ავტორი:

"მოვამზადეთ პროგრამა, როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია" - ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებზე ალაპარაკდა, რას აცხადებს ეკონომიკის მინისტრი?

"მოვამზადეთ პროგრამა, როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია" - ხელისუფლება ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულ ინვესტორებზე ალაპარაკდა, რას აცხადებს ეკონომიკის მინისტრი?

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე რამდენიმე ინვესტორს ინტერესი აქვს გამოცხადებული.

როგორც დავითაშვილმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოში პორტების კვლევა ჩატარდა, რის საფუძველზეც ანაკლიის განვითარების პროგრამა შემუშავდა.

მისივე თქმით, საბოლოოდ, ეს პროექტი განხორციელდება.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პორტების მოდერნიზაცია. ეს პროცესი მიმდინარეობს - თვენახევრის წინ ახალი ტერმინალის გახსნის მომსწრენი ვიყავით. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება.

ყველა პორტი, რომელიც კეთდება, უფრო მაღალ სიღრმეებზე და მეტი ტვირთამწეობის გემებზეა გათვლილი. ანაკლიის პროექტი საკმაოდ დიდია. რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორია, რომელიც სახელმწიფოსთან ამაზე საუბრობს. დეტალური კვლევა ჩავატარეთ ჰოლანდიურ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოს პორტები შეისწავლა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთო სურათი დაგვენახა და არ გვქონდა მხოლოდ ერთ პორტზე აქცენტი. დღეს ეს კვლევები არსებობს, არის გარკვეული მიგნებები, ჩვენთვის დასკვნებია გაკეთებული. ჯერ კიდევ ომის დაწყების წინა დღეებში მივიღეთ ეს კონკრეტული პროდუქტი. ამის საფუძველზე მოვამზადეთ პროგრამა, როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია. ეს რამდენიმე ელემენტს მოიცავს, მათ შორის არის საარბიტრაჟო დავების მოგვარების საკითხი, რომელშიც ჩვენი პოზიციები უნდა წარვადგინოთ საკონსულტაციო იურიდიულ კომპანიასთან ერთად. საბოლოოდ, ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.