რუსი სამხედროები ეძებდნენ და მიზანმიმართულად კლავდნენ ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდნეტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოსადმი მიმართვისას განაცხადა.
მან რუსეთს ქალაქ ბუჩაში ჩადენილი მკვლელობების გამო გენოციდში დასდო ბრალი.
"გუშინ დავბრუნდი ქალაქ ბუჩადან, რომელიც ახლახანს განთავისუფლდა რუსეთის ჯარებისგან, კიევიდან არც თუ ისე შორს. არ არსებობს ისეთი დანაშაული, რომელსაც ისინი არ ჩაიდენდნენ. რუსი სამხედროები ეძებდნენ და მიზანმიმართულად კლავდნენ ყველას, ვინც ჩვენს ქვეყანას ემსახურებოდა. მათ ესროლეს და დახოცეს ქალები თავიანთი სახლების გარეთ, როდესაც ისინი უბრალოდ ცდილობდნენ დაეძახათ ვინმესთვის, რომ გაეგოთ ვინ იყო ცოცხალი. მათ დახოცეს მთელი ოჯახები, მოზრდილები და ბავშვები და ცდილობდნენ ცხედრების დაწვას", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ქალაქ ბუჩაში არ დარჩა ისეთი დანაშაული, რომელიც რუსმა ჯარისკაცებმა არ ჩაიდინეს.
"ხალხს ესროლეს ქუჩაში, საკუთარ სახლებში, ჩაყარეს ჭებში, გადაუარეს ტანკებით შუა გზაზე. რუსების ქმედებები ძალიან ჰგავს ტერორისტული დაჯგუფების, ისლამური სახელმწიფოს ქმედებებს. გეოგრაფია შეიძლება იყოს განსხვავებული, მაგრამ სისასტიკე იგივეა, დანაშაული იგივეა და პასუხისმგებლობა გარდაუვალი უნდა იყოს“, - განაცხადა მან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამო, რუსი სამხედროები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ გამომძიებლები ყველაფერს გააკეთებენ, რათა გამოავლინონ დანაშაულის ჩამდენი პირები.
"ჩვენ უკვე ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გამოავლინოს ყველა რუსი სამხედრო, რომელიც მონაწილეობდა ამ დანაშაულებში. ეს იქნება ჩვენი სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობა ევროკავშირთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან, კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან“, - განაცხადა მან.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად რუსეთის სხვადასხვა ვერსიებისა, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ დამაჯერებელი მტკიცებულებები ექნება.
"მე ვიცი და თქვენც კარგად იცით, რას იტყვიან რუსეთის წარმომადგენლები, ამ დანაშაულებზე ბრალდების საპასუხოდ. მათ ეს არაერთხელ უთქვამთ. მხოლოდ საკუთარი ქმედებების გასამართლებლად, ყველას დაადანაშაულებენ. იტყვიან, რომ არის სხვადასხვა ვერსია, განსხვავებული ვერსიები, ვერსიები, რომლითაც შეუძლებელია იმის დადგენა, რომელია სიმართლე. ისინი კი იტყვიან, რომ დაღუპულთა ცხედრები თითქოს გადაყარეს და ყველა ვიდეო დადგმულია, მაგრამ ეს 2022 წელია. ახლა ჩვენ დამაჯერებელი მტკიცებულებები გვაქვს“, - განაცხადა ზელენსკიმ.