პარლამენტთან აქცია სახელწოდებით - "უკრაინისა და ჩვენი თავისუფლებისთვის“ მიმდინარეობს.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, საკუთარ თავს მუდმივად უნდა შევახსენოთ, რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში.
"ვთვლი, რომ ვიდრე ჩვენს ქვეყანას ამხელა საფრთხე ემუქრება პუტინის ბოროტების იმპერიის სახით და მსოფლიოს ემუქრება ეს საფრთხე, განსაკუთრებით, მაშინ როცა უკრაინელი ხალხი გმირულად ებრძვის ამ ბოროტებას, მუდმივად უნდა შევახსენოთ ჩვენს თავს რამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაცვის საქმეში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც გვაპარებს იმ იდეას, რომ ილუზიური უსაფრთხოებისთვის უნდა დავთმოთ თავისუფლება და მორალურად უნდათ, რომ გაგვტეხონ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მუდმივად შეხსენება, როგორ არ გვაქვს უფლება, რომ ეს ისტორიული შანსი, გავაღწიოთ ამ ბოროტების იმპერიის კლანჭებიდან, გავუშვათ", - განაცხადა ბოკერიამ.
რუსთაველის გამზირზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო გზა გადაიკეტა.
ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აქციაზე სიტყვით გამოსვლები არ იქნება, თუმცა გაიმართება ფილმის და კლიპის პრემიერა, რომლებიც აქციისთვის მოამზადეს.
ამასთან, აქციაზე აჩიკო გულედანის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ჰიმნის პრეზენტაცია და ასევე, სხვა პერფორმანსიც იგეგმება.
აქციის ორგანიზატორები არიან: "ევროპული საქართველო", "ტაბულა" , "თავისუფლების ინსტიტუტი“ და "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“.