კიმ იო ჯონგი, ჩრდილოეთ კორეის პოლიტბიუროს წევრი და კიმ ჩენ ინის და, სამხრეთ კორეას პრევენციული დარტყმის შესაძლებლობის შესახებ მეორე გაფრთხილებას აძლევს ის სამხრეთ კორეას "ბირთვული შურისძიებით" ემუქრება, თუ "მათ პროვოცირებას მოახდენენ".
ჩრდილოეთ კორეულ მედიაში გავრცელდა ოფიციალური განცხადება, სადაც კიმ იო ჯონგი სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის, სუ ვუკის ბოლოდროინდელ კომენტარებს იხსენებს და ამ კონტექსში "პრევენციული დარტყმების" შესახებ საუბრობს.
კიმ იო ჯონგი სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრის განცხადებებს "გიჟის ისტერიას“ უწოდებს. ეს კიმ ჩენ ინის დის უკვე მეორე გაბრაზებული და მკაცრი განცხადებაა სუ ვუკისადმი.
გასულ კვირას მან განაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში გაკეთებული განცხადებები უგუნურია და დაამატა: "თუ კატასტროფის თავიდან აცილება სურთ, თვითდისციპლინას უნდა მიმართონ“.
ჩრდილოეთ კორეა უკვე არაერთხელ დაიმუქრა ოპონენტების წინააღმდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ბირთვული იარაღის გამოყენებით.
მიმდინარე თვის ბოლოს, ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინის ბაბუის, კიმ ირ სენის დაბადების 110 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ დღეს, ტრადიციულად, სამხედრო აღლუმები იმართება, იარაღი იტესტება ან თანამგზავრებს უშვებენ.
წყარო: aljazeera
მოამზადა: ანა სიბოშვილმა