ავტორი:

"ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის ბუჩაში ვიწვევ, რათა ნახონ, სადამდე მიგვიყვანა რუსეთისადმი დათმობების პოლიტიკამ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის ბუჩაში ვიწვევ, რათა ნახონ, სადამდე მიგვიყვანა რუსეთისადმი დათმობების პოლიტიკამ" - ვოლოდიმირ ზელენსკი

დღეს ბუქარესტში გამართული ნატოს სამიტის მეთოთხმეტე წლისთავია. მაშინ გაჩნდა შანსი, რომ უკრაინა აღმოსავლეთ ევროპის "ნაცრისფერი ზონიდან“ გამოსულიყო. ნატოსა და რუსეთს შორის არსებული "ნაცრისფერი ზონიდან“, სადაც მოსკოვი თვლის, რომ ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე საშინელი ომის დანაშაულიც კი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, 2008 წელს ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს რუსეთის მიმართ აბსურდული შიში ჰქონდა.

"ოპტიმისტური დიპლომატიური განცხადებების მიღმა, რომ უკრაინა შეიძლებოდა ნატოს წევრი გამხდარიყო, მაშინ 2008 წელს, უკრაინის ალიანსში მიღებაზე უარი იმალებოდა. იმალებოდა ზოგიერთი პოლიტიკოსის აბსურდული შიში რუსეთის მიმართ. მათ ეგონათ, რომ უკრაინაზე უარის თქმით შეძლებდნენ რუსეთის დამშვიდებას, დარწმუნებას, რომ პატივი ეცა უკრაინისთვის და ნორმალურად ეცხოვრა ჩვენს გვერდით,”- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიის ყოფილ კანცლერს, ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ბუჩაში იწვევს.

"ამ არასწორი გათვლებიდან 14 წლის განმავლობაში უკრაინამ განიცადა რევოლუცია და რვაწლიანი ომი დონბასში. ახლა კი ჩვენ ვიბრძვით სიცოცხლისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე საშინელ ომში. ქალბატონ მერკელსა და ბატონ სარკოზის, ბუჩაში ვიწვევ, რათა ნახონ, სადამდე მიგვიყვანა რუსეთის მიმართ დათმობების პოლიტიკამ 14 წლის განმავლობაში. საკუთარი თვალით ნახონ ნაწამები უკრაინელი კაცები და ქალები,” - აღნიშნა ზელენსკიმ.

"მინდა სწორად გამიგონ. ჩვენ დასავლეთს არ ვადანაშაულებთ. ჩვენ არავის ვადანაშაულებთ, გარდა კონკრეტული რუსი სამხედროებისა, ვინც ეს გააკეთა ჩვენი ხალხის წინააღმდეგ და ვინც მათ ბრძანებებს აძლევდა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება ვისაუბროთ მათი გაუბედაობის შესახებ. ასეთი ბუჩასკენ, ასეთი ჰოსტომელისკენ, ასეთი ხარკოვისკენ, ასეთი მარიუპოლისკენ მიმავალი გზის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, გარკვეულ ბლოკში ვართ თუ არა, ერთი რამ გვესმის: უნდა ვიყოთ ძლიერები.

თოთხმეტი წლის წინ რუსეთის ლიდერმა ბუქარესტში დასავლეთის ლიდერებს უთხრა, რომ ქვეყანა უკრაინა არ არსებობს და ჩვენ ვამტკიცებთ, რომ არსებობს ასეთი ქვეყანა. იყო და იქნება,”- განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე იხილეთ: