საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ "ყველაფერი კანონის შესაბამისად არის“.
პრემიერის თქმით, მას აღარ სურს პატიმარზე საუბარი და ხალხს საქმეზე უნდა ესაუბროს.
"კიდევ ერთი სიცრუის, პროპაგანდის, ცილისწამების საპასუხოდ სტრასბურგმა გადაწყვიტა, რომ ყოველგვარი სპეკულაცია ერთ-ერთი პატიმრის მიმართ თითქოსდა გამოხატული არასათანადო მოპყრობა თუ უპატივცემულობა არ იქნა დადასტურებული. პირიქით, დადასტურდა, რომ ყველაფერი არის კანონის შესაბამისად. მე აღარ მინდა პატიმარზე ვისაუბრო, ახლა საქმეზე უნდა ველაპარაკოთ ხალხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობას და მის მიმართ მოპყრობას შეეხებოდა.