რუსი სამხედროები უკრაინელ ქალებზე სექსუალურად ძალადობას ომის იარაღად იყენებენ. იმ ზონებში, საიდანაც რუსული ძალები უკან იხევენ, გაუპატიურების მტკიცებულებების რიცხვი იზრდება. სექსუალური ძალადობის მასშტაბები, ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია.
გასულ კვირას ფოტოგრაფმა მიხაილ პალინჩაკმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელიც კიევის მახლობლად, 20 კილომეტრშია გადაღებული და საბანგადაფარებული ერთი მამაკაცის და 3 ქალის ცხედარია აღბეჭდილი.
"ქალები შიშვლები იყვნენ და მათი სხეულები ნაწილობრივ დამწვარი იყო", - ყვება ფოტოგრაფი.
აღმოსავლეთ უკრაინის იმ ქალაქებში მცხოვებმა ქალებმა და გოგონებმა, საიდანაც რუსის ჯარი გავიდა, პოლიციას, უფლებადამცველთა ორგანიზაციებს და მედიას მიმართეს, რათა რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ მოეყოლათ. გამომძიებლების შეგროვებულ საშინელ ჩვენებებს შორისაა ჯგუფური გაუპატიურებები, თავდასხმები იარაღის მუქარით და ბავშვების თვალწინ ჩადენილი გაუპატიურებები.
გაუპატიურება და სექსუალური ძალადობა ომის დანაშაულებად და საერთაშორისო სამართლის დარღვევად განიხილება. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოძიებას დაიწყებენ, თუმცა იმ ქალებს და გოგონებს, რომლებიც ყოველდღიურად ხდებიან რუსი სამხედროების მსხვერპლი, დღესვე ესაჭიროებათ დახმარება.
31 წლის ანტონინა მედვედჩუკი ჰყვება, რომ ომის დაწყების დღეს, როცა დაბომბვის ხმამ გააღვიძა, პირველი, რაც კიევიდან გამგზავრებამდე თავდასაცავად ჩანთაში ჩადო - მაკრატელი იყო.
"დედაჩემი ცდილობდა დავემშვიდებინე: "ადრე რომ იყო ისე აღარ ხდება, ახლა სხვანაირი ომია". 8 წელია ფემინისტი ვარ და ჩემთვის ვტიროდი, რადგან ვიცი, რომ ყველა ომი ასეთია", - ამბობს ქალი.
ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა La Strada Ukraine და Feminist Workshop, შიშობენ, რომ გაუპატიურების შედეგად მიღებული ტრავმა უკრაინულ საზოგადოებას წლების განმავლობაში დატანჯავს.
მოამზადა ანა სიბოშვილმა
წყარო: theguardian