ავტორი:

"ვინც ამ უბედურ მრავალშვილიან მამას უწერთ, რომ გმირია, მატყუარები ხართ! მათ ავიძბასნაირი "პატრიოტები" ტვინს ურევენ" - ვის მიჰყავს აფხაზები ომში?

"ვინც ამ უბედურ მრავალშვილიან მამას უწერთ, რომ გმირია, მატყუარები ხართ! მათ ავიძბასნაირი "პატრიოტები" ტვინს ურევენ" - ვის მიჰყავს აფხაზები ომში?

აფხაზური მედიის ცნობით, უკრაინის ომში, რუსეთის მხარეს მებრძოლი ოსი და აფხაზი მოხალისეები დაიღუპნენ. ekhokavkaza.com-ის ცნობით, დონეცკის ოლქში, ქალაქი იასინოვატაიაში მიმდინარე ბრძოლებში დაიღუპა, ცხინვალისა და აფხაზეთის დამსახურებული არტისტი, OMON-ის რეზერვის მაიორი რობერტ კულუმბეგოვი.

ასევე დონეცკში, ჭურვის აფეთქებისას დაიღუპა აფხაზეთიდან, ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულის მცხოვრები 36 წლის ახრა კირკინაძე, რომელიც ადგილობრივების თქმით, მრავალშვილიანი მშობელია.

სოფელ კვიტოულის ე.წ. გამგებლის ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, მასთან ერთად დაიღუპნენ რუსი და ოსი ჯარისკაცები. არიან მძიმედ დაშავებულებიც. გამოცემის ცნობით, უკრაინული მედია იტყობინება, რომ მე-7 სამხედრო ბაზის სამხედროები, რომლებიც აფხაზეთში იყვნენ დისლოცირებული, განადგურებულნი არიან.

"მათივე ცნობით, სამხრეთ ოსეთში განთავსებული მე-4 ბაზის ფორმირება და უკრაინაში გადასროლა მოხდა. სამი ტაქტიკური ბატალიონი ჩამოყალიბდა, რომელიც მთლიანობაში 1200 რუსი და ოსი სამხედროსგან იყო დაკომპლექტებული. მე-7 სამხედრო ბაზიდან (აფხაზეთი) კი ორი ტაქტიკური ბატალიონი შეიქმნა, რომელშიც 800-მდე ადამიანი მსახურობს. ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან, სხვადასხვა შეფასებით, შინ დაბრუნდა 300-მდე სამხედრო. ხმოვან შეტყობინებებში, რომელსაც ისინი ოჯახის წევრებს უგზავნიან, ჰყვებიან რომ ომში შესაბამისი აღჭურვილობისა და შეიარაღების გარეშე გაუშვეს და თავისიანებს ურჩევენ, არ წავიდნენ უკრაინაში" - წერს გამოცემა.

აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ახრა კირკინაძესთან ერთად იმყოფებოდა, მისი ბიძაშვილი ემზარ კირკინაძეც, რომელიც მძიმედ დაიჭრა... რეგიონის მოსახლეობის ნაწილი მას გმირს უწოდებს, თუმცა სხვების თქმით, ისედაც მცირერიცხოვანი ერის წარმომადგენლები იქ ფულისთვის მიდიან და სიცოცხლეს სწირავენ.

არსებული ინფორმაციით, აფხაზების ომში წასვლას ორგანიზებას ე.წ. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, სკანდალური ფიგურა ახრა ავიძბა უწევს.

"რა გმირობაზე ლაპარაკობთ, ხალხო?! მართლა როდემდე მოიტყუებთ თავს, ეს სხვისი ომია. 100 ან თუნდაც 200 მოხალისით, გამოუცდელი ბიჭებით რა გარდატეხა უნდა შეიტანონ იმხელა ომში, სადაც ჰეზბოლას ომში დაბადებულ-გაზრდილი მეომრების საქმეები არ ჩანს? ინტერნეტი სავსეა კადიროველების განადგურებული ტექნიკითა და დახოცილი ბიჭების ვიდეოებით..." - წერს სოციალურ ქსელში ინა ჩაბალურხვა.

