პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება.
როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ის ამ გადაწყვეტილების მიღებისას ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.
"პირველივე დღეს, დღესაც და ხვალაც, ყოველთვის და ყველაგან ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, თქვენი ინტერესების შესაბამისად ვიმოქმედებ. ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს. ის, რაც არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ხალხის ინტერესებისთვის მისაღები, მხოლოდ იმ პოლიტიკას გავატარებ. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ნათქვამი და მინდა, ჩემი ეს სიტყვა მკაფიოდ იყოს გაგებული“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება.
"რაც შეეხება სანქციებს, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან არ მოხდება. მე და ჩემი გუნდი ამ გადაწყვეტილებით ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ნუ დაგავიწყდებათ, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვიქცეთ ჩვენი ხალხის მიმართ.
ჩვენ 30 წლის განმავლობაში 3 ომი გადავიტანეთ, ამ ომში სამწუხაროდ და საუბედუროდ, ასეულობით ადამიანი დაზარალდა, ათი ათასობით დევნილი გვყავს საკუთარ ქვეყანაში. ეს უნდა შეჩერდეს და ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ შეცდომები, წინდაუხედავობა აღარ უნდა გამოვიჩინოთ.
ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობაზე ორიენტირებული და დაფუძნებული. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. ომი არავის სჭირდება, ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერიო პატრიოტი ხელისუფალი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ყველაზე დიდი უბედურება და განსაცდელი, რაც არის ომი, აარიდოს საკუთარ ქვეყანას და ხალხს. მე ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ვმოქმედებ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ 25 თებერვალს ამბობდა, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და ამ ომით დაისჯებოდა, იქნებოდა უკრაინა.
"რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენთვის ყველასთვის, უაღრესად შემაშფოთებელია. 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის განადგურებული, ქალაქები მიწასთან არის გასწორებული, ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და ამ ომით დაისჯებოდა, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. ხედავთ, რომ დღეს უკრაინაში რუსეთის მიერ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული. ხედავთ, რომ ეს პროცესი გრძელდება და სამწუხაროდ და საუბედუროდ, ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის.
ასე, რომ კიდევ ერთხელ ჩვენი მთავრობის სახელით მინდა ჩემი სოლიდარობა გამოვხატო უკრაინის და უკრაინელების მიმართ. ჩვენ უკრაინაში 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გავაგზავნეთ. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, მაქსიმალური ყურადღება და ზრუნვა გამოვიჩინოთ, იქნება ეს განათლების, ჯანდაცვის, თუ სხვა ნებისმიერი მათი საჭიროების გადაწყვეტის მიმართულებით, ჩვენ ასეც გავაგრძელებთ. ჩვენი დიდი სურვილი და ოცნებაა,
ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. კიდევ ერთხელ, იმ ქვეყნებსა და იმ ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.