ავტორი:

"ჩემი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს... იქაური ხელისუფლება და ჩვენი შინაური დამაქცევლები ერთი კორპორაციაა" - რას ამბობს ზაზა პაპუაშვილი რუსეთ-უკრაინის ომსა და ნინო კასრაძესთან აზრთა სხვადასხვაობაზე?

"ჩემი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს... იქაური ხელისუფლება და ჩვენი შინაური დამაქცევლები ერთი კორპორაციაა" - რას ამბობს ზაზა პაპუაშვილი რუსეთ-უკრაინის ომსა და ნინო კასრაძესთან აზრთა სხვადასხვაობაზე?

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თვეზე მეტი გავიდა, თუმცა საქართველოს ხელისუფლების ამ უმძიმესი პროცესისადმი დამოკიდებულება მაინც ორმაგ სახეს ატარებს. ერთი მხრივ, თითქოს საერთაშორისო ფორუმებზე და რიგ შემთხვევაში, ვერბალურადაც უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებებს საზოგადოების ნაწილი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს. თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საბოლოოდ გაიწვია ელჩი საქართველოდან.

"არიან ადამიანები, რომლებიც სხვებთან ერთად მუშაობენ სახელმწიფოს დასაცავად იმისთვის, რომ უკრაინამ თავისი მომავლის არჩევა შეძლოს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული ასეთი ადამიანის ქმედებას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ დარჩნენ იქ, სადაც არიან. დღეს ხელი მოვაწერე, მაროკოდან ელჩის გამოწვევას. ასევე დაბრუნებულია ელჩი საქართველოდან. დიდი პატივისცემით: არ იქნება შეიარაღება, სანქციები, შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის, გთხოვთ, ეძებეთ სხვა სამსახური", - განაცხადა ზელენსკიმ. ანჯერად მას საქართველოს ხელისუფლება აღარ უხსენებია.

"წარმოუდგენლად მიუღებელია უკრაინის მაღალი ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკა ჩვენს მიმართ, თურმე აქედან იარაღი რატომ არ ჩადის... ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ ქვეყნის შინაური დამაქცევლები და ისინი ერთი კორპორაციაა", - აცხადებს მსახიობი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ყოფილი პარლამენტარი ზაზა პაპუაშვილი, რომელთან ინტერვიუსაც გთავაზობთ:

- არ ვიცი, ნორმალური ადამიანი ამ ტექნოლოგიურ ეპოქაში ომების მომხრე როგორ უნდა იყოს... ამის ყურებაც და გაგონებაც კი დიდი უბედურებაა! არ მეგულება ნორმალური, ჯანმრთელი ადამიანი, ამ ყველაფერს საშინლად რომ არ განიცდიდეს. ვხედავთ მთელ საქართველოს არ სძინავს და ნერვოზი აქვს უკვე ყველას ამ ომის გამო...

დიდი უბედურება ტრიალებს და ჩვენმა ქვეყანამ სოლიდარობა ყველა დონეზე გამოხატა... ამის მტკიცებას აღარ შევუდგები.

- ისმის კრიტიკაც რომ საქართველოს მთავრობიდან არ იგრძნობა სათანადო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ...

- ათასჯერ მაქვს ერთი და იგივე ნათქვამი, ათას პროვოკატორსაც გადავეყარე... ნათქვამია, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო, მაგრამ ამ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში, მტყუან-მართლის გარჩევა გაჭირდა... ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია, ტანკები აქვე დგანან, უახლეს ისტორიაში გავლილი გვაქვს ომები: სამოქალაქო, აფხაზეთის, სამაჩაბლოს, კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომი, ხელისუფლების მოქმედებაში სიფრთხილე ჩანს, რომ იგივე კვლავ არ განმეორდეს. ის შეცდომები რომ არ გავიმეოროთ, რაც ადრე დავუშვით. დაახლოებით ამ სურათს ვხედავ და დანარჩენი სამხედრო თემებზე საუბრისთვის მე ვერ გამოვდგები, ამაზე ექსპერტები ილაპარაკებენ. რაც შეეხება ელჩის გაწვევას, ჩემი დამოკიდებულება არ შეეხება უკრაინელ ხალხს და მებრძოლებს, უბრალოდ, გაოცებას იწვევს ის, რომ უკრაინის ხელისუფლება ამ გაგანია ომის დროს ისეთ არამეგობრულ განცხადებებს აკეთებს ჩვენი ქვეყნის მისამართით... განსაკუთრებით უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებამ გამოიწვია ჩემი აღშფოთება, როცა თქვა, საქართველოში მეორე ფრონტი რატომ არ იხსნებაო... ანუ რატომ არ გვეყრება ჩვენც ბომბები და ამ უბედურებაში არ ვართ გახვეული... ეს გავაკრიტიკე, მერე ზოგს აერია, ამიტომაც კიდევ ერთხელ განვმარტავ, ჩემი საყვედური უკრაინელი ხალხის მიმართ არ ყოფილა, ეს იყო იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ...ეს განცხადებები იმდენად წარმოუდგენელი და შეურაცხმყოფელია, ამას ურთიერთობა და მეგობრული დამოკიდებულება აღარ ჰქვია...

