ავტორი:

უკრაინაში მებრძოლი 6 ქართველი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ეჭვობენ, რომ მათ ქიმიური ინტოქსიკაცია მიიღეს - "რუსები საიდანაც მიდიან, ტოვებენ ე.წ. საჩუქრებს"

უკრაინაში მებრძოლი 6 ქართველი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ეჭვობენ, რომ მათ ქიმიური ინტოქსიკაცია მიიღეს - "რუსები საიდანაც მიდიან, ტოვებენ ე.წ. საჩუქრებს"

დავით ქაცარავამ, რომელიც უკრაინაში იბრძვის, 4 აპრილს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ინფორმაცია ქართველი მებრძოლების ქიმიური ინტოქსიკაციის შესახებ.

"2 დღის წინ გოსტომელის აეროდრომზე ვიყავით შესულები. დაბრუნების შემდეგ ჩვენი დანაყოფის 7 მებრძოლს დაუფიქსირდა ქიმიური ინტოქსიკაცია. ამ ეტაპზე ჩვენი ბიჭები მკურნალობენ და დარწმუნებული ვარ, ყველა მალე გამოჯანმრთელდება. რუსი ორკებისგან ნებისმიერი ნაბიჭვრობა არის მოსალოდნელი და საუბრები იმაზე, რომ რუსები შესაძლოა ქიმიური იარაღის გამოყენებას დააპირებენ, საერთოდ არ არის საფუძველს მოკლებული. სხვათა შორის, გაქცეულმა რუსორკებმა ძალიან ბევრი აირწინაღი დატოვეს მიმოფანტული აეროდრომის ტერიტორიაზე. ასე რომ, ეს ნაბიჭვარი სახელმწიფო როგორც მინიმუმ ქიმიური იარაღის გამოყენებაზე არ იტყვის უარს. მოროდიორი აუცილებლად უნდა დაიშალოს მარტივ მამრავლებად და ეს პროცესი შეუქცევადი უნდა გახდეს".

"ტვპირველი" კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართული დანაყოფის 6 წევრი სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ყველა მათგანს სამედიცინო კვლევები უტარდება.

ქართველი მებრძოლი ნადიმ ხმალაძე ამბობს, რომ ისინი ანტონივის აეროპორტთან, 8 საათის განმავლობაში ოპერაციის ჩასატარებლად იმყოფებოდნენ, მისი დატოვების შემდეგ კი ყველა მათგანმა თავი შეუძლოდ იგრძნო.

"გოსტომელში, ანტონოვის აეროპორტში, ე.წ. წმენდაზე ვიყავით. ადგილზე 7-8 საათი დავყავით. გოსტომელი ჩერნობილიდან 30-40 კილომეტრითაა დაშორებული. სიმპტომები გვქონდა ქიმიური მოწამვლის - რუსები საიდანაც მიდიან, ტოვებენ ე.წ. საჩქურებს, მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. მას შემდეგ რაც ექვსივე ჩვენგანს იდენტური სიმპტომი გამოგვივლინდა, წაგვიყვანეს სამედიცინო ცენტრში. ყველა სიმპტომი იყო შესაბამისი იმისი, რომ იყო ქიმიური მოწამვლა, რომელიც რუსებმა დატოვეს", - ამბობს ქართველი მებრძოლი "ტვპირველთან".