ავტორი:

"სააკაშვილმა უკრაინიდან გამოასწრო... მან რაღაცას გამოასწრო, თორემ 8 წელი გვპირდებოდა ჩამოსვლას და რატომ ჩამოვიდა ახლა, ამ მოვლენების წინ?" - მამუკა მდინარაძე

"სააკაშვილმა უკრაინიდან გამოასწრო...  მან რაღაცას გამოასწრო, თორემ 8 წელი გვპირდებოდა ჩამოსვლას და რატომ ჩამოვიდა ახლა, ამ მოვლენების წინ?" - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის საკითხი დადგა, თუმცა უარყოფს ინფორმაციას, რომ ამ საკითხზე მმართველი გუნდის პასუხი იყო, რომ "ზელენსკიმ სააკაშვილი ხელისუფლების დასამხობად გამოუშვა“.

როგორც მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლონური დელეგაციის მხრიდან სააკაშვილის საკითხზე პასუხი ის იყო, რომ "საქართველოს კანონმდებლობას პატივს სცემს“.

"დიახ, დადგა "ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონკრეტული დამნაშავის, მსჯავრდადებულისა და ამავდროულად ბრალდებულის საკითხი. უპრეცედენტოა, რომ ამ ტიპის და ამ შინაარსის შეხვედრაზე კონკრეტული მსჯავრდადებულის, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის საკითხი დგებოდეს. პროტოკოლის დარღვევას ესენი ["ნაციონალური მოძრაობა“] ისე მიეჩვივნენ, თითქოს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ეს არის პროტოკოლის დარღვევაც და მეორეც, არ არის თუნდაც პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებული ამ დონის, ამ სახის და ამ შინაარსის შეხვედრებზე ასეთი საკითხების დაყენება, პროვოკაციულიცაა. პასუხი ჩვენი მხრიდან კი არა, გაეცა კითხვის ადრესატის მხრიდან, რომელიც პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას. ეს, ბუნებრივია, ასეა და სხვაგვარი პასუხები ვერ გაეცემა პროვოკაციულ კითხვებს. პარტნიორები ჩვენ ვერ და არ გვეტყვიან, რომ კონკრეტული მსჯავრდადებულის საკითხი გადაწყდეს პოლიტიკურ კონტექსტში, შეუძლებელია. ადამიანი არის სისხლის სამართლის დამნაშავე, იხდის სასჯელს და ბრალდებულია სხვა დანაშაულებზე. ამ ქვეყნის ისტორიას დაღად რომ აწევს, ამ დანაშაულებზეა მსჯავრდადებული და ბრალდებული. ის გასამართლდება საქართველოში და სასჯელს მოიხდის საქართველოში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ "სააკაშვილმა უკრაინიდან გამოასწრო, რათა საქართველოში არეულობა ყოფილიყო“.

"თვეების განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ თითქოს ეს შეთქმულების თეორიას ჰგავდა. დღეს ეს დადასტურდა მისივე წამოცდენით, როდესაც თქვა - ვიცოდი, ვგრძნობდი, რომ ეს მომენტი დადგებოდა და დადგა. რა მომენტზე საუბრობს? რა იცოდა მან, რისთვის ჩამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს ხდება. მან უკრაინიდან გამოასწრო და გამოასწრო იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა ყოფილიყო. საქართველოში არეულობა მისი ხელშეწყობით შესაძლებელია გადაზრდილიყო იმაში, რასაც დღეს გავერიდეთ და არ დავუშვით. მან სასამართლო პროცესზე თქვა - ვიცოდი, ეს მომენტი დგებოდა და ეს მომენტი დადგა, რადგან დადგა მისი სურვილია, რომ იქნებ, საქართველო ომში ჩაებას. ჩვენი ქვეყანა ომში არ ერთვება. ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს თავისი მოქალაქეების დახოცვას და არ დაუშვებს იმას, რომ ამ ქვეყანას მიადგეს გამოუსწორებელი და კატასტროფული ზიანი. აქედან გამომდინარე, მისი მიზანი იყო და არის, რომ ეს ქვეყანა ომში ჩაერთოს. მან რაღაცას გამოასწრო, თორემ 8 წელი გვპირდებოდა ჩამოსვლას და ერთხელ არ ჩამოსულა. საპარლამენტო არჩევნები გაცილებით მნიშვნელოვანი ხომ იყო? რატომ ვერ გაბედა მაშინ ჩამოსვლა და რატომ ახლა, ამ მოვლენების წინ? - ეს საზოგადოებამ გადაწყვიტოს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.