უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელგიის ფედერალურ პარლამენტში ვირტუალურად გამოსვლისას დაგმო რუსულ-ბელგიური ბრილიანტებით ვაჭრობა და კიდევ ერთხელ მოითხოვა მისი ქვეყნის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადება.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გასულ თვეებში ქალაქ მარიუპოლის 90% განადგურდა.
"ოთხი კვირაა, ეს ქალაქი ალყაშია მოქცეული: შესვლა მთლიანად აკრძალულია. აღარაფერი დარჩა: არც წყალი, არც საკვები, არც წამალი. სიცოცხლე არ არსებობს. თუმცა ჩვენ ვდგავართ. თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას”, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ, ვინც ქალაქს იცავდა, ჰქონდათ არჩევანი დაეტოვებინათ ის, მათ ეს არ გააკეთეს.
"ყოველდღიურად ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჰუმანიტარული დერეფანი შევინარჩუნოთ, რათა ქალები, ბავშვები და მოხუცები გაიქცნენ. ზოგჯერ ეს დერეფნები მუშაობს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში რუსები [მშვიდობიან მოსახლეობას] ქალაქიდან გასვლის საშუალებას არ აძლევენ. ეს არის ჯოჯოხეთი დედამიწაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან მარიუპოლის ვითარება იპრის ბრძოლას შეადარა, რომელიც ცნობილია, როგორც პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი ბრძოლა ბელგიაში. მარიუპოლზე საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ არავის აქვს გამბედაობა შეაჩეროს ის და „დაასრულოს ჯოჯოხეთი ჩვენს ქვეყანაში.”
ბელგიელ დეპუტატებს ზელენსკიმ უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის გამოცხადება სთხოვა. ამ კონტექსტში მან განაცხადა, რომ უკრაინელებს აქვთ განცდა, რომ ევროპელები არ არიან საკმარისად მამაცები ამ გადაწყვეტილების მისაღებად.
უკრაინის პირველმა პირმა დაგმო რუსული ბრილიანტები, რომლებიც ჯერ კიდევ იყიდება ანტვერპენში.
"არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ანტვერპენში გაყიდული ბრილიანტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. მშვიდობა ბრილიანტზე ბევრად მეტი ღირს."
ზელენსკიმ ბელგიელ კანონმდებლებს მადლობაც გადაუხადა უკვე გაწეული დახმარებისთვის. ცნობისთვის, ბელგია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უკრაინას დახმარება გაუწია.
სიტყვით გამოსვლის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტმა "დიდება უკრაინას" დაიძახა, რასაც ბელგიის პარლამენტში დამსწრე პოლიტიკოსების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.