ავტორი:

"მერკელი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება" - გერმანიის ექსკანცლერის პრესსპიკერი ზელენსკის პასუხობს

"მერკელი 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება" - გერმანიის ექსკანცლერის პრესსპიკერი ზელენსკის პასუხობს

გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას პასუხობს. მერკელის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ყოფილი კანცლერი ერთგულია 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების.

"ანგელა მერკელი ერთგული რჩება გადაწყვეტილებების, რომელიც 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიიღეს“, - აცხადებს მერკელის პრესსპიკერი.

მისივე თქმით, მერკელი მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რათა ბოლო მოეღოს "ბარბაროსობას“ და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ.

"იმ სისასტიკის გათვალისწინებით, რომელსაც ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ვხედავთ, ყოფილი კანცლერი სრულად უჭერს მხარს ყველა ძალისხმევას, რათა ბოლო მოეღოს ბარბაროსობას და რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ“, - ამბობს ის მცირე კომენტარში.

ცნობისთვის უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ანგელა მერკელი და ნიკოლა სარკოზი ბუჩაში მიიწვია, რათა თავად დაენახათ, რა მოჰყვა რუსეთის მიმართ "დათმობის პოლიტიკას."

"2008 წელს ზოგიერთ დასავლელ პოლიტიკოსს რუსეთის მიმართ აბსურდული შიში ჰქონდა", - განაცხადა ზელენსკიმ.