ავტორი:

"ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა ზემოქმედების ქვეშ" - პროკურორი

"ექსპერტიზით დადგინდა, რომ მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა ზემოქმედების ქვეშ" - პროკურორი

პროკურორი ემზარ ფუხაშვილის ინფორმაციით, შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ დავით ჯალაღონია სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, რა დროსაც დადგინდა, რომ მას ნარკოტიკული ნივთიერება წარსულში ჰქონდა მოხმარებული, მაგრამ შემთხვევის დროს ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ არ იმყოფებოდა.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თავად ჯალაღონიას თქმით, ნარკოტიკული ნივთიერება ავტოსაგზაო შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მოიხმარა.

,,პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წაყენებული არგუმენტები გაიზიარა და ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა. ბრალდებული ითხოვდა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას, მაგრამ აღნიშნული არ იყო გაზიარებული. ბრალდებულს განემარტა მისი უფლებები, რომ შეეძლო ესარგებლა დაცვის უფლებით, მაგრამ ამ ეტაპზე უარი განაცხადა ადვოკატის აყვანაზე.

ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული იყო ის საფრთხეები, რომლითაც ვასაბუთებდით პატიმრობის გამოყენებას. ეს იყო მიმალვის საფრთხე მოსალოდნელი სასჯელის შიშით, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბრალდებული წარსულში არაერთხელ იყო დაჯარიმებული ადმინისტრაციული სასჯელის სახით, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ ბრალდებული გადაყვანილი იყო ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე, რომლითაც დადგინდა, რომ მას მოხმარებული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება, მაგრამ შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მისივე განმარტებით, ნარკოტიკი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე მოიხმარა”, - აღნიშნა ემზარ ფუხაშვილმა.