"ქოცები“ თავის მართლებას იმით იწყებენ, რომ ახლა ზელენსკი და უკრაინელი ხალხი კი არ მართავს უკრაინის მთავრობას, თურმე მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ უკრაინის დაზვერვის განცხადებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.
"პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ უკრაინიდან ჩართვისას ბარამიძემ აღნიშნა, რომ უკრაინის დაზვერვის განცხადება სერიოზულია და უკრაინულ მხარეს არ სცალია იმისთვის, რომ ტყუილად ისაუბროს.
„ქოცები“ თავის მართლებას იმით იწყებენ, რომ ახლა ზელენსკი და უკრაინელი ხალხი კი არ მართავს უკრაინის მთავრობას, თურმე მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ მართავს. უნდათ, რომ ამ აბსურდამდე მიიყვანონ ყველაფერი - თურმე იმიტომ ხდება ელჩის გაწვევა და მსგავსი ბრალდებებიც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ინტრიგებს ხლართავს. ამ ბოდვით არიან დაკავებულები და ვიღაცისთვის ეს არის საკმარისი საკენკი.
როდესაც ომში მყოფი ჩვენი მეგობარი, სტრატეგიული ქვეყნის დაზვერვა ამას ამბობს, სერიოზული ამბავია, ამათ ახლა არ სცხელათ იმისთვის, რომ ასეთი რაღაცები ტყუილუბრალოდ ილაპარაკონ“, - განაცხადა ბარამიძემ.
გიორგი ბარამიძემ ისაუბრა საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე უკრაინის მიმართ და განაცხადა, რომ საქართველო უკრაინას ისე არ უჭერს მხარს, როგორც საჭიროა.
"არავის უნდა უკვირდეს. უკრაინას გული სტკივა, რომ საქართველო არ უჭერს მხარს უკრაინას ისე, როგორც უნდა უჭირდეს. ერთი მხრივ, ამბობს, რომ თქვენკენ ვარო და მეორე მხრივ, იქვე საჯაროდ ამბობს, რომ იმ სანქციებს არ შეუერთდება საქართველო, რომელიც დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესა. რანაირი მხარდაჭერაა ეს? - ერთი მხრივ, ამბობს, რომ „მხარს გიჭერ“ და მეორე მხრივ, მოხალისეებს არ აძლევს საშუალებას, ჯარზე ხომ არ არის ლაპარაკი, რომ გამოფრინდნენ უკრაინაში ორგანიზებულად“, - აღნიშნა ბარამიძემ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან რუსეთის მსახურები, ქვეყნის მოღალატეები და პუტინის გეგმას ასრულებენ.“
ცნობისათვის, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.