ომის საშინელება საკუთარი თვალით იხილა, მთელი მათი ოჯახი აფხაზეთის ომში იყო ჩართული. რთული გზა გაიარა... დღეს მას ყველა ბერია ანდრიას დედად იცნობს, რომელმაც შვილი მძიმე სენთან ბრძოლაში დაკარგა, მაგრამ ახლა მსგავსი პრობლემის მქონე უამრავი ბავშვილის დედობა იტვირთა.
"ბერი ანდრიას ფონდი", რომელიც მან და მისმა მეუღლემ დაარსეს, სწორედ ონკოლოგიური პრობლემების მქონე პატარებზე ზრუნავს. შვილზე და მის მოწამეობრივ ცხოვრებაზე არაერთხელ უსაუბრია... თინათინ ჩხვიმიანი ამჯერად, ჩვენი თხოვნით, აფხაზეთის ომის საშინელ დღეებს იხსენებს. უკრაინის ომმა მას ის სიმწარე გაუახლა...
- სოხუმში, მრავალშვილიან ოჯახში დავიბადე და გავიზარდე. ოთხი ძმა და ორი და მყავს... აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში ვცეკვავდი. კარგად ვცხოვრობდით, მშვენივრად ვიყავით, მაგრამ ომი დაიწყო... ჩემი ოთხივე ძმა წინა ხაზზე იბრძოდა. არც მშობლებს დაუტოვებიათ სოხუმი. ოჯახის წევრები ვერც მე მივატოვე, ექთნის ექსტრემალური კურსები გავიარე და მეორე კორპუსის სატანკო მეორე ბატალიონის მეომრებს როგორც ექთანი ვემსახურებოდი... მედდებს უამრავი დაჭრილი და გარდაცვლილი ადამიანის პატრონობა გვიწევდა.
ყოველი შემოტევის შემდეგ დავდიოდი და გულისკანკალით გარდაცვლილთა სიებსა და საავადმყოფოებში ჩემს ძმებს ვეძებდი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ყველანი მშვიდობიანად გადარჩნენ, თუმცა ბიძაშვილები, მამიდაშვილები, ბევრი ახლობელი დაგვეღუპა. არადა, მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ომი დაიწყებოდა - ქართველები და აფხაზები ერთმანეთს იარაღს დავუშენდით... ადამიანები, ვინც ერთად გავიზარდეთ და ერთად ვცხოვრობდით, ვერ ვიჯერებდი, რომ ასე უცებ მტრები გავხდებოდით...
ომის დაწყების დღეს მეგობარი გოგონას დაბადების დღე ვიყავით და იქ გავიგეთ, რომ „წითელ ხიდთან“ საშინელი აფეთქებები იყო, რომ ომი დაიწყო... ერთი მეგობარი ადგა და - მშვიდობითო. რას ამბობ? ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი? ვუთხარი. არა, საშინელება დატრიალდებაო. მოჰკიდა თავის ცოლს ხელი და წავიდა. ყველანი დავიშალეთ... ...ჩვენი ოჯახი ომის წინა ხაზთან ცხოვრობდა...
- და ალბათ ახლა, უკრაინის ომის დროს გაგიახლდათ იმ მძიმე დღეების ემოციები...
- როცა უკრაინაში ომი დაიწყო და ვნახეთ ის უმძიმესი კადრები, ცუდად გავხდი. ზუსტად ის შეგრძნებები დამეუფლა, როგორც მაშინ, აფხაზეთში... სირენას ხმა რომ მოვისმინე, აბსოლუტურად გავნადგურდი... ასეთ საშინელებაში ხომ წელიწადი და 2 თვე ვიცხოვრეთ...
- ე.ი. მთელი ოჯახი იყავით ომში ჩართული...
- ძმები ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ. როდესაც ვნახე, რომ ის უბედურება არ სრულდებოდა, არ მთავრდებოდა, სამედიცინო კურსები გავიარე, რომ დაჭრილებს როგორც შემეძლო, ისე დავხმარებოდი. ძმები ჩემზე ნერვიულობდნენ, სულ შიში ჰქონდათ, რამე არ დამმართნოდა. მაინც არ ვეპუებოდი. მამა ტურბაზაში მუშაობდა, მაგრამ ომის დროს, დედასთან ერთად, პურის კომბინატში მეპურეებს ცხობაში ეხმარებოდა. შემდეგ კი ის ბატალიონის გამოსაკვებად მიჰქონდა. დედა ჯარისკაცებს ღვეზელებს უცხობდა...
