ავტორი:

"მთავარია, ბავშვი გადარჩეს... მე დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის" - რა თქვა შარტავას ქუჩაზე მომხდარის ავარიის საქმეზე ბრალდებულმა?(ფოტოები პროცესიდან)

"მთავარია, ბავშვი გადარჩეს... მე დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის" - რა თქვა შარტავას ქუჩაზე მომხდარის ავარიის საქმეზე ბრალდებულმა?(ფოტოები პროცესიდან)

"ბავშვის დახმარება შემიძლია რამით? მთავარია ჩემთვის ეს ბავშვი გადარჩეს და მას ჰქონდეს ყველაფერი კარგად, ჩემს თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, როგორც დამნაშავე პატიმრობა მეკუთვნის, - ამის შესახებ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულმა დავით ჯალაღონიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

როგორც ცნობილია, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ დავით ჯალაღონიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა.

პროკურორის განმარტებით, ჯალაღონიას დაშავებულისთვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია, შესაბამისად, გირაოს შეფარდების შემთხვევაში შეიძლება მიმალულიყო.

ამასთან, პროკურორის განცხადებით, ბრალდებული ანალოგიური დარღვევებისა და საგზაო მოძრაობის წესის დარღვევისთვის არაერთხელ იყო დაჯარიმებული. მისივე თქმით, ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება დაუდასტურდა, თუმცა შემთხვევის დროს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.

თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ავტომობილი 8 წლის ბიჭს დაეჯახა. ავტომობილის მძღოლს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარედგინა (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია).

დაშავებული რვა წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.