თურქეთმა გამოთქვა მზადყოფნა, მიაწოდოს გემები უკრაინას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილების ზღვით ევაკუაციის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუს აკარმა განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მისი თქმით, თურქული მხარე ამ საკითხში კოორდინაციაშია უკრაინისა და რუსეთის შესაბამის სტრუქტურებთან.
"ანკარას მზადყოფნა ევაკუაციის პროცესის მხარდასაჭერად თურქეთში რუსეთის სამხედრო ატაშეს გადაეცა, რომელიც ჩვენს თავდაცვის დეპარტამენტში იყო მიწვეული. მსგავსი ინიციატივა გადაეცა რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში თურქეთის სამხედრო ატაშეს მეშვეობით. ჩვენ ასევე კოორდინაციას ვუწევთ ჩვენს ძალისხმევას უკრაინის ხელისუფლებასთან ამ ქვეყანაში სამხედრო ატაშეს მეშვეობით“, - განაცხადა აკარმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა აგრძელებს უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.
თურქეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ ისაუბრა ტელეფონით უკრაინელ და რუს კოლეგებთან ალექსეი რეზნიკოვთან და სერგეი შოიგუსთან. მისი თქმით, რეზნიკოვთან სტამბოლში პირადი შეხვედრაც ჰქონდა.
"შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და სტაბილურობის აღდგენის მიზნით, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა“, - ხაზგასმით აღნიშნა აკარმა.