ, კარგად დაზვერეს. ლუკამ თოფი თავთან ახლოს ვერ მიიტანა, ეშინოდა. მაშინ ლევანმა დაახალა და მიხა ხმისამოუღებლად გაცივდა, ოღონდ ხელებით და პირით ბზე-ჩალა დაებღუჯა. მერე როცა კარგად დარწმუნდნენ, რომ მოკვდა, ლევანი თავის შინ წავიდა. ლუკამ კი, ვახტანგთან ჩაირბინა, - მიხა მოვკალითო. ვახტანგი მოევლო ცხენსა და მაღაროსკარიდან მილიცია მოიყვანა, მილიციონერებმა გოგოთურაანთ სახლთან სროლა ატეხეს. ხალხს ატყუებდნენ. ვითომ მიხა მილიციამ მოკლაო.

მიხა ხელაშვილის ხელნაწერი

მე ჯერ არაფერი ვიცოდი. მეორე დილას, გადმაიარა აფხუშოს დარეჯანმა (ნათესავი იყო ჩვენი). მითხრა, - აბა, წავიდეთ, წუხელ გოგოთურაანთ თოფების ხმა გამოდიოდა. მიხას ხომ არაფერი დაუშავესო. წამოვედით. ხოდას მილიცია იყო. ახლოს არ მიგვიშვეს. საბძელში შევედით. თავის ნამსხვრევები, ტვინი და სისხლი თივაზე იყო, მოვკრიფე, წინსაფარში ჩავიყარე და თავის დედის თავით ჩავფალი მიწაში. მიხა ყალზე დააკრეს და ჩაათრიეს ჭალაში დუშეთში წასაღებად. ჭალაში ხალხი დახვდა. ყველა თავისათვის ჩუმად ტიროდა, ეშინოდათ მთავრობისა. დუშეთში, კარგა ხანს, მილიციის წინ, ეზოში ეგდოთ. მერე იქვე თხრილში მიაგდეს ზეზეურად, მიწის მიუყრელად. რამდენიმე ხანს იყო ესე. მერე როცა ნეშთმა დაშლა დაიწყო, ხევსური რაზმელი იყო იქა, იმან ჩუმად, ღამით მოგვაპარინა მე და თევდორეს. ცხენის ხურჯინში ჩავაწყვეთ დარჩენილი სხეულის ნაწილები. ღამე ვიარე, ღამე გავთხარე დედის საფლავთან მიწა და ქურდულად დავმარხე“.

მარიამ ხუცურაულის ლექსი "მიტირე მერე (მიხა ხელაშვილი თავის დას)". კითხულობს ლელა რაზიკაშვილი

მიხას მკვლელობის შემდეგ მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც დაგეგმილი იყო. ხალხმა ძალიან მალე შეიტყო სიმართლე, და ისიც, როგორ განახორციელეს ჩანაფიქრი მოღალატეებმა.

ხელაშვილის მკვლელობის მეორე დილა: პირველ რიგში მარცხნიდან მარჯვნივ: ვახტანგ რაზიკაშვილი, ლევან გარსევანაშვილი და ლუკა მარცვალაშვილი
თამარ ხელაშვილის წარარწერი ფოტოს უკან

ლევან გარსევანიშვილი მიხას მკვლელობიდან, ერთ წელიწადში გარდაიცვალა უსახელოდ. ზოგი ამბობდა მოწამლეს და ისე მოკვდაო, ზოგი კი ამტკიცებდა, მოურჩენელი ჭირი შეხვდა და ზეზეურად დალპაო...

ლუკა მარცვალაშვილმა უცოლშვილოდ გალია წუთისოფელი, მიხას მკვლელობის შემდეგ, 24 წელი იცოცხლა. ბევრჯერ გადაურჩა სიკვდილს, მოწამლეს კიდევაც, მაგრამ გადარჩა. ბოლოს, სოფელში განთქმულმა გოგია ჭიჭოშვილმა მოუღო ბოლო.

მიხას მოკვლის შემდეგ, ჩარგალი ზიზღით უყურებდა ვახტანგ რაზიკაშვილს.

გიორგი პირქუშაშვილი

ვახტანგს თანასოფლელი ქალი მოსწონებია, მაგრამ ქალს საქმრო ჰყავდა, რომელიც მიხას მეგობარი, გიორგი პირქუშაშვილი იყო. ვახტანგს ძალიან ეშინოდა ამ უშიშარი ვაჟკაცის და მზაკვრულ ხერხს მიმართა: ერთ საღამოს, გზაზე ჩაუსაფრდა გიორგი პირქუშაშვილს და ოთხი ტყვია ზურგიდან დაახალა, შემდეგ მივიდა, ცხენიდან ჩამოაგდო და ხანჯლით აკუწა...ეს იყო 1926 წლის 15 დეკემბერი. თვითონ ვახტანგმა, ამ მკვლელობაზე მცირე სასჯელი მოიხადა და მალევე გარეთ გამოვიდა. დიდხანს იცოცხლა, თითქოს ყველაფერიც ეპატია! თუმცა ღვთის სამართლის აღსრულების დროსა და ხარისხს, ადამიანები ვერასოდეს გავიგებთ...

  • ვახტანგ რაზიკაშვილის საქმე უშიშროების არქივიდან

მიხა ხელაშვილისნაირი გმირები გვეუბნებიან, რომ აწმყოში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჯარისკაცები… მიხა დაბადებიდან სიკვდილამდე იყო თავის ქვეყნის ჯარისკაცი. ამ პატარა ბიჭისათვის, ეს თავგანწირული ბრძოლა შეგნებული არჩევანი იყო...

ხელაშვილის უკანასკნელი წერილი დაო პარასკოს

სტატიაში გამოყენებული მასალების ნაწილი ქვეყნდება პირველად

სპეცპროექტის ავტორი:

  • რუსუდან შაიშმელაშვილი

პროექტზე მუშაობდნენ:

  • ნათია დოლიძე
  • სანდრო შუღლაძე
  • ეკა აბაშიძე
  • ბექა ჩხაიძე