ავტორი:

"პუტინს ფავორიტმა ქალმა უღალატა" - მსოფლიო ოპერის რუსი ვარსკვლავი რუსეთის პრეზიდენტის "მფარველობიდან გადის": რას წერენ ანა ნეტრებკოზე სკანდალური განცხადების შემდეგ?

"პუტინს ფავორიტმა ქალმა უღალატა" - მსოფლიო ოპერის რუსი ვარსკვლავი რუსეთის პრეზიდენტის "მფარველობიდან გადის": რას წერენ ანა ნეტრებკოზე სკანდალური განცხადების შემდეგ?

"ფულმა დაამარცხა პუტინი...", "პუტინს ფავორიტმა ქალმა უღალატა" - ორი დღეა, რაც რუსული და უცხოური მედია ოპერის მსოფლიო ვარსკვლავზე ანა ნეტრებკოზე წერს.

ჯერ კიდევ 4 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებულ სანქციებს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სივრცე, მეტროპოლიტენ ოპერაც შეუერთდა და რუს სოპრანოს, ვლადიმერ პუტინის აქტიურ მხარდამჭერს, ანა ნეტრებკოს პუტინის ქმედებებისგან გამიჯვნისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თეატრიდან მოკვეთა დააანონსა.

ანა ნეტრებკომ მაშინ თეატრის ხელმძღვანელობის ეს მოთხოვნა არ შეასრულა და ცნობილი გახდა, რომ მეტ ოპერა მასთან თანამშრომლობას აღარ აპირებს. „ეს ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენი თეატრისთვის, რადგან ანა ნეტრებკო ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სოპრანო იყო, მაგრამ მაშინ, როცა პუტინი უდანაშაულო ხალხს ხოცავს უკრაინაში, უკან დასახევი გზა არ გვქონდა“ - ასეთი აღმოჩნდა ოპერის ოფიციალური განცხადება.

როგორც ჩანს, ნეტრებკომ დიდხანს ვეღარ მოითმინა, რადგან დასავლეთში მისი კარიერა ბეწვზე ეკიდა. ომის დაწყებიდან 36-ე დღეს ცნობილმა სოპრანომ საკუთარი ფავორიტი ვლადიმერ პუტინი დაგმო. ნეტრებკოს განცხადებაში ვკითხულობთ:

- მე კატეგორიულად ვგმობ უკრაინის ომს და ჩემი ფიქრები ამ ომის მსხვერპლებთან და მათ ოჯახებთანაა. ჩემი პოზიცია ნათელია. მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი და არც რუსეთის ლიდერის მოკავშირე. ვაღიარებ და ვწუხვარ, რომ ჩემი წარსული ქმედებები ან განცხადებები შესაძლოა არასწორად იქნა განმარტებული. ფაქტობრივად, მე მხოლოდ რამდენჯერ შევხვდი პრეზიდენტ პუტინს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე... როდესაც პროფესიული ჯილდო გადმომცა და ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე. სხვა შემთხვევაში, მე არასოდეს მიმიღია ფინანსური დახმარება რუსეთის მთავრობისგან. ვცხოვრობ ავსტრიაში და ვიხდი გადასახადებს. მე მიყვარს ჩემი სამშობლო რუსეთი და მხოლოდ ჩემი ხელოვნებით ვეძებ მშვიდობასა და ერთიანობას. გამოცხადებული შესვენების შემდეგ მაისის ბოლოს განვაახლებ სპექტაკლებს, თავდაპირველად ევროპაში...

ნეტრებკოს განცხადებამ რუსი თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო. კრემლის მხარდამჭერ მედიებში წერენ, რომ ხალხი ნეტრებკოს ამ საქციელს ღალატს უწოდებს.

მედიაში ასევე წერენ, რომ ნეტრებკო მრავალი წლის მანძილზე ვლადიმერ პუტინის მფარველობაში იყო და სასაცილოა მისი სიტყვები, რომ მხოლოდ რამდენიმეჯერ შეხვედრია პრეზიდენტს.

ნეტრებკოს განცხადებას რუსეთში ე.წ. „ოქროს ხმა“ ნიკოლაი ბასკოვიც გამოეხმაურა. ბასკოვი კოლეგაზე წერს, რომ მას აიძულეს სამშობლო მიატოვოს.

იმედგაცრუებული რუსული საზოგადოება დარწმუნებულია, რომ ნეტრებკომ ასეთი განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ უცხოეთში სამსახური არ დაკარგოს. სამაგიეროდ, სამშობლოში მოღალატის მანტია მოირგო.

"ანას განცხადების წაკითხვის შემდეგ ჩვენ მზად არ ვართ პოზიციის შესაცვლელად. თუ ანა გვაჩვენებს, რომ ის ნამდვილად ასე ფიქრობს პუტინზე გრძელვადიან პერსპექტივაშიც, მე ღია ვიქნები სასაუბროდ“, - ამბობს მეტროპოლიტენ ოპერის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ გელბი.

"ის ვინც ომის მოწინააღმდეგე იყო, პირველივე დღეებში ალაპარაკდა. ვინც მომხრე, ის ისევ რუსეთში, თავის სამშობლოშია. ნეტრებკომ კი ომის დაწყებიდან 35 დღის მანძილზე დათვალა ის მოგება და ზიანი, რაც ამ პერიოდში მიადგა. მის მიმართ რუს მსმენელს გარდა გაოგნებისა და ზიზღისა, სხვა ვერაფერი ექნება. მოღალატეები არ უყვართ, მათ უბრალოდ საჭირო შემთხვევებში იყენებენ, და ეს ყველას უნდა გვახსოვდეს" - ასეთი პათოსით ეხმაურებიან ქვეყანაში პუტინის დაგმობას ფავორიტი სოპრანოს მიერ.