"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმში მიმდინარე შუალედურ არჩევნებზე, უბნებზე 39 საჩივარია დაწერილი, 19 საჩივარი საოლქო კომისიაშია შესული, რომელთაგანაც 4 საჩივარი ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
ქამადაძე მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს.
"მინდა, ბათუმელებს, განსაკუთრებით, მე-4 ოლქის ამომრჩევლებს მივმართო. ძვირფასო ბათუმელებო, გადამწყვეტი ბოლო საათი დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ამ შუალედურ არჩევნებში 1053 ხმით „ფორით“ გამოვიდა ოპოზიციასთან შედარებით და ეს 1053 ადამიანი არის, რომელიც 2 ოქტომბრიდან დაწყებული "ქართულმა ოცნებამ" ფულის და ბინების სანაცვლოდ გადმოწერა ამ ოლქში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელმწიფო მანქანა, იუსტიციის სამინისტრო, ცენტრალური საარჩევნო კომისია, სასამართლო, ბოლომდე ჩართული იყო ამ არჩევნებში, რომ როგორმე "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას ეს მოგებული არჩევნები წაართვას, რომელიც 2 ოქტომბერს მოიგო და შემდეგ ნუგზარ ფუტკარაძის სიკვდილი დაჭირდა ამ საქმეს, რომ "ქართულ ოცნებას" კვლავ პრეტენზია გამოეცხადებინა ამ არჩევნებზე.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, "ქართულ ოცნებას" უჭირს და მაინც დასჭირდა უბნებთან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მობილიზება, იმ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების, რომლებიც ბოლო წლებში "ქართული ოცნების" განსაკუთრებულ მოკავშირეებად იქცნენ. 39 საჩივარია დაწერილი უბნებზე, 19 საჩივარია დაწერილი საოლქო კომისიაში, მათგან 4 საჩივარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისაა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა გადაცდომებს, აგიტაციას. დღეს არის ტესტი, ამ ქალაქში იმარჯვებს ღირსება, თუ ამ ქალაქში ადამიანები უფრო მეტად იყიდებიან. ღირსება არ იყიდება და ჩვენ ეს უნდა დავამტკიცოთ! ყველა წუთი 20:00 საათამდე მნიშვნელოვანია. მთელი ორი დღის განმავლობაში "ქართული ოცნება" გატყუებდათ და ბინძურ პროპაგანდას ეწეოდა, რომ აქ თურმე, ოპოზიცია პროვოკაციებს გეგმავდა. ხომ დაინახეთ, რომ ოპოზიცია არის თანმიმდევრული, მობილიზებული და მშვიდი",- განაცხადა ქამადაძემ.