ავტორი:

"გარდაცვლილი სამხედროებით ნუ შევეცდებით გარკვეული დივიდენდების მიღებას, ეს არის უზნეობა, ამორალურობა" - ღარიბაშვილი

"გარდაცვლილი სამხედროებით ნუ შევეცდებით გარკვეული დივიდენდების მიღებას, ეს არის უზნეობა, ამორალურობა" - ღარიბაშვილი

"კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, თქვენ, ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, რომ გარდაცვლილი სამხედროებით მათი სიკვდილით, ამ უბედურებით, ტრაგედიით, ნუ შევეცდებით გარკვეული დივიდენდების მიღებას, ეს არის უზნეობა, ეს არის ამორალურობა", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ არ მივიდნენ მმართველი გუნდის წევრები უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს დავით გობეჯიშვილის დაკრძალვაზე.

​პრემიერის თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროები საქართველოში ჩამოესვენებინათ და სამხედრო პატივით ღირსეულად დაეკრძალათ.

"კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ საერთოდ გარდაცვლილი ადამიანებით სპეკულირებას თავი დაანებეთ. მე სამძიმარს ვუცხადებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს და ოჯახის წევრებს. მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვხატო კიდევ ერთხელ. სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მომხდარიყო ღირსეულად მათი ჩამოსვენება და სამხედრო პატივით დაკრძალვა, ისე როგორც სამხედრო ყოფილ ოფიცრებს და ვეტერანებს შეეფერებოდა რომლებიც ჩვენი ქვეყნის საქართველოს ტერიტორიის დაცვისთვის წარმოებულ ომებში იღებენ მონაწილეობას.

ასე იქნება, რა თქმა უნდა. მე კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ ყველას, თქვენ ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, რომ გარდაცვლილი სამხედროებით მათი სიკვდილით, ამ უბედურებით, ტრაგედიით, ნუ შევეცდებით გარკვეული დივიდენდების მიღებას, ეს არის უზნეობა, ეს არის ამორალურობა," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისკენ და იქ საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ.

მისივე თქმით, ისინი საკუთარ მოქალაქეებს უკრაინისადმი სოლიდარობის განსხვავებული ფორმით გამოხატვისკენ მოუწოდებენ და საქართველოს მთავრობაც ამ პოზიციას იზიარებს.

"საერთოდ მე მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. გითხარით, რომ დღეს მსოფლიოში არც ერთი ხელისუფალი, არც ერთი ქვეყნის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინაში წასვლისკენ და იქ საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ არ მოუწოდებენ. პირიქით, ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროპის ქვეყნების ლიდერების გამოსვლები, სადაც ისინი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ეს სოლიდარობა განსხვავებული ფორმით გამოხატონ, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნით.

მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ სხვა ფორმით გამოვხატოთ. ეს იქნება ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნით თუ, მათ შორის, აქ ჩამოსული უკრაინელი მოქალაქეების დახმარების კუთხით. აი, ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია," - აღნიშნა პრემიერმა.