"მადლობა ჩვენს გმირს. აუცილებლად უნდა დავეხმაროთ მის ოჯახს, ის მთელი აფხაზეთის სახელით ეხმარება რუსეთს. მისი სახელი არ უნდა დაიკარგოს" - წერს ადგილობრივი ილონა ჯინჯოლია.

"ყველანი, ვინც ახლა იმ უბედურ მრავალშვილიან მამას უწერთ, რომ გმირია და სამართლიანობისთვის ბრძოლაში დაიღუპა, უსამართლო და მატყუარა ადამიანები ხართ. რამდენჯერ და როდემდე დაეხმარებით, ალბათ ერთხელ და ეს რას ეყოფა მის შვილებს.. ოთხი შვილი დარჩა. უპატრონოდ... თქვენ კი, აქეზებთ პატარა ბიჭებს, რომელთაც სამსახური და განათლება აქ აქვთ, მთელი დღე ქუჩაში დადიან და უცებ იგებენ, რომ სადღაც იარაღი შეიძლება იშოვონ, მარტივად წავიდნენ და დღეში 100 დოლარამდე იშოვონ. სინამდვილეში იქ არის დაუნდობელი ომი და სამხედროებს არ აქთ შესაბამისი აღჭურვილობა, კვებაც კი.

ოსები, მათ შორის გუშინ დაღუპული ალანიელი ოსი, ვალდებულები იყვნენ წასულიყვნენ, რადგან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტრაქტორები არიან, წლების განმავლობაში ხელფასს იღებდნენ, ჩვენებს კი, ახრა ავიძბასნაირი "პატრიოტები" ურევენ ტვინს, რომ შემდეგ, ვიღაცებთან ქულები ჩაიწერონ - მეომარი ხალხი ჩამოვიყვანეო. ის ოსებიც და ჩვენი ოჩამჩირელი ბიჭიც სამხედრო მოქმედებებში ჩართვიდან რამდენიმე საათში მოკლეს. ის სოხუმის ქუჩებში რევოლვერებით სირბილი კი არა, ნამდვილი ომია და სანამ ვიდრე ირიბად მოუწოდებთ წავიდეს და იომოს, რუსული მედიის გარდა, სხვა რამე წაიკითხეთ, რომ სხვისი ცოდვა არ დაიდოთ. ისედაც რამდენიმე ათასი დავრჩით" - მიაჩნია ხაჯარატ უბირიას.

"ახრა კირკინაძეს ვიცნობ, მცირეწლოვანი შვილები ჰყავს. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გასჭირვებოდა, რომ შვილები მიეტოვებინა. განა რას უხდიდნენ, ან რას შეჰპირდნენ... კარგად დაფიქრდით ხალხო. არავინ გვაიძულებს წავიდეთ და ვიომოთ. ჩვენს ქვეყანას, სოფლის მეურნეობას მივხედოთ, მალე შიმშილობა გველოდება" - წერს სოხუმელი ფატიმა აგუმავა.

"უამრავი წამქეზებელი პოსტი წავიკითხე. რატომ აკეთებთ ამას. კი, გმირია, რადგან ომში წავიდა, მაგრამ ნუ მოუწოდებთ ახალგაზრდებს იომონ! თუ ასე გულშემატკივრობთ რუსეთს, თქვენი შვილები გაუშვით. თავისი შვილები გაუშვან ასლან ბჟანიამ და ალექსანდრე ანქვაბმა, თავად წავიდეს ინალ არძინბა, რომელიც კრემლის მთავარი საყრდენია... არ გვინდა ომი. ამ ქაოსში ერთადერთი სწორი პოსტი დავით დასანიამ დადო. მადლობა მას" - მიაჩნია ადგილობრივ საია ჭავჭავაძეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსეთმა ე.წ. აფხაზეთისა და ცხინვალის რესპუბლიკებიდან, უკრაინაში, უკვე 2000 ათასი სამხედრო გაგზავნა. მათივე ცნობით, უკრაინაში საბრძოლველად გაემგზავრა 1200 მათ შორის ოსი და რუსი სამხრეთ ოსეთის მე-4 ბაზიდან, ხოლო აფხაზეთის მე-7 ბაზიდან- 800-მდე სამხედრო.