დაუშვებელია ასე ურთიერთობა მეზობელ ქვეყანასთან, რომელმაც ნებისმიერ მაღალ ფორუმზე მხარი დაგიჭირა... იმდენად მნიშვნელოვანი იყო ჩვენგან სოლიდარობა, ჰუმანიტარული დახმარება, საქართველოს ნამდვილად არ ეკუთვნოდა ასეთი რამ...ამ ტონით ლაპარაკი არც ქვეყნის მოსახლეობას და არც ხელისუფლებას არ გვეკუთვნის, არ არის სწორი! ეს ყველაფერი კი იმას გვაფიქრებინებს, რომ სხვა პროცესები მიდის... ჩვენში ბევრისთვის ერთიან გუნდად ჩანს, ისინი, ვინც ახლა საქართველოში ე.წ. ოპოზიციას წარმოადგენენ და უკრაინის ხელისუფლებაში მყოფნი... რანაირად შეიძლება საქართველოდან ჩადიოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, სხვა ქვეყნის უშიშროების საბჭოზე ისხდნენ და რაღაც თემებს განიხილავდნენ?! ეს რაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს და მომავალში კიდევ ბევრი რამ გაირკვევა!

ვინ ვის უკრძალავს აზრს გამოთქმას და მსჯელობას, მაგრამ ყველას უპირველესად ჩვენი ქვეყანა უნდა გგიყვარდეს და დღევანდელ რეალობას ვითვალისწინებდეთ. უნდა იფიქრო იმაზე, რომ შენს ქვეყნაში მსგავსი რამ არ მოხდეს! თითქოს თავდაცვითი მექანიზმები პატარა ქვეყნებისთვის თანდათან კლებულობს, თუ საერთოდ არ გამქრალა. ეს არის საფიქრალი და სადარდებელი! ძალიან ბევრი დინებებია, რომელზეც შემდეგ დრო გასცემს პასუხს... მიუხედავად იმისა, რომ ორი მხრიდან მოდის ამხელა პროპაგანდა, აქ ძნელია რეალური სურათი დაინახო... ახლა მთავარია ამ უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტვა შეწყდეს და პროცესები ისე წარიმართოს, რაც უკრაინას წაადგება...

ახლა ლაპარაკობენ მოლაპარაკებებზე, ისმის კითხვა, აქამდე არ შეიძლებოდა მოლაპარაკებები, რათა ომი არიდებული ყოფილყო და ეს ამდენი უდანაშაულო ადამიანები არ დახოცილიყვნენ?!

- რუსეთზე რას იტყოდით?

- რუსეთიდან იმდენი დარტყმა გვაქვს მიღებული ჩვენი ისტორიის განმავლობაში, იმდენჯერ მოგვატყუეს, ჩემთვის ცოტა გაუგებარია, რა ფორმა უნდა გამოიძებნოს, რომ მათ დაველაპარაკოთ და იგივე არ განმეორდეს... რა იმედებიც გვქონდა პატარა ერებს, რომ დასავლეთის ინსტიტუტები დაგვიცავდნენ და უბედურებას აგვარიდებდნენ, ეს ცოტა არ იყოს გაფერმკრთალებულია, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს...

ამ ყველაზე მეტად ჩემთვის გამაღიზიანებელია, როდესაც ადამიანს არ ესმის, ან არ იცის პრობლემის სიღრმე და სირთულე და მაინც ლაპარაკობს... ღმერთმა დაგვიფაროს ეს უბედურება საქართველოშიც გადმოვიდეს! ეს ფსევდოსოლიდარობა, ფსევდოვაჟკაცობა, სხვისი დამუნათება, რომ მშიშრები არიან, მიუღებელია. სახელმწიფოსთან მათი აზრის გაიგივება ნამდვილად არ შეიძლება! თან ყველაფერი იმ ადამიანებიდან მოდის, რომლებიც 2008 წლიდან გარბოდნენ და ახლა სხვებს აქეზებენ.

