ავტორი:

"რუსული ჯარის სიმხეცე" - შოკისმომგვრელი ვითარება ბუჩაში, სადაც ოკუპანტებმა ქალაქიდან გასვლამდე ადგილობრივების ნაწილს ხელები შეუკრეს და დახვრიტეს

"რუსული ჯარის სიმხეცე" - შოკისმომგვრელი ვითარება ბუჩაში, სადაც ოკუპანტებმა ქალაქიდან გასვლამდე ადგილობრივების ნაწილს ხელები შეუკრეს და დახვრიტეს

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ბუჩაში ნამდვილი ჯოჯოხეთი მოაწყვეს. მართალია, ამ დროისთვის, მათ ქალაქი უკვე დატოვეს, თუმცა დატოვებამდე მშვიდობიანი მოქალაქეები ქუჩაში დახვრიტეს. მედიაში ქალაქის ქუჩებიდან შემაძრწუნებელი კადრები ვრცელდება

აღსანიშნავია, რომ ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილს ხელები ზურგს უკან შეკრული აქვს.

"ქალაქ ბუჩადან ახლახან მივიღეთ ექსკლუზიური მასალები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებს "რაშისტი“ ოკუპანტების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.

პეტრო პოროშენკოს მოთხოვნით, სასწრაფოდ შეიქმნა იურისტთა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც საერთაშორისო სასამართლოებისთვის ადგილზე უნდა დააფიქსიროს ამ არაადამიანური დანაშაულის ყველა ფაქტი. ჩვენი გუნდისთვის ღირსების საკითხია პუტინის რეჟიმისა და რუსული აგრესიის ყველა ცოცხლად გადარჩენილი მონაწილისთვის სამართლიანი სასამართლოს მიღწევა“, - წერს რუსი ადვოკატი, ილია ნოვიკოვი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ბუჩას რაიონში სოფლის გატაცებული ხელმძღვანელისა და მისი მეუღლის ცხედრები იპოვეს

“სამწუხარო ინფორმაცია. ნაპოვნია მოტიჟინის სოფლის ხელმძღვანელის, ოლგა სუხენკოსა და მისი მეუღლის, იგორ სუხენკოს ცხედრები,“- აცხადებს მაკაროვის სოფლის ხელმძღვანელი ვადიმ ტოკარი.

ადგილობრივი, რომელსაც ერთი კვირაა პური არ ჰქონია

ბუჩას ტრაგედიას უკვე მოჰყვა განცხადებები დასავლელი ლიდერებისგან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი გათავისუფლებული ბუჩადან გავრცელებულ მშვიდობიანი მოსახლეობის წამებისა და მოკვლის ფაქტების ამსახველ კადრებს ეხმაურება და ამბობს, რომ ევროკავშირი ეხმარება უკრაინას საერთაშორისო სასამართლოებში დევნის დაწყებისთვის აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებაში.

შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირის მხრიდან სანქციების ახალი პაკეტი უკვე გზაშია.

"შოკირებული ვარ კიევის გათავისუფლებულ რეგიონში, ბუჩაში, რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სიმხეცის ამსახველი კადრებით. ევროკავშირი ეხმარება უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთაშორისო სასამართლოებში დევნის დასაწყებად აუცილებელი მტკიცებულებების მოგროვებაში.

ევროკავშირის შემდგომი სანქციები და დახმარება გზაშია. დიდება უკრაინას!“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ცნობისთვის, კიევის ოლქში მდებარე ბუჩას ოკუპანტებისგან გათავისუფლების შესახებ ქალაქის მერმა, ანატოლი ფედორუკმა 31 მარტს განაცხადა.