რუსეთ-უკრაინის სამამულო ომის პარალელურად, რუსეთის ჰიბრიდული ომი მძვინვარებს. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო კრემლის იმპერიალისტური ზრახვების სისრულეში მოყვანის წინააღმდეგ გაერთიანდა და ცდილობს პუტინის სისხლიანი რეჟიმი შეაჩეროს, როდესაც უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა და ოკუპაციით გამოწვეული სისხლით ირწყვება უკრაინის მიწა, კრემლის მიერ კონტროლირებული რუსული მედიასაშუალებები ღიად უჭერენ მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ისინი აგრძელებენ რუსული პროპაგანდისტული მესიჯების გავრცელებას საქართველოში, მათ შორის, სოციალური ქსელების საშუალებითაც. ყველაზე უფრო სამწუხარო ისაა, რომ რუსეთს თავისი რუპორი მედიასაშუალებები ჰყავს საქართველოში, რომლებიც ამ უდიდესი გეოპოლიტიკური კრიზისისას უპრობლემოდ აგრძელებენ ფუნქციონირებას და საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის "მოწამვლას". მაგალითისათვის გამოდგება "ალტ-ინფო“ და მისი მიმდევრები, ეს არის პრორუსული განწყობებით და სიძულვილის ენის გამოყენებით ცნობილი ძალადობრივი ჯგუფი, რომელმაც საკუთარი აგრესიის სამიზნედ ის ჟურნალისტებიც გამოაცხადა, ვინც მათ ოდიოზურ პოზიციას არ იზიარებენ.
შეგახსენებთ, 2021 წლის 5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის 53 წარმომადგენელს. მედიაზე თავდასხმის ამ ეპიზოდს, სამართლებრივი გაგრძელება მოჰყვა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი ეკა ლემონჯავა "ამბობს, სწორედ "ალტ-ინფოს" წარმომადგენლები იყვნენ იმ ადამიანთა რიგებში, ვინც 5 ივლისის ძალადობისთვის დაკავებულებს სასამართლო სხდომებზე ამხნევებდნენ.
"მოგეხსენებათ, 5 ივლისს, რუსთაველი გამზირზე, ჟურნალისტებზე იძალადეს, მათ შორის ჩემს თანამშრომლებზეც, დაკავებული მოძალადეების სასამართლო პროცესს აშუქებდა "ალტ-ინფოც". როცა ბრალდებულები შემოიყვანეს დარბაზში, ამ ტელევიზიის ოპერატორმა, რომელსაც 5 ივლისს კოლეგები დაუსახიჩრეს, ამაში ბრალდებულებს მიმართა - მაგრად იყავით ბიჭებოო! მეტი რაღა უნდა ითქვს, ეს არის მათი სახისა და მიზნების წარმოჩენის ცხადი მაგალითი", - ამბობს ეკა ლემონჯავა.
"ალტ-ინფოს" წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობა თუ ძალადობის წაქეზება ამით არ დასრულებულა. როგორც ირკვევა, ამან სისტემატური ხასიათი მიიღო, როგორც "ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი სალომე კვარაცხელია ამბობს, ძალადობამ ფორმები შეიცვალა, ის სიტყვიერი შეურაცხყოფითა და პროვოკაციით ჩანაცვლდა.
სალომე კვარაცხელია:
"ალტ-ინფოს" წარმომადგენელი, ვინმე გოჩა სურამელი დადის გადაღებებზე, მიდის ჟურნალისტებთან და ცდილობს სხვადასხვა თემის გარშემო პროვოკაციაზე წამოაგოს. მისი პროვოკაციების გარდა, კიდევ იყო ორი შემთხვევა, როცა "ალტ-ინფოს" მხარდამჭერები მოდიოდნენ და გადაღებაზე მყოფ ჟურნალისტების აგინებდნენ..." - აცხადებს სალომე.
გოჩა სურამელის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნათლად ჩანს, მისი რეპლიკები ჟურნალისტების თუ სამოქალაქო აქტივისტების მისამართით. ერთ-ერთ ეპიზოდში ის თავად ამბობს, რომ ჟურნალისტებთან ინფორმაციულ ომშია.
"მიზანი მარტივია და ის ზედაპირზე ჩანს. მათ სურთ შუღლის გაღვივება, პროვოკაციაზე ადამიანების წამოგება, დაძაბულობის შექმნა და საზოგადოების კიდევ უფრო მეტად დანაწევრება, ეს ყველაფერი კი რუსეთის ინტერესში შედის...“ - ამბობენ ჟურნალისტები.
"ალტ-ინფოს" მაუწყებლობისას ხშირად შეხვდებით, ქსენოფობიისა და ჰომოფობია წამახალისებელ ფრაზებს, ეთერში მჯდომი პირები დაუფარავად ამჟღავნებენ ანტიდასავლურ პოზიციას.
რუსეთი გარდა უკრაინასთან ბრძოლისა, უკვე დიდი ხანია ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, ინფორმაციული ომია.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ნინი ქობალია