გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღიარა, რომ შეცდომა იყო რუსეთსა და გერმანიას შორის "ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაზსადენის პროექტის მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში ერთგულად დარჩენა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
”ჩემი შეუპოვრობა "ჩრდილოეთ ნაკადი 2”-ზე აშკარად შეცდომა იყო. ჩვენ ვებღაუჭებოდით ხიდებს, რომლისაც რუსეთს აღარ სჯეროდა და რომელთა შესახებაც ჩვენმა პარტნიორებმა გაგვაფრთხილეს”, - აღნიშნა შტაინმაიერმა.
მისივე თქმით, ის ასევე ცდებოდა, პუტინის შეფასებისას.
"ჩემი შეფასება იყო, რომ ვლადიმერ პუტინი არ დაუშვებდა თავისი ქვეყნის სრულ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და მორალურ დანგრევას მისი იმპერიული მანიის გამო - ისევე როგორც სხვები, მე ვცდებოდი“, - თქვა მან.
POLITICO-ს ცნობით, წლების განმავლობაში აშშ და გერმანიის სხვა მოკავშირეები აკრიტიკებდნენ ოფიციალურ ბერლინს მილსადენის პროექტის გამო, ამტკიცებდნენ, რომ ეს იქნებოდა უკრაინისთვის საშიში და არასწორ სიგნალს გაუგზავნიდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ, რაც მან 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა.
მაგრამ, გერმანიის ყოფილი კანცლერი ანგელა მერკელი თანამდებობაზე ყოფნის ბოლომდე, ერთგული რჩებოდა იმისა, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2“ კომერციული პროექტი იყო და არანაირი კავშირი არ ჰქონდა პოლიტიკასთან.
მისმა მემკვიდრემ ოლაფ შოლცმა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, თებერვალში შეცვალა კურსი და პროექტი ახლა მკვდარია.