უკრაინაში ომის დასრულებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკისრება , - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა ამერიკულ ტელეარხ CNN-ს განუცხადა.
"ეს პუტინის ხელშია. სწორედ მან დაიწყო ომი ყოველგვარი მიზეზის გარეშე. ახლა მისი პასუხისმგებლობაა ომის დასრულება“, - აღნიშნა ბაერბოკმა ინტერვიუში.
მისივე თქმით, "სასტიკი რეალობა არის ის, რომ თავად პუტინმა აირჩია ომი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ომი ევროპის მშვიდობის წესრიგის წინააღმდეგ".
ბაერბოკმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მთავრობას გაზრდილ სამხედრო დახმარებას სთავაზობს.
"ჩვენ ვართ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ნატო სოლიდარულია უკრაინასთან მიმართებით და მეორეს მხრივ, არის რუსეთი, რომელმაც ნათლად აჩვენა, რომ მათთვის წითელი ხაზები არ არსებობს", - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
გერმანელი დიპლომატის თქმით, რეალობის "ასე სასტიკად შეცვლის" გამო, ოფიციალური ბერლინი მხარს უჭერს გერმანიიდან იარაღის მიწოდებას, რაც, მინისტრის თქმით, წარსულში არ გაუკეთებიათ.
"მოგვიწია გერმანიაში ჩვენი კურსის 180 გრადუსით შეცვლა, რადგან უკრაინას სჭირდებოდა ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა; ჩვენ ყველაფერი ვცადეთ ამ ომის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ პუტინის გადაწყვეტილება იყო ამის საპირისპირო და ამიტომაც ახლა უკრაინას იარაღს ვაწვდით", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.