ავტორი:

გამომცემლობა "პალიტრა L“ წიგნის ჩუქების კამპანიაში ერთვება -  ტოპ 5 ბესტსელერი, რომელიც საუკეთესო საჩუქარია

გამომცემლობა "პალიტრა L“ წიგნის ჩუქების კამპანიაში ერთვება -  ტოპ 5 ბესტსელერი, რომელიც საუკეთესო საჩუქარია

გამომცემლობა „პალიტრა L“ წელსაც აქტიურად ერთვება წიგნის ჩუქების კამპანიაში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და „ბიბლუსმა“ ერთობლივად წამოიწყეს. 23 აპრილს მსოფლიოს მასშტაბით წიგნის ჩუქების დღე აღინიშნება, თუმცა გასულ წელს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ინიციატივით, აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდა და სხვადასხვა საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ღონისძიება ჩატარდა.

„პალიტრა L” წიგნის მოყვარულებს აქტიურად შესთავაზებს სხვადასხვა სიახლეს, იქნება ეს სპეციალური აქციები თუ ლიტერატურული საღამოები. გამომცემლობამ წელს წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებით დაიწყო კამპანია - „ეს წიგნი ეკუთვნის“, რომელიც ადრესატისთვის ლიტერატურის სწორად შერჩევას გულისხმობს.

მნიშვნელოვანია, საუკეთესო საჩუქარი - წიგნი, სწორად შევურჩიოთ ადრესატს და მოვარგოთ მისი ინტერესის სფეროს, „პალიტრა L-ის“ მიერ აპრილში დაგეგმილი აქტივობებიც სწორედ ამისკენ იქნება მიმართული.

წიგნის ჩუქების დღესთან დაკავშირებით ისევ აქტუალური ხდება ძველი ტრადიციაც - სამახსოვრო წარწერა, რომელიც ადრესატს თქვენს თავს და მნიშვნელოვან დღეს გაახსენებს.

წიგნის ჩუქების თვესთან დაკავშირებით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ პარტნიორებთან ერთად უკვე დაიწყო კამპანიების ჩატარება, იქნება ეს საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფლებში ბიბლიოთეკების მოწყობა თუ სოციალურ ქსელებში კითხვის წახალისება. გიორგი კეკელიძის თქმით, წელს ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებით ემოციურია უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და, ბუნებრივია, ფოკუსში სწორედ მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერა მოექცა. 2022 წელს წიგნის ჩუქების კამპანიასაც ეროვნული ბიბლიოთეკის ჩართულობით, „წიგნი მშვიდობისთვის“ ეწოდა, რაც უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ეძღვნება.

ზოგადად, წიგნის ჩუქების თვის მიზანი არის წიგნიერების ამაღლების ხელშეწყობა და კითხვის პოპულარიზაცია. გიორგი კეკელიძის თქმით, გასულ წლებში კამპანიაში უამრავი ადამიანი ჩაერთო და წელსაც იმავეს მოლოდინი აქვთ.

„ოკუპაციის გამყოფ ხაზთან, სამ სოფელში 200-200 ახალი წიგნი უკვე ჩავიტანეთ. იგეგმება როგორც გამყოფ ხაზთან მდებარე ყველა სოფლის, ისე სხვა სოფლების წიგნებით მომარაგდება და საქალაქო ბიბლიოთეკები ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.

გასულ წლებში ფანტასტიკური შედეგები მივიღეთ, განსაკუთრებით პირველ წელს, მეორე წელს უკვე პანდემია დაემთხვა და, შესაბამისად, ყველაფერი გართულდა. წელს ველოდებით, რომ ადამიანები გაცილებით უფრო აქტიურები იქნებიან, ერთმანეთს გამოიწვევენ და ამ მძიმე სიტუაციაში განათლება თავის თავს მაინც დაინახავს,“ - აღნიშნა გიორგი კეკელიძემ.

წიგნის ჩუქების თვის ფარგლებში გამომცემლობა „პალიტრა L“ მონაწილეობას მიიღებს კითხვის პოპულარიზაციისთვის გამართულ სხვადასხვა ღონისძიებაში და მკითხველს თავადაც დაეხმარება ლიტერატურის შერჩევაში.

წარმოგიდგენთ 5 წიგნს, რომელსაც გამომცემლობა „პალიტრა L” გვირჩევს:

რუპი კაური - „რძე და თაფლი“

რუპი კაური ინდური წარმოშობის კანადელი პოეტი, ილუსტრატორი და ავტორია. ის ფართო საზოგადოებამ გაიცნო სადებიუტო ნამუშევრით „რძე და თაფლი“, რომელიც The New York Times-ის ბესტსელერების სიაში მოხვდა. ეს პოეტური კრებული ათასობით მკითხველმა აღიარა, როგორც საინტერესო ნამუშევარი.

