ავტორი:

"ხელფასსა და პენსიას რუსეთი გვიხდის, სამუშაოდ იქ დავდივართ და ქაღალდზე რას დაწერენ, რა მნიშვნელობა აქვს?" - როგორ შეხვდნენ "სამხრეთ ოსეთში" ბიბილოვის ინიციატივას?

"ხელფასსა და პენსიას რუსეთი გვიხდის, სამუშაოდ იქ დავდივართ და ქაღალდზე რას დაწერენ, რა მნიშვნელობა აქვს?" - როგორ შეხვდნენ "სამხრეთ ოსეთში" ბიბილოვის ინიციატივას?

"ძალიან მალე სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში იქნება" - ასეთ დაპირებას აძლევს წინასაარჩევნოდ ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი ადგილობრივ მოსახლეობას. მისივე თქმით, ეს მოხდება უახლოეს დროში, 10 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებამდე.

"რუსეთთან მიერთება ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანია, როგორც ფედერაციაში ორი ოსი ხალხის გაერთიანება. ამის შესაძლებლობა 2014 წელს გვქონდა, როდესაც მშობლიურ სავანეს ყირიმი დაუბრუნდა. მაშინ ჩვენი შანსი ხელიდან გავუშვით, თუმცა ახლა ამას არ დავუშვებთ. უახლოეს დროში შესაბამის იურიდიული ნაბიჯებს გადავდგამთ - რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება საკუთარ ისტორიულ სამშობლოს – რუსეთს" - ნათქვამია ბიბილოვის განცხადებაში, რომელსაც მისი პრესსამსახური ავრცელებს.

ბიბილოვის განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მათ არ სჯერათ, რომ ბიბილოვის ადმინისტრაცია ნამდვილად დგამს რაიმე იურიდიულ ნაბიჯებს აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად.

სხვების თქმით, ეს არის საუკეთესო გამოსავალი იმისთვის, რომ ცხინვალის ე.წ. პოლიტელიტამ რეგიონში დაგროვილ პრობლემებზე პასუხისმგებლობა მოიხსნას.

"რა გამოდის, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა სისხლით და იარაღით, იმიტომ, რომ რუსეთს შეერთებოდა?! სხვა თუ არა, ჩვენ ხომ კარგად ვიცით, სრულიად განსხვავებული ენა, ადათი და შეხედულებები გვაქვს? კი ბატონო, ოსები ვართ, მაგრამ განსხვავებული. ასე უფრო ადვილად გავრუსდებით. როგორც ჩანს, ამის წინააღმდეგი ძალიან ცოტაა, რადგან ხალხი ძალიან დაღალა მუდმივმა პრობლემებმა, უმუშევრობამ, ჩაკეტილობამ... პირდაპირ რომ ვთქვათ, სუსტი ერი ვართ, რომელმაც გადარჩება ვერ შეძლო..." - წერს ადგილობრივი ნაირა პლიევა სოციალურ ქსელში.

"მე ის მიკვირს, აქამდე რატომ არ შევუერთდით, აბსოლუტურ უმეტესობას რუსეთის მოქალაქეობა, რუსული პასპორტები გვაქვს. ხელფასსა და პენსიას რუსეთი გვიხდის, სამუშაოდ იქ დავდივართ, მათი ბაზები ყოველდღიურად ფართოვდებოდა. ჩვენი ბიჭები უკრაინის ომში გაუშვეს და როგორც ამბობენ, საკმაოდ დიდი მსხვერპლიც გვაქვს და ის კოშმარი თუ მალე არ დამთავრდება, კიდევ ბევრს წაიყვანენ...

ამიტომ, ქაღალდზე რას დაწერენ, რა მნიშვნელობა აქვს. რუსეთის გარდა, ისედაც ვერავინ გვამჩნევდა. ამიტომ, ახლა თუ ბიბილოვის ხელისუფლებას ვაკრიტიკებთ პრობლემების გამო, შემდეგ უკვე შეგვეძლება პირდაპირ მოსკოვს შევუტიოთ. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა" - მიაჩნია ლუდმილა ჩოჩიევას.

"ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა, ერთხელ და სამუდამოდ დაცულები ვიქნებით. რომ აგიჩემებიათ, გავრუსდებითო, ამდენი წელია ალანია მის შემადგენლობაშია, მაგრამ ენა არავის წაურთმევია. მშვენივრად ცხოვრობენ, ხელფასიც აქვთ, პენსიაც, სამუშაოც და ფასებიც მისაღებია, მთავარია, ჩვენ თუ ვჭირდებით რუსეთს. მაინც მგონია, რომ ბიბილოვი ისევ ძველი პიარის გზას მიყვება" - წერს ლუდვიგ ქელეხსაევი.

ე.წ. ცხინვალის რეგიონის ინიციატივას არ უერთდება ოკუპირებული აფხაზეთი. მისი ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას თქმით, მათი მიზანი მოძმე რუსეთთან შეერთება კი არა, კავშირების კიდევ უფრო დაახლოებაა.

Апсадгьыл-инфо-ს ცნობით, ბჟანია მიესალმება "სამხრეთ ოსეთის" გადაწყვეტილებას, რუსეთს შეუერთდეს და მიაჩნია, რომ ბიბილოვის ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები ოსი ხალხის სურვილს გამოხატავს.

"ის, რომ ბიბილოვს რუსეთში შემადგენლობაში უნდა შესვლა, არ ნიშნავს, რომ რუსეთი აუცილებლად მიიღებს. მას ახლა უამრავი პრობლემა აქვს და ნამდვილად არაფერში სჭირდება შეუმდგარი, მუდმივად ფინანსური პრობლემების მქონე სამხრეთ ოსეთი... რაც შეეხება აფხაზეთს, ამ საკითხს არც კი განვიხილავთ და კარგია, რომ ეს ჩვენი პრეზიდენტიც ამ აზრზეა" - წერს სოციალურ ქსელში ოლეგ კვარჩია.

"ჩვენი ხელისუფლება რას ამბობს ერთია, მაგრამ სხვა საკითხია, რას აკეთებს. მისი ქმედებებიდან კი ჩანს, რომ ის რუსეთთან კიდევ უფრო დაახლოების მომხრეა. მიერთება მეტი კი არაფერია. მას ჯარით დახმარებას ჰპირდება, მისი ბაზები ჩვენს ტერიტორიაზეა და რაც მთავარია, შეხედეთ, რას წერს და ლაპარაკობს ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა. რუსეთის პროპაგანდისტის, მარგარიტა სიმონიანის თქმით, საზღვარი არც უნდა არსებობდეს. ის ვის იდეებს ავრცელებს კი ვიცით. მას აფხაზეთში, უამრავი მომხრე და მიმდევარი ჰყავს, მათ შორის, ადგილობრივ სომხებში. ასე რომ საფრთხე უფრო ახლოს არის, ვიდრე გვგონია" - წერს სოხუმელი ირაკლი სუხუმსკი.