ავტორი:

"მე არ მჭირდება არსად გადასახლება! მე მქონდა სახლი" - სოფელ ითხვისში მიწას ნაპრალები გაუჩნდა და სახლები ინგრევა (ფოტოები)

"მე არ მჭირდება არსად გადასახლება! მე მქონდა სახლი" - სოფელ ითხვისში მიწას ნაპრალები გაუჩნდა და სახლები ინგრევა (ფოტოები)

სოფელ ითხვისში სახლები ინგრევა. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელში 12 სახლი სრულად დაინგრა, ნაწილი კი დაზიანებულია. სოფელში მიწას ბზარები გაუჩნდა. მოსახლეობა იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. მათ მხოლოდ ნივთების ნაწილის გატანა მოახერხეს.

მოსახლეობა მიწის მასის ჩავარდნას მიწის ქვეშ მარგანეცის მოპოვებას უკავშირებს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ამ სოფელშიც მადნის არასწორად მოპოვება მიმდინარეობს.

"სიცოცოხლისთვის საშიში მდგომარეობაა, თითქმის ყველაფერი ინგრევა, სახლები მიწაში ვარდება. იძულებული ვართ, დავტოვოთ და წავიდეთ. ღამე ვერ ვიძინებთ, გაიყვანეს ბავშვები და მოხუცები. დროებით ფართს მოვძებნით. მთავრობა გვპირდება, რომ დაგვეხმარებიან. მაგრამ ცხოველები და ფრინველებიც გვყავს და მათ რა მოვუხერხოთ?"- აცხადებს ადგილობრივი ეკატერინე ღუღუნიშვილი.

მოსახლეობისვე თქმით, პრობლემაზე ამ დრომდეც ლაპარაკობდნენ და სპეციალისტების მიერ ტერიტორიის შესწავლას მოითხოვდნენ.

სოფელში იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნატორი და ჭიათურის მერი. მათი თქმით, ამ ეტაპზე გადაუდებელი საჭიროების მქონე 12 ოჯახს გაიყვანენ და მათ ალტერნატიული ფართებით უზრუნველყოფენ.

გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე შესაბამისი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. სპეციალისტები დასკვნას სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ დადებენ.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ადგილობრივი თეა მეგრელიშვილი და ფოტოებსაც აქვეყნებს:

"ითხვისლებო, გაიღვიძეთ. დავუდგეთ ერთმანეთს მხარში! განცხადება არის დასაწერი! გვჭირდება იურისტი! მე არ მჭირდება არსად გადასახლება! მე მქონდა სახლი და რატომ მინგრევს სახელმწიფო,მე ხომ ამის ნებართვა არ მიმიცია?ამიტომ არავისთან შემთხვევაში ხელს არ მოვაწერე გადასახლებას სანამ არ იქნება კომისიის დასკვნა თუ რამ გამოიწვია მეწყერი!თუ მეწყერი გამოიწვია მაღარომ მაშინ მაღარო პასუხს აგებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად! ნუ გძინავთ! ნუ გაყიდით საკუთარ წარსულს!ბავშვობას! ჭერს! ქალაქს! სოფელს! ნუ გაიყიდებით ორ კაპიკად! მე მინდა ჩემი სახლი! როცა მეკითხებოდნენ რომ დაბრუნდები, რა უნდა გააკეთოო, ჩემს სოფელში უნდა წავიდე და იქ ვიცხოვროთქო, ვპასუხობდი! ახლა რა ვთქვა?!", - წერს მეგრელიშვილი.