ყველა თემასთან დაკავშირებით ჩვენ ევროკავშირის ოფიციალურ პოზიციებს, განცხადებებს დავეყრდნობით. ცალკეული ანგარიშები ჩვენი სახელმძღვანელო ვერ გახდება. ჩვენთვის მთავარია ევროკავშირის პოზიცია ყველა თემაზე და სახელმძღვანელო სწორედ ეს პოზიცია გახდება, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის ანგარიშს, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს.
ამ საკითხზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ რატომ არ შეუერთდა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ ამ შემთხვევაშიც საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია პარტნიორების ოფიციალური პოზიცია და არა ცალკეული ანგარიშები.
"ჩვენ ყველას ძალიან ნათლად ვუხსნით იმას, თუ რა იყო ამ კონკრეტული გადაწყვეტილების საფუძველი და ჩვენს პარტნიორებს, ვისთანაც საუბარი გვაქვს, ძალიან კარგად ესმით, თუ რა რისკებთან არის დაკავშირებული სანქციები საქართველოსთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორების ოფიციალური პოზიცია და არა ცალკეული ანგარიშები, რომელსაც მათ შორის, შეიძლება კონკრეტული "ენჯეო“ წერდეს. ამიტომ, ჩვენ დავეყრდნობით ოფიციალურ პოზიციებს“, - აცხადებს კობახიძე.
რაც შეეხება ევროპარლამენტის ანგარიშის ნაწილს, მედიასა და სასამართლოსთან მიმართებით, სადაც საუბარია იმაზე, რომ 2020 წლიდან სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებმა ხელი შეუშალა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებას, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოში დემოკრატიის ძალიან მაღალი ხარისხია.
"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს ნათელი პოზიციები ყველა თემასთან დაკავშირებით, იგივე ეს ეხება სასამართლოს, სხვა სფეროს და ა.შ. საქართველოში დემოკრატიის ძალიან მაღალი ხარისხია და მათ შორის, ეს სტატისტიკური მონაცემებით დასტურდება და არამარტო სტატისტიკური მონაცემებით. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მყარი არგუმენტები გვაქვს. თუ ვინმეს ინტერესი ექნება მოისმინოს ეს არგუმენტები, რა თქმა უნდა, ამ არგუმენტებს გავუზიარებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება და 2020-2022 წლებს მოიცავს. ანგარიშის თანახმად, 2020 წლიდან საქართველომ სერიოზულად დაიხია უკან დემოკრატიული პრინციპებისა და იმ ძირითადი პოლიტიკური ვალდებულებების კუთხით, რომლებიც მან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "მკვეთრი პოლიტიკური პოლარიზაციის კონტექსტში, დემოკრატიული ინსტიტუტები თანდათან კარგავენ საკუთარ არსს და მმართველი კოალიცია სულ უფრო მეტად ახორციელებს ძალაუფლებას ხელში ჩაგდების კონცენტრირებას, ამასთანავე ზღუდავს სივრცეს განსხვავებული აზრისთვის“. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.