...მორიგი შემოტევიდან დაჭრილები გამოვიყვანეთ. ერთი ფეხში მძიმედ იყო დაჭრილი და მეორეს ნამსხვრევები ჰქონდა (მეორე ჩემი მომავალი მეუღლე ემზარ მილორავა იყო), რომელმაც მითხრა, - ეს წაიყვანეთ, მძიმედ არის. მე არა მიშავსო და არ წამოგვყვა... ის ბიჭი, რიჟას ეძახდნენ, სახელი არ ვიცი, ფეხი ჰქონდა მოგლეჯილი, მის განწირულ ხმას ვერ ვივიწყებ, შოკირებული ყვიროდა - ფეხი მომაცილეთო... ტკივილს ვერ უძლებდა...
მანქანა, რომლითაც მიგვყავდა, ისეთი მანევრებით მოძრაობდა, რომ ამის გადმოცემა გამიჭირდება, რადგანაც გარშემო ჭურვები ფეთქდებოდა. მტრისთვის როგორც ხელის გულზე ისე ვიყავით... ჰოსპიტლამდე როგორღაც მივაღწიეთ. მერე გავიგე, რომ ექიმებმა მისთვის ფეხის შენარჩუნება შეძლეს...
- თავშესაფრები იყოს მაშინ სოხუმში?
- თავშესაფარი მხოლოდ ერთ ადგილას, ქალაქის ცენტრში იყო. სადაც ვცხოვრობდით, იქ ისეთი სარდაფიც არ გვქონდა, რომ თავი დაგვეცვა. ვიყავით ღმერთის იმედად. დაგვეცემოდა თუ არა თავზე ჭურვი. ხმას რომ გავიგებდით, გავდიოდით ბოლო ოთახში, რაიმე დიდი რომ შემოფრენილიყო, არ მოგვხვედროდა... გარშემო სახლი არ იყო, რომელსაც ჭურვი არ ჰქონდა მოხვედრილი. ხალხი ჩამონგრეული სადარბაზოებში ნაპირ-ნაპირ დადიოდა. რა ექნათ? სხვა გაზა არ არსებობდა. საკვების დეფიციტიც იყო. ქალაქში ისინი იყვნენ დარჩენილი, ვისაც წასვლა არსად შეეძლო. სოხუმი მრავალეროვანი ქალაქი იყო და შესაბამისად იყვნენ ბერძნები, სომხები... ლუკმას ამ მეზობლებსაც ვუყოფდით...
ემოციურად დიდი შოკი იყო ისიც, როდესაც მოხალისეს ელაპარაკებოდი, რომელიც საბრძოლველად უნდა გასულიყო და იღუპებოდა... იმ ბოროტებას რაც იქ ტრიალებდა, თვალნათლივ, შეუნიღბავად ვუყურებდი და იმ ყველაფრის ფონზე ცხოვრება უფერულდებოდა... ვხედავდი საოცარ სისასტიკეს და სულ მქონდა კითხვა, ამდენი ადამიანი რატომ უნდა იღუპებოდეს? როგორ არ შეიძლება, მოილაპარაკონ? ამაზე პასუხს ვერ ვპოულობდი...
მკვდრებს შორის ცხადია, აფხაზებიც იყვნენ და ვცდილობდი, ისინიც დაემარხათ. ერთი ბიჭი იყო ჩვენი მეზობელი, თურმე შრომაში დამარხეს და ვეცადე, მისი დედისთვის ხმა მიმეწვდინა, რომ იქ მისი შვილი დაკრძალული... არ ვიცოდი, ამას რატომ ვაკეთებდი, ახლა ვხვდები, როგორც ჩანს, ქვეცნობიერად ვგრძნობდი ჩემს მომავალ ბედს. ჩემთვის ჩემი შვილის საფლავი დღეს ხომ ძალიან მნიშვნელოვანია...
- გამოდის, რომ მეუღლე ომში გაგიცნიათ...
