საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიცრუეს უწოდებს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციას, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მისი საჩივარი ამოიღო.
სააკაშვილი განმარტავს, რომ გასული წლის დეკემბერში სტრასბურგის სასამართლოს თავად სთხოვა, მოცემულ საქმეზე წარმოების დასრულება.
"ჩემი შიმშილობის პერიოდში, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო უარს ამბობდა კლინიკაში გადაყვანაზე, მივმართე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოვითხოვე საჩივრის შეტანამდე დროებითი ღონისძიებით მთავრობის დავალდებულება, განეხორციელებინა აუცილებელი და კანონით დადგენილი ქმედებები.სტრასბურგის სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და შესაბამისი დავალება მისცა საქართველოს მთავრობას, რის შედეგადაც გადამიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
ამის შემდეგ, 2021 წლის 07 დეკემბერს, წერილობით შევატყობინე სტრასბურგის სასამართლოს, რომ, რადგან ეროვნულ დონეზე სამართლებრივი საშუალებები ჯერ არ არის ამოწურული, ამ ეტაპზე არ წარვადგენ სარჩელს, თუმცა სამომავლოდ დავიტოვებ ამ უფლებას და გამოვიყენებ (იხილეთ ფოტო). სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ დაასრულა წარმოება მოცემულ საქმეზე, რაზეც მეტყველებს საქმის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლად კონვენციის 37.1 მუხლის აღნიშვნა.
მინდა განვაცხადო, რომ კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია მცდარი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად სტრასბურგის სასამართლოს ინსტრუმენტალიზაცია. იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უკვე მერამდენედ აქვს ადგილი სასამართლოს გადაწყვეტილების შეგნებულ გაყალბებას და ფაქტებით და შეგნებულად მცდარი ინტერპრეტაციებით მანიპულირებას, რითიც ახდენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დისკრედიტაციას ქართული საზოგადოების თვალში. ზემოაღნიშნული ფაქტის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს" - წერს სააკაშვილი.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა საააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა.
მისი თქმით, აღნიშნული ადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში სრულიად დაცულია.
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, მიხეილ სააკშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდრტებთან და მისი უფლებები და ინტერესები სრულად დაცულია“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.