31 მარტს, თბილისში შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 8 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე ურთულესია. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა.
მომხდარის თაობაზე განცხადება გაავრცელა პროკურატურამაც, რომლიდანაც ირკვევა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რომლის დროსაც არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო, ერთ პირს ბრალდება უკვე წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 31 მარტს, ქ. თბილისში, ჟიული შარტავას ქუჩაზე დ.ჯ.-მ, რომელიც "BMW“-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გადააჭარბა კანონით განსაზღვრულ მაქსიმალური სიჩქარის ზღვარს, მეორე სამოძრაო ზოლიდან პირველ სამოძრაო ზოლში გადასვლის მანევრი "საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა და პირველ სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების შედეგად დ.ჯ.-ს მართვის ქვეშ მყოფმა ავტომანქანამ მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ტროტუარზე ავარდა და იქვე მდგომ 8 წლის ბავშვს დაეჯახა.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა დაზარალებულმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა დ.ჯ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია), წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ბრალდებული 37 წლის დავით ჯალაღონიაა. როგორც დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცი თავს დამნაშავედ ცნობს. საქმეში უკვე ჩართულია ადვოკატი. მათივე თქმით, თავად ჯალაღონია შემთხვევის შედეგად არ დაშავებულა.
"საშინელება მოხდა... ვერ წარმომიდგენია როგორ მოუვიდა ეს. დეტალები არ ვიცით, დაკავებულია. დაშავებული არ ვარო, უთქვამს. ძალიან განიცდის. გადასწრება უნდოდა, რა დროსაც მეორე მხარეს სხვა მანქანა დახვდა, არ ელოდებოდა იქ შეჩერებულ მანქანას. უფიქრია, იმასაც ავერიდებიო და ოდნავ დაარტყა მის უკან მყოფ მანქანას.
ამ დარტყმის შედეგად გადავარდა მისი მანქანა ტროტუარისკენ და ხეს შეეჯახა, სადაც, სამწუხაროდ, ბავშვი იდგა... იმასაც ვერ იტყვის, რომ დამნაშავე არ არის, მთელი ცხოვრება სასჯელად ექნება სატარებელი ეს ტვირთი. არც ნასვამი იყო და არც სხვა რამ. ფხიზელი იყო სრულიად. მთელი დღეა ცრემლი არ შეგვშრობია ამ ბავშვზე ნერვიულობისგან", - გვითხრა ბრალდებულის ახლობელმა.