- კი, ისე მოხდა, მე და ემზარმა ომის დროს გავიცანით ერთმანეთი, შეგვიყვარდა ერთმანეთი და ღვთის ნებით, ომის დროს (1993 წლის 2 ივლისი) შევქმენით ოჯახი... სოხუმის დაცემის დღეს კი, 1993 წლის 27 სექტემბერს მთელს ოჯახს ქალაქის დატოვება მოგვიხდა. უღელტეხილზე 9 დღე-ღამის განმავლობაში მოვდიოდით... თავიდან ყველა მანქანით წასვლას ცდილობდა და გზები ჩახერგილი იყო. იყო შიმშილი, უწყლოობა... გზად უამრავი გარდაცვლილი ადამიანი გვხვდებოდა. ჭირისუფლებს ჩემი ძმები ეხმარებოდნენ - ასაფლავებდნენ. ზოგს კი პატრონები იქვე ტოვებდნენ, რადგანაც ისეთი დაუძლურებულები იყვნენ, მათი დამარხვის თავიც არ ჰქონდათ.
4 თვის ფეხმძიმე ვიყავი და ჩემთვის რთული იყო იმ ყველაფრის ხილვა და იმ გზის გავლა... მოკლედ, ღვთის წყალობით, გამოვიარეთ ის ჯოჯოხეთი და სოფელ ჭუბერამდე ჩავაღწიეთ... წარმოშობით იქიდან ვართ, ჩვენი ბაბუის სახლში მივედით, მაგრამ იქ 65 კაცამდე დევნილი დაგვხვდა. ისე, რომ მამაპაპისეულ სახლში ჩვენი ადგილი არ აღმოჩნდა. იმის გამო, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მამა ჩემზე განსაკუთრებულად წუხდა. იმდენი დღის ძალაგამოცლილს მოსვენება მჭირდებოდა და როგორღაც სვანური ღუმლის ქვეშ დამიგეს ქვეშაგები, თავზე რომ არავის დაებიჯებინა... მოკლედ, საწოლი არავინ დამითმო... მაგრამ ხალხი ისეთი გამწარებული იყო, გადარჩენაზე იყვნენ, მათგან არავის ვიცნობდი, მამა ხომ ყველას უშვებდა სახლში... ასე რომ, ჩვენთვის ომი სოხუმის დაცემით არ დასრულებულა. ის გაგრძელდა მაშინაც, რაც უღელტეხილზე გადმოვედით...
- დიდხანს იყავით ჭუბერში იმ მძიმე მდგომარეობაში?
- რადგან ჩვენს სახლში ადგილი არ იყო, ჭუბერიდან სოფელ ლატალში, დეიდასთან გადავინაცვლეთ. ჩემი დედამთილ-მამამთილი ჩემი მაზლის მოსაძებნად წავიდნენ, რადგანაც ის უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. პოლკოვნიკი ნუგზარ მილორავა ბატალიონის მეთაური იყო... მე და ჩემი მეუღლე კი სვანეთში დავრჩით, რადგანაც სხვაგან წასასვლელი არსად გვქონდა...
- მაზლის კვალს მიაგენით?
- 26 სექტემბერს, ნუგზარი ჩვენ სანახავად აგუძერაში, ერთ-ერთ სახლში, სადაც ვიყავით შეფარებულები, მოვიდა. ძალიან დამძიმებული ჩანდა... გვითხრა, - წადითო, მერე დაგვემშვიდობა... 27 სექტემბერს, სოხუმი რომ დაეცა, ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე, ტანკში ჩაჯდა, მტრის ხაზი გაარღვია, ქალაქში შევიდა, სანამ ტანკმა შეძლო, იბრძოდა და მერე იქიდან მისი გაქრა... მის კვალს მხოლოდ 2 წლის წინ მიაკვლიეს. ჩემმა დედამთილმა და მამამთილმა დნმ-ის საფუძველზე იპოვეს. ახლა დიღმის პანთეონშია დაკრძალული.