როგორც „რძე და თაფლი“ გვეუბნება, სასიამოვნო მომენტები ცხოვრებაში ყოველდღიურად გვაქვს, უბრალოდ ისინი უნდა შევამჩნიოთ, მათი დანახვის სურვილი უნდა გვქონდეს. რუპი კაურის პოეზიაც სწორედ ამ სასიამოვნო ცხოვრებისეულ მომენტებსა და დეტალებზეა.

მადელინ მილერი - „სიმღერა აქილევსზე“

ბერძნული მითოლოგია მწერლების შთაგონებად რჩება და ნიჭიერი ავტორები მათზე ახალ საინტერესო ისტორიებს ქმნიან, ჩვენ კი სიამოვნებით ვკითხულობთ ბერძენი ღმერთებისა და მეფეების ვნებების შესახებ.

თანამედროვე ცნობილი ავტორის მადელინ მილერის ნამუშევარი უნაკლო მებრძოლის აქილევსისა და მისი თავმდაბალი მეგობრის პატროკლოსის მეგობრობისა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ეს ცოცხალი და ადამიანური ნაწარმოები სავსეა თავბრუდამხვევი ისტორიებით, ვნებებით, ხანმოკლე ბედნიერების მომენტებითა და უმძიმესი მოვლენებით, რომელიც ყველაფერს საუკეთესოს ანადგურებს. ყველაფერი კი პატროკლოსის ენით არის მოთხრობილი.

ნათია ჯაგოდნიშვილი - „შეცდომა“

ნათია ჯანგოდაშვილი გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულია. კონკურსში მისმა რომანმა „ცდუნებამ“ გაიმარჯვა, „შეცდომა“ კი მომდევნო ნამუშევარია.

რომანი მოგვითხრობს სტუდენტი გოგონას შესახებ, რომლის ცხოვრებაც ერთი კონკრეტული ნაბიჯის შედეგად რადიკალურად იცვლება, თავის რჩეულს იგი არ უყვარს, თუმცა, მიუხედავად ამისა, ისინი ერთად იწყებენ ცხოვრებას. წყვილი დაძაბულია, მით უფრო, როცა მათ შორის სიყვარული ცალმხრივია. წიგნი მთავარი პერსონაჟების თანაცხოვრებასა და გოგონას გადამწყვეტ ნაბიჯზე გვიამბობს, რომელიც საკითხავია, შეცდომა იყო თუ სწორი ქმედება საჭირო დროს.

„მიყვარხარ - ქართველი პოეტები სიყვარულზე“

თითქმის ვერ ნახავთ ადამიანს, რომელმაც ქართველი პოეტების მიერ სიყვარულზე დაწერილი ლექსებიდან ერთი სტროფი მაინც არ იცის. ეს ლექსები კი ერთ წიგნად შეიკრიბა და გამოიცა ერთი სახელის ქვეშ - „მიყვარხარ“.

ლექსები ეკუთვნით ქართული პოეზიის მეფეს გალაკტიონ ტაბიძეს, აკაკი წერეთელს, ლადო ასათიანს, ვახტანგ ჯავახაძეს, რატი ამაღლობელს, ბესიკ ხარანაულს, ტიციან ტაბიძეს, ნიკოლოზ ბარათაშვილს, ანა კალანდაძეს, გიორგი კეკელიძეს, სალომე ბენიძეს, დიანა ანფიმიადსა და სხვა მწერლებს.

კრებული საყვარელი ადამიანისთვის საუკეთესო საჩუქარია.

ქართული ანბანი 33 ემოცია

დოკუმენტური პროზის ეს თვალსაჩინო ნამუშევარი ქართული ანბანისადმი მიძღვნილი ანთოლოგია, 33 ავტორის დამოკიდებულებაა. ის მწერალმა ეკატერინე ტოგონიძემ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოამზადა.

წიგნი უნიკალურია იმითაც, რომ გამოცემისთვის საზედაო ასოები მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა შექმნა. ქართული ანბანი 33 ემოცია თავიდან აღმოგაჩენინებთ ჩვენს დამწერლობას და კიდევ უფრო შეგაყვარებთ მას. ის საკოლექციო წიგნებში ერთ-ერთ თვალსაჩინო ადგილს დაიკავებს.

გამომცემლობა „პალიტრა L“ წიგნის ჩუქების თვის ფარგლებში აქტიურად შემოგთავაზებთ ახალი და კლასიკური ლიტერატურის საინტერესო ნიმუშებს, რაც არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

#აჩუქეწიგნი

#23აპრილი

#პალიტრაL

#წიგნისაუკეთესოსაჩუქარია