ურთულესი ვითარებაა და ახლა ძალიან დიდი გონიერება გვმართებს... ყველა ნაბიჯი ისე უნდა გადავდგათ, რომ არც ქვეყნის ღირსება შეილახოს და არც დავიღუპოთ! აი, ეს არის ზუსტად დიპლომატია. არ ვამბობ, რომ შიშით ვკანკალებდეთ, მუხლებზე დავდგეთ და ხელებაწეული ვიყოთ, ეს კატეგორიულად დაუშვებელია! მე ვლაპარაკობ რომ მოლაპარაკებაში და დიპლომატიაში უნდა იყოს ის სიბრძნე და ვაჟკაცობა, რასაც ქვია წითელი ხაზების არგადაკვეთა და თან შენი ღირსების დაცვა! ახლა ერთმანეთის პროვოკაციებზე წამოგება და შანტაჟი კი არა, პირიქით გაერთიანება გვმართებს! რაც არ უნდა განსხვავებული აზრები გვქონდეს, ქვეყნისთვის აუცილებელია ერთიანობა და ერთი პოზიციის ჩამოყალიბება! ჩვენ პასუხი მომავალ თაობებს უნდა გავცეთ და უგუნურებას აღარავინ გვაპატიებს! ვაჟკაცობა და უგუნურება სხვადასხვა რამეა! დემეტრე თავდადებული როდესაც ხედავდა გამოუვალი მდგომარეობა იყო, ქვეყანა რომ არ აეოხრებინათ, პირიქით იქით ეახლა მტერს, - თავი მე მომაჭერით და ქვეყანა არ ააოხროთო... აი ეს არის გმირობა!

ახლა კი ვითარების მიხედვით, სიტუაციას ძალიან სწორი ანალიზი ჭირდება, წარსულის შეცდომები არ გავიმეოროთ! ბოლოსდაბოლოს, თუ გამოუვალი მდგომარეობაა, მაშინ კი ბატონო, - "სჯობს სოცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი!" უბრალოდ, აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე და ამაზეა დიპლომატიურად სამუშაო... კიდევ ვიმეორებ, წარმოუდგენლად მიუღებელია უკრაინის მაღალი ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკა ჩვენს მიმართ... ეს გვაფქრებინებს, რომ ჩვენი ქვეყნის შინაური დამაქცევლები და ისინი ერთი კორპორაციაა. მიუღებელი და შეურაცხმყოფელია ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩემი სოლიდარობა უკრაინელ ხალხს, რომლებსაც თავის გასაჭირი, თავის უბედურება აქვს..

- ბევრ თაობას ახსოვს რუსთაველის თეატრის სპეტაკლებში თქვენი და ნინო კასრაძის დაუვიწყარი დუეტი... ბოლო მოვლენებისადმი მან ღიად გამოხატა თავის მოსაზრება, რაში ეთანხმებით და რაში - არა?

- უდიდესი მადლობა, ძალიან გამიხარდა და დიდი პატივია ჩვენი დუეტი, რომ ასე გაიხსენეთ... ძალიან კარგი დრო იყო... ნინოს არასოდეს მოკლებია ჩემი სიყვარული და პატივსცემა! რაც სცენაზე ერთად გავიარეთ, ჩემთვის ძალიან ძვირად ფასობს და ვიცი მისთვისაც... რაღაცაში შეიძლება ნინო არ დამეთანხმოს, რაღაცაში მეც, მაგრამ იმ ჩვენს ერთობლივ საქმეს ძალიან დიდ პატივს ვცემ და ეს ყველაზე მთავრია.. .ყველას კარგად ახსოვს რა ურთულეს წლებში ვიდექით სცენაზე, მაგრამ მაშინ სიყვარულიც მეტი იყო და კულტურის მიმართ მოთხოვნაც... სიყვარული რომ დაიკარგა, ამას იმდენად განვიცდი, მეტი რომ არ შეიძლება!

- საუბრის დასასრულს, ისევ უკრაინის თემას დავუბრუნდეთ...

- კიდევ ერთხელ გამოვთქვამ ძალიან დიდ აღშფოთებას იმის გამო, რაც ახლა უკრაინაში ხდება... პატარა ერების დასაცავად მსოფლიომ უფრო მეტი თუ არ გააკეთა, სულ ასე შიშის ქვეშ მოგვიწევს ყოფნა... რაღაც რეალური გარანტიებია საჭირო. ასე გავჩნდით ამხელა მონსტრის გვერდით და სად გადავიტანო ჩემი ქვეყანა, რა გავაკეთო? ეს არის საფიქრალი და სატანჯველი! ეს უბედურება რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენ ხომ ნანახი გვაქვს და ამიტომაც ამ ფსევდოპატრიოტიზმს, გულგრილ დამოკიდებულებას მოვლენების მიმართ ვერაფრით მივიღებ! 60 წლის ვხდები, ბევრი რამ ვნახე, ბევრ რამეში მაქვს მონაწილეობა მიღებული და ვიცი, რა როგორ არის... ეს ომი, კაციჭამიობა უნდა დამთავრდეს და იმ მაგიდასთან უნდა აღმოვჩნდეთ, სადაც რეალური გარანტიები იქნება...