მესტიაში, 1994 წლის 23 თებერვალს ჩემი შვილი ნუგზარ მილორავა (მამა ანდრია) დაიბადა. საოცარი თოვლი იყო და სამშობიარომდე ძლივს მივაღწიეთ. მარხილებით მიმიყვანეს... ბავშვს ჩემი მაზლის სახლი დავარქვით... პატარა 4 თვის იყო, საცხოვრებლად ქუთაისში რომ გადავედით. სასტუმრო „ქუთაისის“ ერთ ოთახში, ორადგილიან ნომერში, 9 სული მოვთავსდით და იქ იზრდებოდა პატარა ნუგზარი. პირველი სიტყვა რატომღაც სვანურად თქვა - იმღა (რატომ?). ძალიან მშვიდი და საყვარელი ბავშვი იყო. არც ერთ ასაკში მას ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია...
- რას ამბობდა იმაზე, რომ მის მშობლებს ომის საშინელება ჰქონდათ გამოვლილი...
- მე ყველაფერს ვუყვებოდი... მან წიგნი "გზა სიცოცხლისა და თავისუფლებისა" დაწერა. იქ აღწერილი აქვს ჩვენი უღელტეხილზე გადმოსვლის თავისებური ვერსია და ისიც, აფხაზეთში საერთოდ რა მოხდა. სოხუმზეც აქვს ჩანახატი. არასდროს მინახავს ეს ქალაქი, იქ კეთილმა მეზღაპრემ მამოგზაურაო, - უწერია...
- ახლა, როგორც გავიგე, "ბერი ანდრიას ფონდი" უკრაინიდან დევნილ დედა-შვილს მასპინძლობს და თქვენ ხართ მათი დიასახლისი...
- როდესაც გავიგე, რომ რუსებმა ბავშვთა ონკოლოგიური კლინიკა დაბომბეს, გავნადგურდი... ბავშვები ამხელა რამეს ებრძვიან და კიდევ მათზე ასეთ თავდასხმას ახორციელებ, ეს საშინელებაა... მერე წარმოვიდგინე, მამა ანდრია რომ მკურნალობდა და ასეთი რამ მომხდარიყო, რას გავაკეთებდი. ძალიან ცუდად გავხდი... დავწერე "ფეიბუქის" გვერდზე, უკრაინიდან თუ ვინმე მსურველი იქნება, შევიფარებ-მეთქი. ამასთან გავიკითხე-გამოვიკითხე, ბევრგან დავრეკე...
მერე ერთი პოსტი აღმოვაჩინე. „ონკოლოგიური პაციენტი, გოგონა, რომელიც ახლა რემისიაშია, პრობლემა დაძლია (თირკმელზე სარკომა ჰქონდა, ცალი თირკმელი ამოკვეთეს), თურქეთში კვლევაზე იყო და ომი დაიწყო. ამ საშინელების ფონზე ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები გაუჩნდა... დედა-შვილი 1-ელ აპრილს კიევში ბრუნდებოდა, მაგრამ ვერ მიდიან. ბილეთი თბილისზე გადაცვალეს. 2-ში მოფრინავდნენ... პოსტის ავტორი წერდა, - ვის შეგიძლიათ, შეიფარეთო. ვთხოვე, დედის საკონტაქტო მოეცა, რომ დავლაპარაკებოდი, შემეთავაზებინა, ჩვენთან ჩამოსულიყვნენ და თან, გამეგო, ბავშვი რა მდგომარეობაში იყო, რა უნდა დამეხვედრებინა.
2 აპრილს გამთენიას ჩამოფრინდნენ. დავხვდით. ძალიან საყვარელი ბავშვია. ბებია ჰყავს კიევში. მეორე ბებია-ბაბუასთან კონტაქტს ვერ ამყარებენ. ის სოფლები ძალიან იბომბებოდა და ზუსტად არ იციან, რა ბედი ეწიათ. დედა თავს იკავებდა ემოციებისგან, მაგრამ გუშინ იტირა. ბავშვი აწყნარებდა. 13 წლის უგონიერესი გოგონაა. ახლა კვლევებზე უნდა წავიყვანო, ანალიზები ჩავაბაროთ. ამ სტრესის შემდეგ რა სურათია. თუ შეძლებენ კლინიკები ჩვენს უსასყიდლოდ დახმარებას, ხომ კარგი და თუ არა, ჩვენი ფონდი ამას უზრუნველყოფს... მზად ვარ კიდევ ვინმეს ვუმასპინძლო... ომი საშინელებაა, უნდა შეწყდეს და არასოდეს არსად არ უნდა დაიწყოს...