23 აპრილს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წიგნის ჩუქების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის ფარგლებშიც კითხვის და ჩუქების წამახალისებელი კამპანიები და ღონისძიებები ეწყობა. საქართველოშიც უკვე მეორე წელია, რაც წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, აპრილს წიგნის ჩუქების თვედ აქცევს.
წელს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან გამომდინარე, კამპანიის ორგანიზატორებმა გვერდი ვერ აუარეს ომის თემატიკას და წიგნიერება და განათლება ომსა და აგრესიას დაუპირისპირეს. სწორედ ამ მიზნით შეირჩა კამპანიის მესიჯიც - "წიგნი მშვიდობისთვის.“
"ბიბლუსმა“ და საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წიგნები გადასცეს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების საჯარო სკოლებს. "კამპანია „წიგნი მშვიდობისთვის“ ფარგლებში „ბიბლუსი“ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფელი არბოს, მერეთისა და კარბის საჯარო სკოლებში ბიბლიოთეკის მოწყობას უზრუნველყოფს, რადგან აღნიშნული სოფლების მოსწავლეებისთვისა და მასწავლებლებისთვის წიგნი უფრო მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ" - გვიამბეს ბიბლუსში.
სოფელი კარბის სკოლაში მისულ სტუმრებს შენობის კედლებზე ბავშვების მიერ შესრულებული უკრაინის მხარდამჭერი პოსტერები დახვდათ. მათთვის განსაკუთრებით ნაცნობია რუსული აგრესია და მისგან გამოწვეული შედეგები, რის გამოც უკრაინელი ბავშვების მიმართ განსაკუთრებულ სოლიდარობას გრძნობენ.
როგორც წიგნის მაღაზიათა ქსელში განმარტავენ, ოკუპაციის ხაზთან აღნიშნული სამი სკოლის გარდა, კიდევ რამდენიმე სკოლაა და „წიგნი მშვიდობისთვის“ კამპანიის ფარგლებში, „ბიბლუსი“ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა სხვადასხვა კომპანიის ჩართულობით, გორის მუნიციპალიტეტში ოკუპაციის ხაზთან მდებარე დანარჩენ სკოლებში ბიბლიოთეკის მოწყობას უზრუნველყოფს.
კამპანიის ფარგლებში ასევე იგეგმება ქართველი და უკრაინელი ავტორების პოპულარიზაცია და მათი მკითხველთა ფართო წრისთვის უკეთ გაცნობა, რისთვისაც სხვადასხვა ღონისძიება და შეხვედრები ჩატარდება. ასევე, თვის განმავლობაში მომხმარებელს საშუალება ექნება, სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებით ისარგებლოს.